30-10-2024 17:14:56 ევროპა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი მოქმედი ლიდერი გახდა, ვინც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსულ სახელმწიფო პროპაგანდისტულ მედიას ინტერვიუ მისცა. ფიცო ესაუბრა, კერძოდ, ტელეარხ «Россия»-ს წამყვანს, კრემლის ცნობილ პროპაგანდისტს, დასავლეთის მიერ სანქცირებულ ოლგა სკაბეევას, რომელმაც მასთან ინტერვიუდან ამონარიდები თავის ტელეგრამ-არხში გამოაქვეყნა. მოგვიანებით ეს ამონარიდები აიტაცა სლოვაკურმა მედიამაც, რასაც ქვეყანაში პრემიერის მიმართ პროტესტი მოჰყვა.
ინტერვიუში ფიცომ გააკრიტიკა ევროკავშირის ქვეყნები, რომელთა დიდი ნაწილი სლოვაკეთის პარტნიორია ნატო-შიც და განაცხადა, რომ მათი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა "ომს მხოლოდ ახანგრძლივებს".
პრემიერმა მხარი დაუჭირა კრემლის სხვა ცნობილ პროპაგანდისტულ თეზისებსაც, კერძოდ - იმის შესახებ, თითქოს უკრაინამ სტამბოლის სამშვიდობო შეთანხმებებზე დასავლეთის ზეწოლის შედეგად თქვა უარი და რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციები "არ მუშაობს". გარდა ამისა, მან ეჭვი შეიტანა ოფიციალურ ვერსიაში, რომლის თანახმად, პუტინის სტრატეგიულ მილსადენ "ჩრდილოეთ ნაკადის" აფეთქების უკან უკრაინის მოქალაქეთა კერძო ინიციატივა იდგა და არა რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურები.
რუსეთი ფიცოს არაფრისთვის გაუკრიტიკებია, სამაგიეროდ კრიტიკული იყო დასავლეთის მიმართ იმის გამოც, რომ იგი "ცდილობს, რუსეთი დააჩოქოს და არა მშვიდობას მიაღწიოს" (რაც ასევე კრემლის ცნობილი სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივია) - "პირველი დღიდან ვიმეორებ: მოდით, ვაიძულოთ რუსეთი, უკრაინა და აშშ, დაიწყონ მოლაპარაკებებიო".
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროპაგანდისტული თეზისებით ფიცო ადრეც არაერთგზის გამოსულა და მეტიც, მისი რიტორიკა ხშირ შემთხვევაში ფაქტობრივად, სიტყვა-სიტყვით ემთხვევა კრემლისას - ისევე, როგორც უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის შემთხვევაში. მართალია, მოსკოვში ორბანიც იყო ჩასული, თუმცა ფიცოსგან განსხვავებით, კრემლის პროპაგანდისტული ტელევიზიებისთვის ინტერვიუ არ მიუცია.
სლოვაკეთის ლიბერალურმა ოპოზიციამ ფიცო მკაცრად გააკრიტიკა ამ ქმედების გამო და განაცხადა, რომ "პრემიერს აქვს დრო, პუტინს აამოს, მაგრამ სლოვაკეთის პრობლემებისთვის არ სცალია".
ცნობისთვის: რობერტ ფიცო სათავეში უდგას კოალიციურ მთავრობას, რომელიც ხელისუფლებაში გასულ წელს მოვიდა. მისი მმართველობის პირობებში სლოვაკეთმა უკრაინის დახმარებაზე უარი განაცხადა. ამავდროულად, ბრატისლავა არ ბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანრძლივება-გაფართოებას და ოფიციალურ დონეზე კვლავინდებურად მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.