30-11-2024 04:24:46 საზოგადოება
ტელეკომპანია “რუსთავი 2” ორმა ჟურნალისტმა, მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვა, – იუწყება "რადიო თავისუფლება".
გამოცემას ეს გადაწყვეტილება დაუდასტურა თავად მარიამ ჯანელიძემ, ის ბექა პატურაშვილის მეუღლეცაა.
მარიამ ჯანელიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას შეაჩეროს ევროინტეგრაცია და ბოლო ორი ღამის განმავლობაში პოლიციის ძალადობას საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე.
ჯანელიძის თქმით, არხის დატოვებას ის და ბექა პატურაშვილი დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.
“ჩვენი შეხედულებების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება… ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე”, — თქვა ჯანელიძემ და "რადიო თავისუფლების" კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების დღის წესრიგიდან მოხსნას, მან უპასუხა:
“კი, კი, რა თქმა უნდა… იქიდან გამომდინარე რაც ქუჩაში ხდება. ჩვენს კოლეგებზე თავდასხმისა და მიმდინარე ამბების გამო”. ჯანელიძის თქმით, მათსა და “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობას შორის არხის დატოვებასთან დაკავშირებით “ადეკვატური კომუნიკაცია შედგა”.