Accentnews.ge
ინიციატივა „კულტურა დემოკრატიისთვის“ დეკლარაციის ტექსტს აქვეყნებს

ინიციატივა „კულტურა დემოკრატიისთვის“ დეკლარაციის ტექსტს აქვეყნებს

20/08/2024 11:34:47 საზოგადოება

ინიციატივამ „კულტურა დემოკრატიისთვის“ გამოაქვეყნა „კულტურის დეკლარაცია“, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაანონსეს.

რეჟისორები, კინომცოდნეები, ხელოვნებათმცოდნეები, მწერლები, მსახიობები, მთარგმნელები, მხატვრები და მუსიკოსები საერთო დეკლარაციის გარშემო გაერთიანდნენ. დეკლარაციაშია საუბარია როგორი უნდა იყოს კულტურული რეფორმის საფუძველი და პრინციპები. ინიციატივას ხელოვანები და კულტურის სფეროს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორსაც გააცნობენ.

"კულტურის დეკლარაციის“ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

" საქართველოს კულტურის დეკლარაცია განსაზღვრავს კულტურის ძირითად ღირებულებებსა და მიზნებს თანამედროვე საქართველოში. იგი აყალიბებს მისიასა და აუცილებელ რეფორმებს საქართველოს განვითარების, გაძლიერებისა და ევროპულ კონტექსტში ინტეგრაციისთვის. ეს დეკლარაცია განსაზღვრავს სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური სპექტრის, პროფესიული ჯგუფებისა და საზოგადოების პასუხისმგებლობებს თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვისთვის, რომლებზე დაყრდნობითაც უნდა წარიმართოს ფუნდამენტური გადაწყვეტილებების განხორციელება დემოკრატიული კულტურის მხარდასაჭერად.

ეს დოკუმენტი საფუძვლად დაედება საქართველოს კულტურის მომავალ პოლიტიკას, მათ შორის, დარგობრივი განვითარების სტრატეგიებს. იგი იქმნება საქართველოს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, ევროპული ინტეგრაციისა და ღია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში არსებული კრიზისის საპასუხოდ. კრიზისი განაპირობა ავტორიტარული მმართველობის მოდელმა, რაც გამოიხატა გადაწყვეტილების მიმღები პირების პარტიული ნიშნით შერჩევაში, რა დროსაც პროფესიონალიზმი წამყვან კრიტერიუმად არ მიიჩნევა. შედეგად კი მივიღეთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, სამართლიანობის პრინციპის, ხელმისაწვდომობის, პროფესიონალიზმის გაგების, კვლევისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა. ამავდროულად, უგულებელყოფილია ქართული კულტურის მრავალფეროვნება და პროევროპული კულტურული ღირებულებები, რომლებიც აღიარებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საქართველოს მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო კონვენციებით.

კულტურის არსი და მისია

კულტურა აერთიანებს ყოველი ინდივიდისა და საზოგადოების ინტერესებს, მსოფლმხედველობასა და მისწრაფებებს. კულტურა მრავლისმომცველი და კომპლექსური სფეროა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია შემოქმედებითი სექტორი.

დეკლარაცია განსაზღვრავს კულტურას, როგორც სივრცეს საზოგადოების განვითარებისა და ინდივიდუალური თვითგამოხატვისთვის. კულტურა გადამწყვეტია ინდივიდების, საზოგადოების, ერისა და სახელმწიფოს იდენტობის ჩამოყალიბებისთვის, ამავდროულად, უზრუნველყოფს დიალოგს სხვადასხვა ჯგუფს შორის და გარესამყაროსთან.

კულტურა არის სახელმწიფოს ფუნდამენტური საყრდენი, რომელიც აყალიბებს მის აწმყოსა და მომავალს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კონტექსტში. ქართული კულტურა არის გადამწყვეტი რესურსი ეროვნული კონსენსუსისა და წარმატებული ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად.

დეკლარაცია ეფუძნება საერთო ღირებულებებს, რომლებსაც აღიარებს სამოქალაქო საზოგადოება და რომლებიც შეესაბამება თანამედროვე დემოკრატიული სამყაროს ისეთ პრინციპებს, როგორებიცაა: თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, მრავალფეროვნება, ხელმისაწვდომობა, ცოდნის გაფართოება, ჰუმანისტური იდეალების პოპულარიზაცია და ბუნებასთან მზრუნველი და მეგობრული თანაარსებობა.

