Accentnews.ge
საქართველო რკინიგზის საკითხში რუსეთს ჰნებდება?

საქართველო რკინიგზის საკითხში რუსეთს ჰნებდება?

26/02/2020 10:56:12 პოლიტიკა, ანალიზი, ეკონომიკა

საქართველომ რუსეთს 2021 წლიდან სარკინიგზო ვაგონების რემონტისას კასეტურ საკისარზე გადასვლა შესთავაზა, – იუწყება რუსული გამოცემა „კომერსანტი“.

მისივე ინფორმაციით, 27 თებერვლისთვის დაგეგმილია სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს სავაგონე მეურნეობის კომისიის ვაგონების ექსპლუატაციის სამუშაო ჯგუფის სხდომა.

ცნობისთვის: ეს საბჭო აერთიანებს იმ ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციებს, რომლებსაც სარკინიგზო ლიანდაგის რუსეთის მსგავსი – 1520 მმ–იანი სიგანე გააჩნიათ. 2019 წელს საბჭომ ყველა ვაგონის კასეტურ საკისარებზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამას აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ მოძრავი შემადგენლობების მფლობელები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება 200–300 მლრდ რუბლის ოდენობის ზარალს უქადდათ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ინიციატივა მაშინ მაინც დამტკიცდა, თუმცა იმჟამინდელმა ვიცე–პრემიერებმა მაკსიმ აკიმოვმა და დიმიტრი კოზაკმა მისი განხორციელება ერთბაშად შეაჩერეს.

საბჭოს წინა სხდომაზე საქართველო ერთ–ერთი იყო იმ 4 ქვეყანას შორის, რომლებიც კასეტურ საკისარებზე გადასვლას ეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა დანარჩენი სამი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველო აპროტესტებდა არა საკისარის შეცვლას, არამედ დოკუმენტში სამხრეთ კავკასიური რკინიგზის დავალიანების არასახვას.

საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დირექტორმა გურამ გურამიშვილმა განუცხადა „კომერსანტს“, რომ „ჯერაც დაუსრულებელი სამუშაო პროცესის კომენტირებას არაკორექტულად მიიჩნევს“.

სარკინიგზო ტრანსპორტის სპეციალისტი დათო გოჩავა კი „აქცენტთან“ საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურა მთლიანად მორგებულია გორგოლაჭებიანი საკისარების ექსპლუატაციაზე და ვაგონების რემონტის საკითხს ქვეყანა დამოუკიდებლად უზრუნველყოფს. აი, კასეტურ საკისარებზე გადასვლის შემთხვევაში კი საქართველოს რკინიგზა სრულად გახდება დამოკიდებული რუსეთის რკინიგზაზე:

„რუსეთმა მოინდომა სატვირთო ვაგონების კასეტურ საკისარებზე გადაყვანა. მოკლედ რომ განვმარტოთ, ვაგონის ურიკას აქვს მოწყობილობა, რომლის გარეშეც ის ვერ იმოძრავებს. რუსეთს სურს, ეს მოწყობილობა შეცვალოს და ყველა სატვირთო ვაგონი მასზე გადაიყვანოს. ეს მოწყობილობა ხანგამძლეა, ექსპლუატაციაში ნაკლები უჯდება ვაგონების მფლობელს, მაგრამ ის მხოლოდ რუსეთში მზადდება. არც საწარმო, არც საამქრო და არც სპეციალისტები არც ჩვენ და არც ერთ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანას არ გვყავს. რუსეთი ეშმაკობს: პოსტსაბჭოთა ქვეყნების რკინიგზებს ყოველგვარი ზედმეტი ზეწოლის გარეშე რუსეთის რკინიგზაზე ხდის მიბმულს. შედეგად საქართველოს რკინიგზა იმ მცირე დამოუკიდებლობის ხარისხსაც დაკარგავს, რაც ჯერ კიდევ გვაქვს“.

მისივე თქმით, ინიციატივას თავად რუსულმა ბიზნესმა –გორგოლაჭებიანი საკისარების მწარმოებლებმა გაუწიეს წინააღმდეგობა.

