„დღეს ქვეყანა ბევრად უფრო მომზადებულია ინფექციებთან საბრძოლველად, ვიდრე ოდესმე“
26/02/2020 18:47:42 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღეს საქართველო ინფექციებთან საბრძოლველად ბევრად მეტადაა მზად, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ის მოუწოდებს მოქალაქეებს, პანიკას ნუ მიეცემიან და იხელმძღვანელონ ოფიციალური წყაროებით გაცემული ინფორმაციით.
„დიახ, ახალი ტიპის კორონავირუსი სერიოზულია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც მისი წინამორბედები. დიახ, მსოფლიოში გამოცხადებულია პანდემიისთვის მზადება – 36 ქვეყანაში დაფიქსირებულია შემთხვევები, ამიტომ ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო. ჩვენ ორი კვირის წინ ჩავატარეთ შესაბამისი სამაგიდო სავარჯიშო, სადაც ყველა უწყება იყო საკოორდინაცო საბჭოდან წარმოდგენილი და იქ გამოიკვეთა ქვეყნის მზაობის დონე, - რა დონეზე ვართ მზად, რა გამოწვევები გვაქვს, რა უნდა გამოვასწოროთ და ა.შ. დღეს ქვეყანა ბევრად უფრო მომზადებულია ინფექციებთან საბრძოლველად, მათ შორის – პანდემიურთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა დამოუკიდებლობის ისტორიაში. ვიყოთ მშვიდად, ნუ მივეცემით პანიკას და ვიხერლმძღვანელოთ ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, ვიქონიოთ კონტაქტი ოჯახის ექიმებთან, ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან“,– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის: დღეს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს 50 წლამდე ასაკის მოქალაქეს, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ვირუსის ნიშნები მებაჟეებმა შენიშნეს. ამ დროისთვის მოქალაქე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.


