
სააკაშვილის გეგმის არსი და პერსპექტივები
10/02/2020 15:33:45 ანალიზი
იმ ფონზე, რომ გაერთიანებული ოპოზიცია და აქტიური სამოქალაქო ჯგუფები ფორმულის „ყველა ერთის წინააღმდეგ“ დანერგვას ცდილობენ, უკრაინაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს «ყველაზე მეტად სწორედ ჩემი ეშინიაო» - თითქოს პოლიტიკური ბრძოლის პირად დაპირისპირებაში გადაყვანას ცდილობდეს. ამ მხრივ კითხვები გააჩინა ექს–პრეზიდენტის მიერ პირადი შტაბის შექმნამაც. რა საჭიროა შტაბი, როდესაც გაქვს პარტია?! ჩნდება ვარაუდი, რომ სააკაშვილი იმ ოპოზიციური ერთობის ალტერნატივის შექმნას ცდილობს, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რომ მოიყარა თავი მისი უშუალო ჩართულობის გარეშე. ამ ინიციატივამ თავად რიგი ოპოზიციური ლიდერებიც გააკვირვა, თუმცა ჯერ-ჯერობით ისინი შეფასებებში სიფრთხილეს არ ღალატობენ. შტაბთან დაკავშირებული დეტალები, ისევე, როგორც სააკაშვილის ინიციატივით დაინტერესებული საზოგადოების საკითხი ამ ეტაპზე გაურკვეველია, თუმცა რიგი შეფასებების მიხედვით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ახალი გუნდით ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ცდილობს შემოსვლას.
„მიხეილ სააკაშვილის პირადი შტაბი არის კიდევ ერთი პლატფორმა, რომელიც იბრძოლებს, რათა საქართველოს მოაშოროს ის უმსგავსი ჯგუფი, რომელიც თავის თავს საქართველოს ხელისუფლებას უწოდებს და ყურებამდეა ჩაფლული კორუფციაში. ეს პლატფორმა [ოპოზიცია, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბება] შექმნილია არჩევნებისთვის და პარტიას ბევრ საკითხში თავისი პოზიცია აქვს. ვინც ვინმესთან მუშაობას არ აპირებს, ეს მისი კონსტიტუციური, სუვერენული უფლებაა“,– ასე განმარტა შტაბის შექმნის არსი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრგოლ ვაშაძემ ოპოზიციონერი ლიდერების შეკრების შემდეგ და იქვე უარყო ხმები შტაბის გამო სააკაშვილთან დაპირისპირების შესახებ.
როდესაც ოპოზიცია ხელისუფლების პროპორციული საარჩევნო სისტემის სხვადასხვა ალტერნატიულ ვარიანტებზე დაყოლიებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას ცდილობს და ემზადება მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან მეხუთე და შესაძლოა, გადამწყვეტი შეხვედრისთვის, იყო კი დროული ექს–პრეზიდენტის ამ სახით გააქტიურება? უქმნის თუ არა ეს საფრთხეს ოპოზიციურ ერთობას და ზოგადად, რა პერსპექტივა აქვს სააკაშვილს 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ? - ამ საკითხებზე „აქცენტი“ ქართველ ანალიტიკოსებს ესაუბრა.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სააკაშვილის ნაბიჯებში ამ ეტაპზე პერსპექტივას - ვერა, მაგრამ ლოგიკას ხედავს:
„რამდენად ეფექტური იქნება სააკაშვილის ნაბიჯები - ეს ერთია, მაგრამ ამაში პოლიტიკური ლოგიკა არის: სააკაშვილმა და ივანიშვილმა მხოლოდ „შუას გაკრეფის“ პირობებში იციან პოლიტიკური თამაში. ისინი მაქსიმალურად ამარტივებენ სურათს და ორპოლუსიან პირობებში იწყებენ გენერალურ ბრძოლას. დღევანდელ პირობებში ორპოლუსიანობის უზრუნველყოფა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც „ქართული ოცნების“ მთავარი ალტერნატივის მეშვეობით აღარ მუშაობს: ქვეყანაში ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებზე მაღალი მოთხოვნაა, „ევროპული საქართველოც“ საკმაოდ მოძლიერებულია. ამდენად, ვინაიდან პარტიული კუთხით ორპოლუსიანი პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფა არ გამოდის, იგი ცდილობს, პოლიტიკური ბრძოლა პიროვნულ დაპირისპირებაში გადაიყვანოს (ბრძოლა არა პარტიებს, არამედ მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის). ამისთვის სააკაშვილს გარკვეული ზეპარტიული ელემენტის შეძენა სჭირდებოდა, - რომ ის არის არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ მთლიანად ოპოზიციის ლიდერი. ამ გეგმის განხორციელებას, რა თქმა უნდა, პარტიისგან დისტანცირება სჭირდებოდა, რათა სხვა ჯგუფებზეც ჰქონოდა გასასვლელი. ის ეცდება პოლიტიკური პროცესების პიროვნულ პრიზმაში წაყვანას, მაგრამ ამ გეგმის ეფექტურობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე კი შექმნილ ვითარებაში ოპოზიციური სპექტრისთვის შანსებს ხედავს:
„მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებელი ბრძოლისთვის ემზადება. სავარაუდოდ, ის ფიქრობს, დატოვოს „ნაციონალური მოძრაობა“ და შექმნას რაიმე მოძრაობა. ეს არ იქნება შტაბი. რამდენადაც ვიცი, ენმ უკვე დატოვეს მეტ–ნაკლებად ცნობილმა ფიგურებმა, მათ შორის – ჩიორა თაქთაქიშვილმა და ველი, რომ ისინი სააკაშვილის გუნდში აღმოჩნდებიან. სააკაშვილს ნამდვილად არ ექმნება 3%–იანი ბარიერის გადალახვის დილემა. მას ნამდვილად აქვს რეიტინგი და ვერავინ დაუშლის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, ოპოზიციამ კი უნდა მოძებნოს ალტერნატიული გამოსავალი და შექმნილი ვითარება გამოიყენოს: სააკაშვილი მუდმივად ასრულებდა პოლიტიკური საფრთხობელას როლს და ვხედავთ, რომ სადღეისოდ შეტევა მთლიანად გაერთიანებულ ოპოზიციაზეა. თუ სააკაშვილი თავისი გუნდით იქნება წარმოდგენილი, შეტევა მასზე გადავა. ამ ვითარებაში ოპოზიციას მეტი შანსი ეძლევა. ამდენად, თუ პროცესები ასე განვითარდა, გარკვეული პოზიტივის დანახვაც შესაძლებელია“.
ძაბირაძის დაკვირვებით, სააკაშვილი საკუთარი გეგმების მხარდამჭერებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვეღარ ხედავს:
„როგორც ჩანს, სააკაშვილს მეტად შემტევი გუნდი სჭირდება. ის საკუთარ მომხრეებს 2016 წლის შემდეგ მოუწოდებდა, არ ეღიარებინათ არჩევნების შედეგები და გასულიყვნენ ქუჩაში. სავარაუდოდ, ის არც წელს ელოდება საკუთარი პარტიისგან მხარდაჭერას და ცდილობს, ამ მიმართულებით მებრძოლი გუნდი შექმნას, რათა პრობლემების გადაწყვეტა დაიწყოს არა საარჩევნო უბნიდან, არამედ ქუჩიდან. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ თვალსაზრისით, ენმ–ის დღევანდელ ლიდერებსა და სააკაშვილს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. რამდენად გაამართლებს მისი გეგმა - ეს უკვე სხვა საკითხია და ამ ეტაპზე ამაზე საუბარი რთულია“.