„ქართული ოცნების“ დელეგაციის ძირითადი მესიჯები განმაცვიფრებელი იყო ევროპელი კოლეგებისთვის“

13-02-2020 02:03:38 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ დღეს ევროპარლამენტში საქართველოს მისამართით უმწვავესი კრიტიკა ისმოდა.

„მე კომიტეტის თანათავმჯდომარე ვიყავი ასოცირების კომიტეტის დაარსების დღიდან და მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მსგავსი მწვავე კრიტიკა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან დღემდე არ მომისმენია, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკა ხელისუფლების საქმიანობას ყოველთვის ახლდა, განსაკუთრებით პირველ წლებში მედიათავისუფლების საკითხებზე და ა.შ. დღეს თანათავმჯდომარის გამოსვლა თავიდანვე იყო ძალიან კრიტიკული. მან შეაფასა როგორც დადებითი მხარეები, რაც ეხება ასოცირების შეთანხმების გარკვეული ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ უმეტესი დრო დაუთმო ხელისუფლების კრიტიკას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო. გამოსვლიდან იკითხებოდა, რომ ჩვენი კოლეგები უპირველესად პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ეს კრიტიკა არის გამოხატული იმ შენიშვნებსა და დამატებებში, რომელიც კომიტეტის საბოლოო რეკომენდაციებში იქნება წარმოდგენილი და რომელზედაც კომიტეტი მუშაობას ხვალ გააგრძელებს. რიგშია ძალიან მწვავე შესწორებები და ამაზე ხვალ იქნება მსჯელობა და კენჭისყრა. მსგავსი კრიტიკული განცხადებები და რეკომენდაციები ამ დრომდე ჩატარებულ რვა ერთობლივ კომიტეტს არასდროს მიუღია“,– განაცხადა კვაჭანტირაძემ.

მისივე თქმით, საპასუხოდ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები „განმაცვიფრებელი მესიჯით“ წარსდგნენ:

„ისინი [მმართველი გუნდის დელეგაცია] საკმაოდ მომზადებულები იყვნენ, თუმცა ძირითადი მესიჯები, რომელიც სავარაუდოდ, „მესიჯბოქსით“ შეიქმნა, საკმაოდ განმაცვიფრებელი იყო ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის, მათ შორის კომიტეტის თანათავმჯდომარისთვის. ძირითადი მესიჯი იყო ის, რომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა მიიღეს საქართველოში დაპატიჟება ე.წ. ფატქების დამდგენი მისიის განსახორციელებლად. ვისაც ამ ტერმინის მნიშვნელობა ესმის, მათ იციან, რომ მსგავსი მისიის შექმნის მოთხოვნით ოპოზიციონერები გამოდიანხოლმე. არ მახსენდება ფაქტი, რომ ევროკავშირს ჩვენი ურთიერთობების ნებისმიერ ეტაპზე მსგავსი წინადადება მიეღოს საქართველოდან, თუნდაც ოპოზიციის მხრიდან, არათუ ხელისუფლების. ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც მსგავსი მისია იგზავნება ქვეყანაში, იქ საქმე კაგად არ არის. ხელისუფლება ამით პრაქტიკულად ადასტურებს, რომ იმ მიმართულებით, რაზეც დაპატიჟება გაისმა, საქმე ქვეყანაში მართლაც სავალალოდაა. არ ვიცი, ვის მოუვიდა ტვინში ასეთი „გენიალური“ წინადადების გაკეთება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები