ირანი: დღევანდელი სარაკეტო იერიშის სამიზნე თელ-ავივთან მდებარე სამი სამხედრო ბაზა იყო

01-10-2024 23:27:17 მსოფლიო

ირანის ცნობით, მისი დღევანდელი სარაკეტო იერიშის სამიზნე თელ-ავივთან მდებარე სამი სამხედრო ბაზა იყო.

"დარტყმები განვახორციელეთ თელ-ავივთან მდებარე სამ სამხედრო ბაზაზე", – იუწყება ირანული მედია "ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსზე" დაყრდნობით.

ისრაელის არმიის წინასწარი მონაცემებით, დღეს ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა ისროლა.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ირანის მიერ ნასროლი რაკეტების ნაწილი სამიზნემდე მიღწევამდე ჩამოაგდეს, ზოგიერთი კი ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში აფეთქდა.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, "ეს იყო სერიოზული შეტევა".

"დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ამ ეტაპზე სიტუაციას ვაფასებთ", – აღნიშნა მან.

ისრაელი ირანს საპასუხო ზომებით ემუქრება.

ისრაელმა ამ დროისთვის ნება დართო ადგილობრივებს, დატოვონ თავშესაფრები.

დასავლეთის ლიდერების ნაწილმა ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა უკვე დაგმო.

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა ირანის სარაკეტო თავდასხმას "სრულიად მიუღებელი" უწოდა და დასძინა, რომ "მომხდარი მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები