თბილისის აეროპორტში ჩინეთიდან ევაკუირებულ 34 მოქალაქეს ელოდებიან
21/02/2020 15:56:11 საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთიდან ევაკუირებულ 34 მოქალაქეს ელოდებიან.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ევაკუირებულ მოქალაქეებს, რომლებიც ჩინეთში, სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებოდნენ, აეროპორტში ეპიდემოილოგებისა და ექიმებისგან შემდგარი ბრიგადა დახვდებათ.
„ამ მოქალაქეებს წინასწარი შემოწმება ჯერ კიდევ ჩინეთიდან გამოფრენამდე აქვთ გავლილი. ამ წუთის მდგომარეობით, არც ერთ მათგანს არ უფიქსირდება კორნავირუსის არანაირი ნიშანი, თუმცა სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ მათ მდგომარეობას შევაფასებთ, გათვალისწინებულია კარანტინის გავლა ისევე, როგორც ეს მოხდა სხვა მოქალაქეების შემთხვევაში. მაშინ კარანტინის ადგილი თურქეთი და საფრანგეთი იყო. ამჟამად ეს იქნება სასტუმრო ტიპის კომპლექსში, რომელიც საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს“,– აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
კარანტინის პერიოდი ორ კვირას მოიცავს.
ცნობისთვის: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
უწყების ცნობით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.


