05-09-2024 10:18:43 პოლიტიკა ,სამართალი
4 სექტემბერს საღამოს თბილისში გლდანში, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ირაკლი ნადირაძე, 5 სექტემბრის გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
"ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე დამაკავეს. ჯერ მეუბნებოდნენ, რომ დაკავებული არ ვიყავი, ელოდებოდნენ მითითებებს, მერე კი გადამიყვანეს კონკრეტულ შენობაში და ხელწერილით გამოგვიშვეს, ალბათ იქნება ჩვენი სასამართლო პროცესი და ჩაგვსვამენ ალბათ ორი კვირით ან დაგვაჯარიმებენ, როგორც ეს "ქართულ ოცნებას" სჩვევია", - თქვა ირაკლი ნადირაძემ მედიასთან გათავისუფლების შემდეგ.
მის დაკავებას წინ უსწრებდა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრის ირაკლი ეძგვერაძის დაკავება თავის სახლთან ახლოს.
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ის ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლისთვის დააკავეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან".