
რა წერია გაფართოების შესახებ ანგარიშში ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 პრიორიტეტის შესრულებაზე
30/10/2024 18:31:13 პოლიტიკა
ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, თუ საქართველო კურსს არ შეცვლის, ევროკომისია ვერ გასცემს რეკომენდაციას, განიხილონ მოლაპარაკებების დაწყება.
რაც შეეხება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 პრიორიტეტს, რომელთა შესრულებაც შემდეგ ეტაპზე გადასვლის, ანუ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის წინაპირობა იყო, ევროკომისია აღნიშნავს, რომ 9 პრიორიტეტის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს „უმნიშვნელო პროგრესი“ აქვს.
რა წერია ანგარშში 9 პრიორიტეტის შესრულებაზე
- ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და [უცხოურ] ჩარევასთან ბრძოლა;
2023 წლის დეკემბერში მთავრობამ მიიღო 2024-2027 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია და 2024 წლის მაისში მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, რომელიც ფოკუსირებულია ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მედიაწიგნიერების ამაღლებაზე, დეზინფორმაციის გამოვლენასა და მონიტორინგზე და სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემის განახლებაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა სტრატკომმა და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა ქვეყნის მასშტაბით აწარმოა საინფორმაციო კამპანიები და ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა აქტივობები. ადგილობრივმა ანალიტიკურმა ცენტრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ფაქტების შემმოწმებელმა და საგამოძიებო გამოცემებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, მაგრამ ამ სფეროში არ ყოფილა დიალოგი და კოორდინაცია.
გაიზარდა ევროკავშირთან დაკავშირებული ინფორმაციით მანიპულირება. კერძოდ, 2024 წლის აპრილში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახალი წარდგენის შემდეგ, ევროკავშირის საწინააღმდეგო მკაცრი გზავნილები ვრცელდებოდა მმართველი პარტიის ოფიციალური პირებისა და დეპუტატების მიერ. საპარლამენტო არჩევნებამდე, დეზინფორმაციული ნარატივები ვრცელდებოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და მთავრობასთან დაკავშირებული მედიების მიერ.
2. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება;
"საანგარიშო პერიოდის დასრულებისთვის, საქართველოს შესაბამისობა საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკავშირის შესაბამის გადაწყვეტილებებთან იყო 49%. საქართველო არ შეუერთდა ირანის, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების უმეტესობას და კიდევ უფრო გაზარდა პირდაპირი ფრენები რუსეთთან.
საქართველომ კვლავ განაგრძო ევროკავშირთან თანამშრომლობა სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად, ამავდროულად, მიიღო ახალი კანონი, რომელიც ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადატანის საშუალებას გადასახადის გარეშე იძლევა.
საანგარიშო პერიოდში საქართველო კვლავ უერთდებოდა უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო და ევროპულ ინიციატივებს, მათ შორის გაეროს გენერალური ასამბლეის, ადამიანის უფლებათა საბჭოს, ევროპის საბჭოსა და ეუთოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს.
3. პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებით ბრძოლა - მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
პოლიტიკური პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაღრმავდა, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ "კანონის მიღების კვალდაკვალ. პარტიების თანამშრომლობა ევროკავშირთან დაკავშირებულ რეფორმებზე ძალიან შეზღუდული იყო, ხოლო შესაბამისი კანონმდებლობა და დანიშვნათა უმრავლესობა ოპოზიციის ჩართულობს გარეშე განხორციელდა. პარლამენტმა არ უზრუნველყო სამოქალაქო საზოგადოების საკმარისი ჩართულობა საკანონმდებლო პროცესში. გაგრძელდა საპარლამენტო უმრავლესობის მუქარები ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ“.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ირგვლივ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ოპოზიციური პარტიების რამდენიმე საკვანძო ფიგურა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი სიტყვიერი დაშინებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფის სამიზნე გახდნენ. 23 აგვისტოს მმართველმა პარტიამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების უმეტესობის აკრძალვის გეგმა გამოაცხადა. პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობა საანგარიშო პერიოდში კიდევ უფრო გაუარესდა, პრეზიდენტმა ვეტო დაადო მთელ რიგ კანონებს, რომლებიც მან შეაფასა, როგორც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული და საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ.
4. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს - და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე;
2024 წლის თებერვალში მთავრობამ მოიწვია OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ჩაატარა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, დაფარავდა ამომრჩეველთა 90%-ს და ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების დაახლოებით 70%-ზე გამოიყენებოდა.
