"არ შეიძლება, ასეთი დარტყმის ქვეშ დააყენო ქართული მართლმსაჯულება"

13-02-2020 00:24:43 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, "კონსერვატორი" ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ "ევროპული საქარტველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავასთვის გამოტანილი განაჩენით მართლმსაჯულების სისტემა დარტყმის ქვეშ დადგა.

"არ შეიძლება, ასეთი დარტყმის ქვეშ დააყენო ქართული მართლმსაჯულება. როდესაც შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის რანგში წაუყენებს ბრალდებას პირს და შემდეგ თვითონ მოსამართლის რანგში განაჩენს გამოიტანს ეს არის ცალსახად, რომ მოსამართლე და სასამართლო არის მიკერძოებული და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეუძლებელია პროცესუალური ნორმის დარღვევად არ ჩაითვალოს", — თქვა ზვიად ძიძიგურმა.

მისივე თქმით, გასაგებია ოპოზიციის არგუმენტი, რის გამოც მან მოლაპარაკებები შეწყვიტა ხელისუფლებასთან.

ცნობისთვის: "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირმა, რიგმა ევროპარლამენტარებმა, საელჩოებმა და სხვადსხვა ქვეყნის საგარეო უწყებებმა შეშფოთება გამოთქვეს.

მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი ჩაიშალა.

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.

ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

განაჩენის შემდეგ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან საარცევნო სისტემაზე დიალოგი შეწყვიტა.

Новости

Другие новости