გოჩავა საქართველოს მიერ პოზიციის ცვლილებას რუსეთში მიმდინარე პროცესების შესახებ არასათანადო ინფორმირებას უკავშირებს:

„გასული წლის სექტემბერში ყაზახეთი, უკრაინა, უზბეკეთი და საქართველო ამ ცვლილების წინააღმდეგ წავიდნენ. ყაზახეთმა, უკრაინამ, უზბეკეთმა სპეციალურ პროტოკოლში ახსნეს საკუთარი პოზიცია, საქართველომ – ვერა: მისი განმარტება პროტოკოლში არ წერია. წერია სხვა რამ, რაც ამ საკითხს არ ეხება. და მოულოდნელად, ახალი წლის დღეებში საქართველო გამოვიდა ინიციატივით, კასეტურ საკისარებზე ფორსირებული გადასვლის თაობაზე საკითხის სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოზე გატანის შესახებ. ახლა სხდომა იმართება. ვფიქრობ, ისინი თვალს არ ადევნებდნენ რუსეთში მიმდინარე პროცესს, რადგან, წყაროს ცნობით, „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები ჩავიდნენ თუ არა მოსკოვში, საქართველოს პოზიცია შეიცვალა. საინტერესო იქნება, თუ როგორ ახსნიან ისინი ამ საკითხის კვლავ გააქტიურებას და იმას, თუ რამ აიძულა „საქართველოს რკინიგზა“, თხოვნით მიემართა საბჭოსთვის, კასეტურ საკისარებზე ფორსირებული გადასვლის შესახებ პუნქტი შეეტანათ კომისიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის სხდომის დღის წესრიგში“.

დასასრულს – კიდევ ერთი სიახლე, რომელმაც დღეს გაიჟღერა: ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, “საქართველოს რკინიგზის პრივატიზაცია შესაძლებელია და ამ მიმართულებით მთავრობამ შეიძლება, იფიქროს”.

“არსებობს ევროკავშირის ქვეყნების მაგალითები, როდესაც ლიანდაგი და ძირითადი ინფრასტრუქტურა რჩება სახელმწიფოს კონტროლსქვეშ და გადაზიდვები არის კომერციალიზებული. 1990-იან წლებში, როდესაც ლიბერალური ფრთის ეკონომისტებს ეკითხებოდნენ, რას ურჩევთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის რუსეთსო, პასუხობდნენ, "სამ რამეს ვურჩევთ: „პრივატიზაციას, პრივატიზაციას, პრივატიზაციას!“. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ათწლეულების განმავლობაში ამ სიტყვას უარყოფითი ელფერი მიეცა და მთავრობებს ეშინიათ კიდეც. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ფრთხილობენ, რადგან ეს სტრატეგიული ობიექტია. თუმცა ამ მიმართულებით ფიქრი შეიძლება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ და დასძინა, რომ „ეს არა მარტო შეიძლება, ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ კიდეც“.

თუმცა მოგვიანებით მაჭავარიანის კოლეგა - ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ირწმუნებოდა, რომ საქართველოს რკინიგზის პრივატიზება არ იგეგმება და „რაზეც ფინანსთა მინისტმა ისაუბრა, ეს არის რეფორმა, რესტრუქტურიზაცია, რომელიც საერთაშორისო რკინიგზასთან მიმართებაში აუცილებლად უნდა გატარდეს“:

"რკინიგზის პრივატიზებას მთავრობა არ გეგმავს, არ განიხილება მსგავსი რამ. რაზეც იყო საუბარი ფინანსთა მინისტრის მხრიდან, ეს არის ძირითადად რეფორმა, რესტრუქტურიზაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს საერთაშორისო რკინიგზასთან მიმართებაში. მსგავსი ინფრასტრუქტურული საწარმოების და რკინიგზის ევროპული მოდელი ითვალისწინებს გარკვეულ რეფორმას შიგნით, რესტრუქტურიზაციას, როდესაც ინფრასტრუქტურა არის ცალკე გამოყოფილი და სარკინიგზო სერვისები - ცალკე. მხოლოდ ამაზე იყო საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ვგეგმავთ რკინიგზის პრივატიზებას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S