"შემთხვევითი არ არის, რომ სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს საქართველოში არ არის"

15-02-2020 16:08:43 საზოგადოება

ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ ინება საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. შემთხვევითი არ არის რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს საქართველოში არ არის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს მირქმის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღესასწაული აღდგომის ტოლია.

„ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, მირქმას, ეს არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ წმინდა მამები ამბობენ, აღდგომის ტოლია. აღდგომა სულიერი აღდგომაა. მოგმადლოთ უფალმა. დღეს არის შეხვედრა ძველისა და ახლისა აღთქმისა, დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყოს თქვენთანა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებული შევხვდეთ მაცხოვრის მეორედ მოსვლას. საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს საქართველოში არ არის. მადლობა და დიდება უფალს. დაგლოცავთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელი მსოფლიოს“, – აღნიშნა პატრიარქმა.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 1486-მდე გაიზარდა.

უკანასკნელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით სულ 64,000 ადამიანია ინფიცირებული.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის გარდა, "COVID-19" მსოფლიოს 25–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.

ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები