30-10-2024 15:34:36 პოლიტიკა ,კომენტარი
ყოფილი პროკურორი და ყოფილი მოსამართლე, იურისტი მაია მწარიაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურის განცხადება პრეზიდენტის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმაა. საქმე იმაშია, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები, ოპოზიციონერი ლიდერები, პრეზიდენტი არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე საუბრობენ და თვლიან, რომ გამოცხადებული შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის რეალურ ნებას. ოპოზიცია საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოითხოვს. 29 ოქტომბერს პროკურატურას ცესკომ მიმართა გამოძიების დაწყების წინადადებით, ასევე განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია "განსაკუთრებული თავდასხმისა და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა": "საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაუსაბუთებლად ესხმიან თავს ცესკოს და ცდილობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით უწყებას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს არსებული საჩივრების განხილვა, თუმცა ხსენებული პოლიტიკოსების მხრიდან არჩევნების „სავარაუდო გაყალბების“ ბრალდებებმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო".
30 ოქტომბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ეს მუხლი გულისხმობს არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას.
"ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში",- თქვეს პროკურატურაში.
პროკურატურის განცხადების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის კომენტარების ძირითადი პათოსია, "მიბრძანდეს პროკურატურაში და წარადგინოს თუ რაიმე მტკიცებულება აქვს".
მწარიაშვილი მიიჩნევს, რომ პროცესი მანიპულაციურია, ხოლო პროკურატურა პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. ის საკუთარ შეფასებებს შემდეგი არგუმენტებით ამყარებს:
აქვე მწარიაშვილი ამბობს იმასაც, რომ თუ ვივარაუდებთ, რომ პროკუტრატურამ დაიწყო გამოძიება დანაშაულის ნიშნების საფუძველზე, პრეზიდენტს არ უნდა მიმართავდეს, „კეთილი ინებე, მოდი და მომიტანე მტკიცებულებები, რა იცი ამ დანაშაულის შესახებო“ - "ასე არ მუშაობს პროკურატურა! ის გამოძიების ორგანოა - მან უნდა გამოიძიოს!":
"პროკურატურა ამ წუთას პოლიტიკური ბრძოლის იარაღია და მიაქციეთ ყურადღება სახელისუფლებო პირების განცხადებებს, „მიბრძანდეს პრეზიდენტი და მიიტანოს მტკიცებულებებიო“ - ეს არ არის გამოძიება, ეს გამოძიების იმიტაციაც კი აღარ არის! იქნებ სახელისუფლებო პირების დაბარება სჭირდება პროკურატურას? მაგრამ მათ ეს წინასწარ იციან და აკეთებენ ამგვარ განცხადებებს!"
მწარიაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის ფარგლებშიც დაიწყო გამოძიება პროკურატურის ცნობით:
"მუხლი, რომლითაც პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, კონკრეტული ოქმის, სიის გაყალბებას ეხება. თუ ფართოდ იწყებდა პროკურატურა გამოძიებას, მინიმუმ შვიდი მუხლი ვნახე, რომლითაც უნდა დაეწყო. პროკურატურას წარმოუდგენია, რომ პრეზიდენტი ჩაუჯდება ოქმებს და კონკრეტულ გაყალბებულ ოქმებს მიიტანს პროკურატურაში? ეს არის პრეზიდენტის ფუქნცია პროკურატურის ხედვით? ეს არის პაროდია! მტკიცებულებების შექმნა პოლიტიკოსებს, საზოგადოების წევრებს არ ევალებათ! არადა საჯარო სივრცეში ტრიალებს დანაშაულის ნიშნების შემცველი არაერთი მასალა - აქედან, თვითმხილველებიდან კი არ იწყებს, პრეზიდენტს ეუბნება, მომიტანე მტკიცებულებებიო“. მიზანია, სურათის შექმნა, რამე თუ იცით, "მოდით და აქ იჭიკჭიკეთო“, რომ შემდეგ ამაზე არავინ ისაუბროს".
მათ შორის, ამ გარემოებების გათვალისწინებით, მას პროცესისადმი ნდობა არ აქვს:
"ანალოგიური შინაარსის განცხადებებს აკეთებენ ევროპელი ლიდრეები, დაიბარონ და მოსთხოვონ მტკიცებულებების წარდგენა. რა უშლით ხელს? ჩვენი სასამართლო რაზეც გაგიხარდებათ, იმაზე მიიღებს გადაწყვეტილებას".
აქვე მწარიაშვილი ხაზს უსვამს, რომ სამართლებრივად პრეზიდენტს არ ევალება პროკურატურაში მისვლა და "ამ მანიპულაციურ პროცესში მონაწილეობის მიღება".
თავად პრეზიდენტის პოზიცია ამ დროისთვის უცნობია.