02-09-2024 18:08:40 ევროპა ,მსოფლიო
ფინეთის ხელისუფლებამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების თაობაზე ნებისმიერ შეთანხმებას უკრძანავს. ინიციატივა ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.
„ეს აუცილებელია ფინეთზე მტრული გავლენის თავიდან ასაცილებლად ახლა და გრძელვადიან პერსპექტივაში“, - ციტირებს Yle თავდაცვის მინისტრ ანტი ჰაკანენს.
მისი თქმით, "უსაფრთხოების მდგომარეობა შეიცვალა“: რუსეთმა დაიწყო "სხვადასხვა საშუალებების" გამოყენება ფინეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ზემოქმედებისთვის. კანონპროექტი შეფასებისთვის ექსპერტებს გადაეცემათ და წლის ბოლოს პარლამენტს გადაეგზავნება.
მინისტრის თქმით, ფინეთში რუსების საკუთრებაში 3,5 ათასი უძრავი ქონებაა. მან განმარტა, რომ აკრძალვა არ შეეხებათ იმ რუსებს, რომლებსაც აქვთ ორმაგი მოქალაქეობა ან მუდმივად ცხოვრობენ ფინეთში.
ჰაკანენმა დასძინა, რომ ხელისუფლება მუშაობს სხვა კანონპროექტზე, რომელიც კრძალავს რუსების მიერ ქირავნობას და სხვა ოპერაციებს უძრავი ქონების სექტორში წარმომადგენლების მეშვეობით.
ივნისის შუა რიცხვებში ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დაადგინა ქვეყანაში არსებული ყველა უძრავი ქონება, რომელიც რუსებს ეკუთვნით და რუკაზე მონიშნეს. მისი თქმით, რუსების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება „შეიძლება გამოიყენონ დივერსიული მოქმედებების განსახორციელებლად, ან როგორც პლაცდარმი უფრო ფართო ოპერაციისთვის“.