ტიკარაძე: „საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი არ არსებობს“
27/02/2020 06:30:54 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე ახალი ტიპის კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი არ არსებობს.
როგორც მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველი ინფიცირებულის გამოვლენა დროულად მოხდა, რის გამოც ვირუსის გავრცელების რისკი შემცირდა.
"ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას. გვაქვს საკმარისი ადგილები, რათა უზრუნველვყოთ იმ მოქალაქეების კარანტინი, რომლებიც ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან. ასეთი ლოკაციები საქართველოში სხვადსხვა ადგილზე გვაქვს. ვზრუნავთ, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი პირობები. მობილიზებულია ასევე საავადმყოფოები, რომლებიც განლაგებულია როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში და არის რამდენიმე საავადმყოფო თბილისში. მე ვარწმუნებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართოდ გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრხე არაა. ჩვენ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“,- განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე ინფორმაციით, ინფექციური სააავადმყოფოდან 13 პაციენტი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
„გუშინ ღამით ინფექციური სააავადმყოფოდან იმ 13 პაციენტის გადაყვანა განხორციელდა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ არიან ინფეცირებულები. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი, აქედან 5 იტალიიდან ჩამოვიდა (1 იტალიის მოქალაქეა, 4 კი ქართველია), 5 - ირანიდან (1 არის ქართველი, დანარჩენები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები)“,- განაცხადა ტიკარაძემ.