მარტში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც უგულებელყოფდა ვენეციის კომისიის და OSCE/ODIHR-ის გრძელვადიან რეკომენდაციებს. ცვლილებებით, შესაძლებელი გახდა ცესკოს თავმჯდომარის და არაპარტიული წევრების მარტივი უმრავლესობით დანიშვნა, რაც არ ითვალისწინებს სხვა ინსიტუტების, მათ შორის პრეზიდენტის ჩართულობას. ვენეციის კომისიის და OSCE/ODIHR-ის წინა რეკომენდაციებზე ბოლომდე რეაგირება კვლავ არ მოხდა, ეს მოიცავდა საარჩევნო ოლქების დელიმიტაციას, მედია კამპანიის რეგულაციების ცვლილებას და ამომრჩეველთა დაშინების საწინააღმდეგო პრევენციულ ზომებს. 2024 წლის მაისში ოპოზიციასთან წინასწარი ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე მიღებულმა საარჩევნო კოდექსში შეტანილმა შემდგომმა ცვლილებებმა გააუქმა სახალხო დამცველისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი. იმავე თვეში პარლამენტმა კენჭი უყარა საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების გაუქმებას, რომელიც მანამდე 2032 წლამდე იყო გახანგრძლივებული. 16 აგვისტოს ცესკომ მიიღო დადგენილება, რომელიც ავალდებულებს წილისყრით კომისიის წევრების ფუნქციების განაწილებას. კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა უნდა ჩატარდეს კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა, ნაცვლად კენჭისყრის დღისა.
OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, გამოვლინდა რამდენიმე ხარვეზი დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში. ხარვეზებში მათ შორის შედის: უახლესი ცვლილებები საარჩევნო პროცესის კანონმდებლობაში, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი დარღვევა, პროცედურული არათანმიმდევრულობა და ამომრჩეველზე ზეწოლა და დაშინება, რასაც ნეგატიური გავლენა ჰქონდა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე“. ეს წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაც უკვე იყო ხაზგასმული OSCE/ODIHR-ის მიერ მანამდე გაცემულ რეკომენდაციებში.
5. საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
პარლამენტმა საპარლამენტო ნდობის ჯგუფში ვაკანტური ოპოზიციური ადგილის შესავსებად პროცესი 2024 წლის მარტში დაიწყო, მაგრამ ხანგრძლივი შემოწმების პროცედურები იმას ნიშნავს, რომ არჩეული პირი საკანონმდებლო პერიოდის დასრულებამდე პრაქტიკულად ვერ დაიკავებს თანამდებობას. ნდობის ჯგუფში კიდევ ერთი ვაკანსია მაშინ გაჩნდა, როცა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა.
უსაფრთხოების სამსახურებზე ზედამხედველობის ხარისხი რჩება შეზღუდული. 2021 წელს მასშტაბური და უკანონო ფარული მოსმენების შესახებ ბრალდებები ვინმეს სამართლებრივი დევნით ჯერ-ჯერობით არ დამთავრებულა.
2024 წლის მარტში მიღებული საარჩევნო ცვლილებები (იხ. ასევე ნაბიჯი 4) ამცირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას.
არანაირი ქმედება არ განხორციელებულა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრის გამჭვირვალედ და კონკურენტული გზით დანიშვნის კუთხით.
2023 წლის ნოემბერში პარლამენტის მიერ მიღებული „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, მოიცავდა დებულებებს კომუნიკაციების კომისიის (ComCom) წევრების არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. 2024 წლის ივნისში ComCom-მა მიიღო მეორადი ნორმატიული აქტები.
სიძულვილის ენის შესახებ გაიდლაინები დასრულების პროცესშია და აუდიო-ვიზუალური მედია სერვისების დირექტივების შერჩეული ელემენტები, როგორიცაა რეკლამა, სრულად არ არის დაფარული.
6. ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;
2024 წლის მაისში პარლამენტმა საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებები მიიღო, რომლებშიც არ იყო გათვალისწინებული 2023 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშის სისტემური და შინაარსობრივი რეკომენდაციები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (HCJ) და უზენაესი სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმის შესახებ. ცვლილებებში გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის ერთი საკვანძო რეკომენდაცია მოსამართლეების დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე და არის რამდენიმე მცირე პოზიტიური ელემენტი.
