
ევროპულმა საბჭომ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო
16/12/2024 16:23:21 პოლიტიკა
ევროპულმა საბჭომ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისია უკვე წელსვე ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადებას წარადგენს.
"საქართველოს მოსახლეობისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება. დემოკრატიები არ ახშობენ ოპოზიციის ხმებს და არ ზღუდავენ მედიის თავისუფლებას. საპასუხოდ, ჩვენ დავაქვეითეთ პოლიტიკური კონტაქტების დონე და შევწყვიტეთ საქართველოს მთავრობის დაფინანსება. დღეს ჩვენ შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე და ევროკომისია წინადადებას უკვე წელს წარადგენს. ასევე განვიხილეთ საქართველოს მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან. ასევე გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას, მათ შორის დაფინანსების გადამისამართებით ხელისუფლებიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე, საქართველოს მოსახლეობასა და დამოუკიდებელ მედიაზე. იმიტომ, რომ საქართველოს მომავალი, მისი ხალხისთვისაა და საქართველოს მოსახლეობის [...] გადასაწყვეტია, როგორი იქნება ის", აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
"რადიო თავისუფლების" ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილი ემხრობოდა სანქციების დაწესებას "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის. თუმცა ამის წინააღმდეგი არიან უნგრეთი და სლოვაკეთი.
ვინ ფლობს საქართველოში დიპლომატიურ პასპორტს
2015 წლის 20 აპრილით დათარიღებული მთავრობის დადგენილების თანახმად, დიპლომატიური პასპორტის ქონის უფლების პირთა ჩამონათვალი ასეთია:
- საქართველოს პრეზიდენტი, მისი მეუღლე;
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მეუღლე;
- საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
- საქართველოს პარლამენტის წევრები;
- ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე
- საქართველოს მინისტრები და საქართველოს სახელმწიფო მინისტრები, მათი პირველი მოადგილეები და მოადგილეები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლე;
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილეები;“.
- საქართველოს გენერალური პროკურორი;
- სახელმწიფო ინსპექტორი;“.
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი - გენერალური აუდიტორი;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;“;
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი;
- საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების აპარატების უფროსები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი და მისი მოადგილე;“;
- საქართველოს სახალხო დამცველი;
- საგადასახადო ომბუდსმენი;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
- საქართველოს უზენაესი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების წევრები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები, საქართველოს სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები;
- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და თანაშემწეები, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი და ამავე დეპარტამენტის მოხელეები;
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის საჯარო მოსამსახურეები;“.
- საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი და მის მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების აპარატების უფროსები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის უფროსი და მისი მოადგილე;
- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ქორეპისკოპოსი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი და საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის „მომლოცველთა სამსახურის“ დეპარტამენტის თავმჯდომარე;
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი;
- ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოების წევრები;
- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;
- საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური;“.
- საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფი თანამშრომლები, საქართველოს საპატიო კონსულები, დიპლომატიური კურიერები, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი და მეკავშირე პროკურორის დამხმარე, თავდაცვის ატაშეები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომერციული ატაშეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეები და მეკავშირე ოფიცრები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების ატაშეები და მეკავშირე ოფიცრები, როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული ზემოაღნიშნული პირების (გარდა საქართველოს საპატიო კონსულებისა და დიპლომატიური კურიერებისა) მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი პირები;“.
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 15 თანამშრომელი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის არა უმეტეს 30 თანამშრომელი, შესაბამისი უწყების წარდგინების საფუძველზე;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 50 თანამშრომელი;
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის არაუმეტეს 50 თანამშრომელი;“
- სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
- უცხოეთის სახელმწიფოებში, ან საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელით მომუშავე პირები, რომელთაც აქვთ დიპლომატიური სტატუსი, ხოლო, თუ ეს პირები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას ცხოვრობენ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათი მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი პირები, აგრეთვე, საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სახელით დანიშნული მოსამართლეები;
- ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები;
- უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირები, რომლებიც არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსამსახურეები.
- საქართველოს ბიზნესომბუდსმენი
- უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირები, რომლებიც არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები.“
ცნობისთვის: 9 დეკემბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბოლო 12 დღის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები საჭიროებს სანქციების დაწესებას ევროკავშირისაგან. ევროკავშირის შესაძლო პასუხებს შორის მან დაასახელა უვიზო რეჟიმის შეჩერება „კონკრეტული კატეგორიის პასპორტებისათვის“ და პერსონალური სანქციების დაწესება „ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის კონსენსუსის შემთხვევაში“.
მე–19 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.
აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.
11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.