05-09-2024 11:49:34 საზოგადოება
სხვადასხვა მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ პროტესტის ნიშნად და პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართეს.
ისინი მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
მათი განცხადებით, მედიკამენტების არ არსებობასთან ერთად, პრობლემაა საჭირო კვლევების დაფინანსებაც.
მძიმე დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი პაციენტის მშობლის თამარ იარაჯულის თქმით, "აუტიზმის პროგრამის ჩართვის დღიდან გვიწევს ყველაფრის პროტესტით, აქციებით მოპოვება".
"ამ ქვეყანაში ბავშვთა უფლებები აბსოლუტურად დარღვეულია! არასწორმა მკურნალობამ შეიძლება, ბავშვის სიკვილიც კი გამოიწვიოს. სახელმწიფო თამაშობს ამ ბავშვებით - მედიკამენტს ხან გვაძლევენ და ხან არა! ვართ ძალიან ცუდ მდგომარეობაში!".
მისი თქმით, „მედიკამენტების არ გაცემით, სახელმწიფო ეკონომიას აკეთებს“:
„გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ჩემს 13 წლის შვილს, პირველადი დიაგნოზი აქვს აუტისტური სპექტრი, მაგრამ კიდევ სხვა მრავალი მწვავე დიაგნოზი დაუდგინდა. გუშინ ერთადერთი მედიკამენტიც არ იყო, რომლითაც ბავშვს ვმკურნალობ. როგორც კი მისულები დაგვინახეს, სახელმწიფომ შეძლო 10 წუთში მედიკამენტის გაცემა. თურმე შესაძლებელი იყო, მაგრამ არ გვაძლევდა. მეც კი არ ველოდებოდი, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო, რომ ადამიანების სიცოცხლეზე რაღაც პერიოდი ეკონომია გავაკეთოთ. ეს ჩემი აზრია, რომ ეკონომიას აკეთებენ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ”.
აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ ანალოგიურ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება:
"წამლის წყვეტა ჩვენთვის მხოლოდ სამი დღით შეიძლება - შემდეგ კიბო აგრძელებს პროგრესირებას და ადამიანი შეიძლება, დაღუპოს. სწორედ ამიტომ გვაქვს ასეთი სავალალო მდგომარეობა საქართველოში და ამიტომ გვყავს ამდენი დაღუპული. ფაქტობრივად წამლები არ არსებობს ქვეყანაში არც ერთი პაციენტისთვის. რაღაც პერიოდულობით - ორ-სამ თვეში ერთხელ ქრება ხან ერთი, ხან მეორე წამალი".
მათი თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, 19 სექტემბრიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან მუდმივ პროტესტს დაიწყებენ.