საქართველოს კულტურის პრინციპები და ღირებულებები

თავისუფლება

კულტურა უნდა ქმნიდეს გარემოს, რომელშიც სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება არა მხოლოდ დაცულია, არამედ წახალისებულიც. შემოქმედთა უფლებები, მათ შორის, საავტორო უფლებები საჭიროებს დაცვას შესაბამისი კანონმდებლობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კულტურამ ხელი უნდა შეუწყოს თვითგამოხატვის ფორმათა მრავალფეროვნებას და უზრუნველყოს ფართო არჩევანი თითოეული ინდივიდისთვის.

თანასწორობა

სახელმწიფოს კულტურული პოლიტიკა და მისი სექტორული მართვა უნდა ეფუძნებოდეს რესურსების თანაბარი განაწილების პრინციპს. ამ პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს საზოგადოებისა და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები და ინტერესები. თანასწორობის პრინციპი არ უნდა დაირღვეს უმრავლესობის ან დომინანტი ჯგუფის სასარგებლოდ. კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისა და შემოქმედებითი საქმიანობის შესაძლებლობა თანაბრად უნდა მიეცეს ყველა ასაკის მოქალაქეს, მათი საცხოვრებელი ადგილის, ეთნიკური, რელიგიური და გენდერული იდენტობის მიუხედავად.

სამართლიანობა

კულტურული განვითარების კონტექსტში, სამართლიანი უნდა იყოს შესაძლებლობების გავრცელებისა და განაწილების პროცესი. ამის მისაღწევად, შერჩევის კრიტერიუმები უნდა ეფუძნებოდეს საჭიროებებისა და გამოწვევების კვლევას. გამჭვირვალე და დემოკრატიული მართვის მექანიზმებმა უნდა უზრუნველყოს ჯანსაღი კონკურენცია და კულტურულ გარემოში ინტელექტუალური და შემოქმედებითი შრომის დაფასება და წახალისება. ეს გულისხმობს საავტორო უფლებით დაცული ნაშრომების სიმბოლური და მატერიალური ღირებულების განსაზღვრის კონკრეტული კრიტერიუმების არსებობას, რომელთა დანიშნულებაა შემოქმედებითი ნაშრომების ავტორთა ღვაწლის სათანადო დაფასება და სამართლიანი ანაზღაურების განსაზღვრა იმ ფორმით, რაც განსხვავდება ჩვეულებრივი სამომხმარებლო პროდუქციის შემქმნელთა ანაზღაურების წესებისგან.

ხელმისაწვდომობა

კულტურულ ფასეულობებზე წვდომა ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილია. ეს წვდომა უნდა იყოს უნივერსალური და საყოველთაო. კულტურა უნდა იყოს ინკლუზიური და მოიცავდეს ქვეყნის ყველა მოქალაქეს შეზღუდვის გარეშე, მიუხედავად მათი რწმენისა, ეთნიკური უმცირესობების თუ შეზღუდული შესაძლებლობების ჯგუფებისადმი კუთვნილებისა. კულტურული ხელმისაწვდომობა გულისხმობს წვდომას სოციალურ და მატერიალურ სიკეთეებზე, რომლებსაც კულტურა გვთავაზობს: თანაბარ და კვალიფიციურ განათლებაზე, საინფორმაციო, ტექნოლოგიურ და ფინანსურ რესურსებზე. ის, ასევე, გულისხმობს ამა თუ იმ დარგის აქტორების სრულფასოვან მონაწილეობას შემოქმედებით პროცესში და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მრავალფეროვნება

კულტურას ქმნის საზოგადოება, რომელიც ბუნებრივად მრავალფეროვანია. შესაბამისად, მრავალფეროვნება ახასიათებს როგორც ერისა და საზოგადოების მიერ შექმნილ კულტურულ მემკვიდრეობას, ისე თანამედროვე, ცოცხალ კულტურულ პროცესს. მრავალფეროვნებას ქმნის და აძლიერებს შემოქმედებითი სფეროც, რაც ჩანს ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის დამახასიათებელ მრავალფეროვან ენაში, გამოხატვის ფორმებსა და ჟანრებში. კულტურის დემოკრატიულმა პოლიტიკამ უნდა აღიაროს და დაიცვას საზოგადოებისა და მისი კულტურის მრავალფეროვნება, რომელსაც, უმრავლესობასთან ერთად, უმცირესობებიც ქმნიან. კულტურული მრავალფეროვნება არის საზოგადოების მრავალმხრივი განვითარების, ეკონომიკური სტაბილურობისა და მდიდარი კულტურული კაპიტალის შექმნის საფუძველი.