ახალი გენერალური პროკურორი 2024 წლის ივლისში უბრალო უმრავლესობით დაინიშნა და თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა პრეზიდენტის გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრის დანიშვნის შესახებ, ხოლო 2024 წლის ივლისში ახალი წევრების დანიშვნა 5 თვით აუკრძალა. უფრო მეტიც, 2024 წელს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ შერჩევის პროცესის საკანონმდებლო ბაზა სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
პროკურატურის შესახებ კანონში 2023 წელს შეტანილი ცვლილებები არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, მათ შორის იგულისხმება გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცედურა, შიდა დამოუკიდებლობა და პროკურორების დისციპლინური სამართალწარმოება.
7. ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიური პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;
პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ კანონში და გააძლიერა ანტი-კორუფციული ბიუროს (ACB) ხელმძღვანელის იმუნიტეტი და მამხილებელთა დაცვა. თუმცა ამჟამინდელი ინსტიტუციური ჩარჩო არ იძლევა საკმარის დამოუკიდებლობას, ხოლო ცვლილებებში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები, მათ შორის ACB–ს დამოუკიდებლობის, მისი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და ელიტურ კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო ფუნქციების შესახებ. ეს ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. ასევე საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ელიტურ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად და მისი გავლენის აღმოსაფხვრელად პოლიტიკურ, სასამართლო და ეკონომიკურ სფეროებში. საანგარიშო პერიოდში არ იყო შემუშავებული ანტიკორუფციული რისკის განახლებული შეფასება, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. საქართველო არ შეუერთდა "OECD-ის ანტიკორუფციული მონიტორინგის ქსელს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის" (OECD/ACN).
8.დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
პარლამენტმა დაძლია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე დადებული ვეტო, რომელიც პიროვნულ მიდგომას ითვალისწინებდა, მთავრობამ კი დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა 2023 წლის ნოემბერში მიიღო. გეგმა აგებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე „სისტემურ“ მიდგომასთან დაკავშირები, რომელიც ფოკუსირებულია, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაზე და პოლიტიკური პარტიებისა და მედიის დაფინანსებაზე. გეგმაში არაა რეგულარული საკონსულტაციო მექანიზმი ყველა საპარლამენტო პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. საქმიანობისა და მისი დროის გადანაწილება არის ძალიან ზოგადი.
საანგარიშო პერიოდში საქართველომ მიიღო ცვლილებები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საარჩევნო კოდექსში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში და მიიღო რამდენიმე პირველადი და განმახორციელებელი კანონმდებლობა კონკურენციის პოლიტიკის შესახებ. 2024 წლის აპრილში პარლამენტის მიერ დაჩქარებული პროცედურებით მიღებული საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადასახადის გარეშე გადმოტანას ითვალისწინებს, არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
9. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.
„ადამიანის უფლებათა დაცვის 2023-30 წლების სტრატეგიაში არ შევიდა ცვლილებები 2023-ის რეკომენდაციების შეატანად. 2024-26 წლების იმპლემენტაციის სტრატეგიაში არაა პუნქტები ლგბტქი+ ადამიანებზე. პარლამენტში კვლავ რჩება საკონსტიტუციო კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების“ დაცვაზე, რომელიც, ვენესიის კომისიის განცხადებით, არ შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ამ საკანონმდებლო საქმიანობისა და ჰომოფობიური სიძულვილი ენის შედეგად, ლგბტქი+ პირები საქართველოში ცხოვრობენ მზარდად მტრულ და სტიგმატიზირებელ გარემოში. არ დასრულებულა 2021 და 2023 წლის პრაიდებზე ძალადობის ორგანიზების საქმეების გამოძიებაც.
საქართველო აგრძელებს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას, მაგრამ გენდერული ძალადობის პრევენციასა და რეაგირებაში ხარვეზები რჩება. ასევე, გაუპატიურების სამართლებრივი დეფინიცია ბოლომდე არ შეესაბამება სტამბოლის კონვენციის სტანდარტებს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიღებულ იქნა 2024 წლის მაისში, მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა რეკომენდაციას უწევდა კანონის მთლიანად გაუქმებას. კანონი ძირს უთხრის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას. იუსტიციის სამინისტროს მინიჭებული ფართო უფლებამოსილებები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების კონტროლის კუთხით ზრდის კანონის შერჩევითი და თვითნებური გამოყენების რისკს.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამოსვლების დროს გაიზარდა სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკური ლიდერების და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები, რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გამოძიებული. მოსალოდნელია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი კიდევ უფრო შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობას და შეამცირებს მათ ჩართულობას საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესში", – ნათქვამია ანგარიშში.