თამაში ზღვარზე: რა საფასურს იხდის საქართველოს მოსახლეობა?

14-02-2020 20:15:46 საგარეო პოლიტიკა ,ანალიზი

საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკამ აშშ–დან უკვე ევროპის კონტინენტზეც გადმოინაცვლა: ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ წერილები მიიღო გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებიდან, თუმცა მთავრობის ადმინისტრაცია მათ შინაარსს არ ასაჯაროებს; კრიტიკული განცხადებები არ დაუშურებიათ ევროპარლამენტარებს სტრასბურგში, სადაც „ქართული ოცნების“ დელეგაცია ვიზიტით იმყოფებოდა და უკვე სახეზეა პირველი შედეგებიც: ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის შექმნის ისტორიაში პირველად, სხდომაზე ერთობლივი განცხადება ვერ მიიღეს. ევროპარლამენტარების შენიშნვები „ქართული ოცნების“ წევრებმა ჩააგდეს, ხოლო „ქართული ოცნებისა“ – ევროპარლამენტარებმა.

„ძალიან გაბრაზებული ვარ“,– განაცხადა სხდომის შემდეგ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ და დასძინა, რომ მიუხედავად არაერთი დისკუსიისა, მმარველი გუნდის დელეგაციას „ვერაფერი გააგებინეს“:

„სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ რეზოლუციის [„ქართულიოცნების“ მიერმომზადებული ვარიანტის] სამუშაო ვერსია ძალიან სუსტი იყო და არ გამოხატავდა საქართველოში არსებულ ვითარებას. მასში შესწორებები ძალიან ბევრმა ევროპარლამენტარმა შევიტანეთ. ჩვენ უფროდაბალანსებული ტექსტი გვსურდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ქართული დელეგაციის უმრავლესობაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა ყველა შესწორება და ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამდენი ოფიციალური და არაოფიციალური დისკუსიის მიუხედავად, ვერაფრით გავაგებინეთ, რა ვითარებაა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილისადმი ჩემი გზავნილი უცვლელია: ის არის პასუხისმგებელი ვითარებაზე და, სამწუხაროდ, ის აზიანებს ევროპულ გზას”.

იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლებისადმი განწყობები შეცვლილია, ისაუბრეს „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა, დეპუტატებმა ზვიად კვაჭანტირაძემ და თამარ ხულორდავამ, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ ხსენებული კომიტეტის სხდომას.

„მე კომიტეტის თანათავმჯდომარე ასოცირების კომიტეტის დაარსების დღიდან ვიყავი და მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან მსგავსი მწვავე კრიტიკა დღემდე არ მომისმენია, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკა ხელისუფლების საქმიანობას ყოველთვის ახლდა, განსაკუთრებით- პირველ წლებში მედიათავისუფლების საკითხებზე და ა.შ. თანათავმჯდომარის გამოსვლა თავიდანვე იყო ძალიან კრიტიკული. მან შეაფასა, როგორც დადებითი მხარეები, რაც ეხება ასოცირების შეთანხმების გარკვეული ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ უმეტესი დრო დაუთმო ხელისუფლების კრიტიკას, განსაკუთრებით- ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო. გამოსვლიდან იკითხებოდა, რომ ჩვენი კოლეგები უპირველესად პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ“,– განაცხადა კვაჭანტირაძემ.

როგორც ჩანს, ამ განწყობებს ვერც „ქართული ოცნების“ წევრმა გუგული მაღაძემ უშველა, რომელიც, როგორც თავად თქვა, „ფსიქოლოგიური ეფექტის“ გადასაფარად კადრებით შეიარაღებული ეწვია სტრასბურგს. როგორც ჩანს, პარტნიორები უფრო მეტს ითხოვენ, ვიდრე „ცნობიერების ამაღლების“ მცდელობაა და რა უნდა იყოს ეს? უნდა ვივარაუდოთ, რომ არა დაპირებები, რომელიც, როგორც ქარულმა რეალობამ აჩვენა, ოთხ თვესაც ვერ უძლებს (ვგულისხმობ პროპორციული სისტემის შესახებ დაპირების ჩაგდებას), არამედ ქმედებები. ეს იკითხება კიდეც ევროპარლამენტის ჩეხი დეპუტატის მარკეტა გრეგოროვას კომენტარში:

“ჩავაგდეთ საქართველოსა და ევროკაშირის საპარლამენტო შეხვედრის საბოლოო განცხადება. ეს არ არის სიგნალი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე. ეს სიგნალია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ ვხედავთ უთანხმოებებს და მათ სერიოზულად ვეკიდებით”.

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე არ მიიჩნევს, რომ ასოცირების კომიტეტის ერთობლივ განცხადებაზე შეუთანხმებლობა დამაზიანებელი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის, მაგრამ თვლის, რომ ხელისშემშლელი იქნება ის კრიტიკული შეფასებები, რომელიც ევროპარლამენტში არსებობს:

“ასოცირების კომიტეტის განცხადება არის ორმხრივი დოკუმენტი და ორივე მხარე უნდა შეჯერდეს იმ შეფასებებზე, რომელიც ამ დოკუმენტში იქნება ჩადებული. როგორც ჩანს, მხარეები ვერ შეთანხმდნენ შეფასებებზე და სხვადასხვაგვარად აფასებენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ალტერნატიული გზა არის, ცალ-ცალკე გაკეთდეს განცხადებები. ევროპარლამენტს ისიც შეუძლია, რომ რეზოლუცია მიიღოს საქართველოსთან დაკავშირებით და, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, მზადდება კიდეც ეს რეზოლუცია. ვინაიდან ევროპარლამენტის რეზოლუცია ცალმხრივი დოკუმენტია და ორივე მხრიდან თანხმობა არ სჭირდება, ისინი შეფასებებში სავარაუდოდ, თავისუფლები იქნებიან და შესაბამისად, უფრო მკაცრები, ვიდრე შეიძლებოდა, ყოფილიყვნენ ასოცირების კომიტეტის დოკუმენტში”.