დიალოგი

კულტურა წარმოადგენს ხიდს საზოგადოებებს, თაობებს, ეპოქებსა და მრავალფეროვან ტრადიციებს შორის. კულტურული დიალოგი არის კომუნიკაცია განსხვავებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის. კულტურული დიპლომატია და კულტურათაშორისი დიალოგი წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს დემოკრატიულ სამყაროში ინტეგრაციის პროცესში.

კულტურული დიპლომატია არის კონფლიქტების მოგვარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების დეპოლარიზაციას.

დიალოგი მოიცავს, ასევე, სექტორთაშორის კომუნიკაციას, რაც ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას.

კეთილდღეობა

სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდებისთვის, ისე საზოგადოებისთვის. კულტურული რესურსების სწორი მართვა იძლევა კულტურის ეკონომიკის საშუალებით კეთილდღეობის მიღწევის შესაძლებლობას.

კულტურა ქმნის არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ მატერიალურ სიმდიდრესაც და წარმოადგენს მოქალაქეებისა და, ზოგადად, სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერის მნიშვნელოვან საყრდენს. შემოქმედებითი ეკონომიკური პოლიტიკის ახალი ხედვა გულისხმობს კულტურის როლის უფრო მკაფიოდ განსაზღვრას საზოგადოებრივი სიკეთის თვალსაზრისით. სოციალური სარგებლის გარდა, შემოქმედებით ინდუსტრიებს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნიათ.[1] მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, მართვისა და განვითარების სწორი პოლიტიკა ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა.

კულტურის სექტორში შემოქმედებითი ბიზნესის ხელშეწყობა სახელოვნებო და კულტურული პროდუქტის განვითარებასა და მის პოპულარიზაციას გულისხმობს. ამისთვის აუცილებელია ბაზრის მექანიზმებისა და ინფრასტრუქტურული გარემოს გაუმჯობესება. კულტურის სექტორის მდგრადობის უზრუნველსაყოფად ხელმისაწვდომი უნდა იყოს პროფესიული უნარების განვითარება და ხარისხიანი, კვალიფიციური განათლება. ასევე, ბიზნესის განვითარებისთვის ფინანსური ხელშეწყობის მექანიზმების შემუშავება შექმნის დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებს.

საქართველოს კულტურის სექტორის რეფორმა

საქართველოს კულტურის სექტორის რეფორმა მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული დემოკრატიულ პრინციპებთან, უზრუნველყოფდეს თანმიმდევრულ, მრავალგანზომილებიან და მიზანმიმართულ მიდგომას კულტურული პროცესების დინამიკურობისა და კულტურული მემკვიდრეობის მდგრადი განვითარების გასაძლიერებლად. კულტურის მართვის სისტემის მოდერნიზაცია ორიენტირებული უნდა იყოს კულტურის თავისუფლების დაცვაზე, ამავდროულად, ეფექტური და მდგრადი ფინანსური მოდელის დამკვიდრებაზე. ამისათვის საჭიროა განხორციელდეს ორგანიზაციული, სტრუქტურული და სისტემური ცვლილებები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან სამოქმედო გეგმებში.

საჯარო ინსტიტუტების რეფორმა

უნდა შემუშავდეს კულტურის პოლიტიკის განახლებული დოკუმენტი, რომელშიც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული კულტურის როლი და მისია სახელმწიფოში. ეს დოკუმენტი უნდა აყალიბებდეს პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია დარგობრივი მიმართულებები, და განმარტავდეს აღმასრულებელი ხელისუფლების როლსა და ფუნქციებს კულტურულ პროცესებში.

მმართველობის მოდელი უნდა გადავიდეს ცენტრალიზებული აღმასრულებელი მმართველობიდან დემოკრატიულ – ჰორიზონტალური მმართველობის – პრინციპებზე, რასაც თან უნდა ახლდეს კულტურის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების არსობრივი და სტრუქტურული რეფორმირება.

