კახეთში მევენახეებმა დღესაც გამართეს საპროტესტო აქცია

04-09-2024 18:21:48 საზოგადოება

კახეთში მევენახეებმა დღესაც გამართეს საპროტესტო აქცია.

ამჯერად ისინი სოფელ ჭიკაანში შეიკრიბნენ ყურძნის ფასის გაზრდის მოთხოვნით.

აქციაზე შეკრებილები ამბობდნენ, რომ ყურძენზე არსებული ფასი მათთვის მიუღებელია.

მათი ცნობით, ღვინის ქარხნები ერთ კილოგრამ რქაწითელში 1.05 ლარს იხდიან, საფერავში - 1.30 ლარს.

მათი თქმით, არსებული ფასი ვერ ანაზღაურებს ხარჯებსაც კი - გასულ წელთან შედარებით, ქიმიკატების, საწვავის, მუშახელთან დაკავშირებული ხარჯები გაზრდილია.

ისინი მოითხოვენ, რომ რქაწითელში 1.50 ლარი გადაიხადონ , საფერავში კი - 2 ლარი გადაგვიხადონ.

აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს ყვარელი - ახალსოფლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გადაკეტვა, თუმცა ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.

პროტესტის საპასუხოდ რთველის საკოორდინაციო შტაბში განმარტეს, რომ ყურძნის ფასს ბაზარი არეგულირებს და სახელმწიფო ვერ ჩაერევა.

რთვლის სუბსიდირებას მთავრობა 2024 წელსაც გეგმავს. 1 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ ფერმერს გადაუხდის არანაკლებ 1 ლარს.

კახეთში რთველი აგვისტოს ბოლოდან დაიწყო. რეგიონში წელს 300 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. სახელმწიფო ბიუჯეტიდან რთვლის პირდაპირი სუბსიდირება 11 წელზე მეტია ხორციელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები