
ბაიდენმა და ტრამპმა, მათ შორის უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთზე ისაუბრეს
14/11/2024 06:11:50 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრეს.
თეთრი სახლის პრეს–მდივნის კარინ ჟან-პიერის ინფორმაციით, ორსაათიან შეხვედრაზე განიხილებოდა აშშ-ის შიდა პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები.
შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა გამოცემა The New York Post-ს განუცხადა, რომ ჯო ბაიდენთან ისაუბრა, მათ შორის უკრაინაში ომსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციაზე.
ტრამპის თქმით, აინტერესებდა, რას ფიქრობს ბაიდენი ამ საკითხებზე და მან თავისი მოსაზრებები გაუზიარა. არჩეულ პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
უკრაინა თითქმის სამი წელია, რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრით გამოწვეულ ომშია. წელიწადზე მეტია, ისრაელი ღაზას სექტორსა და ლიბანში ომს აწარმოებს აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული და ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰამასის" და "ჰეზბოლას" წინააღმდეგ.
ბაიდენის და ტრამპის შეხვედრა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაუფლების გადაცემის ტრადიციული პროცედურის ფარგლებში გაიმართა.