და რას უპირისპირებს მმართველი გუნდი მზარდ კრიტიკას?

- ემოციურ შანტაჟს, - „ოპოზიცია საერთაშორისო არენაზე ებრძვის საქართველოს და არა „ქართულ ოცნებას“, თუმცა უპერსპექტივოდო“, ანუ იმ ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის სხვებისთვის დაკისრებას, რომელთა გამოც პარტნიორები მათ აკრიტიკებენ;

- ევროპარლამენტარებს სთავაზობენ ფაქტების დამდგენი კომისიის შექმნას, რომელიც „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქმეს შეისწავლის. თუმცა ხარვეზის დადგენის შემთხვევაში რა მოხდება, არ ვიცით;

- აშშ–ში კი საქართველოს საბიუჯეტო სახსრებით პარტია ქირაობს ლობისტურ ჯგუფებს. გვარწმუნებენ, საბიუჯეტო სახსრებს ქვეყნის ინტერესებს ვახმართ და არა პარტიასო, მაგრამ კონტრაქტებს უშუალოდ პარტია აფორმებს, ხოლო ლობისტებმა თავად პარტიას უნდა გაუწიონ ლობირება.

კრიტიკოსების შეფასებით, „ქართული ოცნება“ ხანძრის შენელებით, კრიზისის გადაგორებით, დროის მოგებითაა დაკავებული. ამ კონტექსტში სახელდება „ფაქტების დამდგენი კომისიაც“. თუმცა ევროპისსაბჭოში საქართველოს დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ხსენებული კომისიის შექმნის პერსპექტივით არაა დაიმედებული. იგი კოლეგებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკას ახსენებს:

„უმრავლესობის ადგილას, ასე ომახიანად არ მოვიწვევდი ამ კომისიას, რადგან ისინი კარგს არაფერს აღმოაჩენენ: კომისია ნახავს, რომ ადამიანი, რომელმაც ხელახლა მოითხოვა გიგი უგულავას დაკავება პროკურორის რანგში, ამ საქმეს შემდეგ მოსამართლის რანგში დახვდა და ისე მიიღო გადაწყვეტილება,ისე დაუმატა სასჯელი, რომ თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალებაც არ მისცა დაცვას. და ეს უკვე არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ სხვა საქმეებში დადგენილი, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა“.

ევროპარლამენტში გადადებული კრიტიკის და ასოცირების კომიტეტზე განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოში ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული უმნიშვნელოვანესი შედეგის – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეზეც ალაპარაკდნენ. ეს კი ნამდვილად მნიშვნელოვანი, ხელშესახები დარტყმა იქნება არა მხოლოდ უშუალოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კარიერისთვის, არამედ თითოეული მოქალაქისთვის და მთლიანად ქვეყნისათვის.

„ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა, პოზიციებს შორის იმხელა უფრსკრული ყოფილიყო, რომ შეუძლებელი გამხდარიყო განცხადების მიღება. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და ბოლოს ფასის გადახდა მოუწევს არა ერთ პოლიტიკურ ძალას, არამედ ქვეყანას. ამ რისკებში შესვლა დაუშვებელია“,– ამბობს ჩუგოშვილი.

პრობლემებს უშუალოდ ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში - არა, მაგრამ ევროკავშირთან ურთიერთობების გარღრმავების კუთხით ხედავს ანალირიკოსი კახა გოგოლაშვილი.მისი შეფასებით, ის, რაც გუშინ მოხდა, ტენდენციის სახეს იღებს, ხოლო დელეგაციების წარგზავნამ საკუთარი რესურსი ამოწურა.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა და ეს გვიჩვენებს, რომ ნამდვილად დადგა რაღაც ცვლილებების დრო: პოლიტიკური ქცევის, მანერის, მეთოდის, მიდგომების, თუ არ ვიცი, რა დავარქვათ... ის, რომ „ჩვენ დელეგაციას გავაგზავნით“,„ინფორმირებულები არ არიანო“ და ა.შ. - აღარ მუშაობს. საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და დაშვებული შეცდომების გამოსწორება: სასამართლო და საარჩევნო სისტემის საკითხები დროულადაა გადასაჭრელი. არ ველი, რომ ევროპარლამენტარები საქართველოსთან ურთიერთობებს შეწყვეტენ, მაგრამ არის საშიშროება, ხელშესახები პროგრესი არ იყოს და არსებული შესაძლებლობები აღარ იქნას განვითარებული.რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, მას თავისი პირობები აქვს და არაა დაკავშირებული მსგავსი სახის პოლიტიკურ ნაკლოვანებებთან, რის შესახებაც ისმის კრიტიკა. მოლდოვაშიც არ არის უკეთესი ვითარება, უკრაინასთან მიმართებაშიც ბევრი კრიტიკა იყო, მაგრამ ვიზალიბერალიზაცია არ შეუჩერებიათ. ვიზალიბერალიზაცია ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში არაა დაცული ვიზალიბერალიზაციის გეგმით გათვალისწინებული პირობები“,– ამბობს ანალიტიკოსი.

ახალი ამბები