სტრატეგიული რეკომენდაციების საფუძველზე უნდა მოხდეს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ოპტიმიზაცია, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დარგობრივი ორგანიზაციების იდენტიფიცირება ან დაფუძნება. დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, მოქნილად უნდა განისაზღვროს ამ ორგანიზაციების სტატუსი, აგრეთვე, მათი სტრუქტურული და ფინანსური მართვის მოდელები, ამასთან, უზრუნველყოფილ იქნას სრული დარგობრივი ჩართულობა ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

დარგობრივი სტრატეგიები უნდა შეიმუშაონ დარგის ექსპერტებმა, როგორც საერთაშორისო ვალდებულებების, ისე ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით. ეს სტრატეგიები უნდა ასახავდეს დეცენტრალიზაციის, ინკლუზიურობის, ხელმისაწვდომობისა და სხვა დემოკრატიულ ღირებულებებს. მათში გათვალისწინებული უნდა იყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და მართვის მექანიზმები, კულტურის ინფრასტრუქტურის განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მოდელების დანერგვა და კულტურის რესურსების ეფექტური მართვის ჩარჩოების შექმნა. გარდა ამისა, სტრატეგიებმა ხელი უნდა შეუწყოს დარგთაშორის და საერთაშორისო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას. სახელოვნებო ფორმალური და არაფორმალური განათლება უნდა შეესაბამებოდეს საუკეთესო საერთაშორისო მოდელებს; სახელმწიფო ორგანიზაციებში უნდა დამკვიდრდეს მოქნილი მართვის მექანიზმები კულტურის დარგების განვითარებისა და მდგრადობის მხარდასაჭერად.

უნდა განისაზღვროს ორგანიზაციებში არსებული რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი აღრიცხვის მექანიზმები, ასევე, გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს მონიტორინგისა და ანგარიშგების სტანდარტები. ეს მოიცავს მრავალწლიანი შეთანხმებების გაფორმებასა და პროგრამული ან სხვა მოდერნიზებული დაფინანსების მექანიზმების დანერგვას ორგანიზაციული მოქნილობის უზრუნველსაყოფად.

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ უნდა განსაზღვროს მონიტორინგისა და რეაგირების უფრო აქტიური მექანიზმები და უნდა გაიზარდოს დარგის პროფესიონალთა ჩართულობა საპარლამენტო საქმიანობაში.

არასამთავრობო და კერძო სექტორების გაძლიერება და განვითარება

უნდა შემუშავდეს კულტურის სფეროში მოქმედი არასამთავრობო და ბიზნესსექტორების გაძლიერების სტრატეგია, რომელიც უნდა მოიცავდეს რესურსების აღრიცხვის, შეფასებისა და მოდერნიზებული დემოკრატიული მართვის მოდელებს.

საკანონმდებლო ბაზა უნდა ადაპტირდეს ორგანიზაციული დამოუკიდებლობისა და მდგრადობის გაძლიერებისთვის, დარგთა სპეციფიკური საჭიროებების შესაბამისად.

უნდა შემუშავდეს საჯარო-კერძო პარტნიორობის ახალი და მოქნილი მექანიზმები თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

გარდა ამისა, უზრუნველყოფილ უნდა იქნას თანაბარი ხელმისაწვდომობა პროგრამებსა და მხარდაჭერაზე როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე.

საკანონმდებლო რეფორმა

უნდა შემუშავდეს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის სფეროს დამოუკიდებლობასა და განვითარებას.

კულტურის დემოკრატიზაციის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციაში ჩადებული პრინციპების, საერთაშორისო კონვენციებისა და ქარტიების თანახმად აღებული ვალდებულებების ჯეროვანი განხორციელებისთვის, აუცილებელია სექტორის მარეგულირებელი ძირითადი დოკუმენტის – "საქართველოს კანონი კულტურის შესახებ" – საკანონმდებლო რეფორმა. შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს, ასევე, დარგობრივ კანონებში: "საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ", "საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ", "საქართველოს კანონი პროფესიული თეატრების შესახებ" და "საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ". გარდა ამისა, დარგთა სპეციფიკური მოთხოვნილებების საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს ახალი დარგობრივი საკანონმდებლო ინიციატივები და გაძლიერდეს საკანონმდებლო რეგულაციების აღსრულების მექანიზმთა ეფექტურობა.

ფართომასშტაბიანი ანალიტიკური სამუშაოების საფუძველზე, კანონები და რეგულაციები, რომლებიც გავლენას ახდენს კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სექტორებზე, შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საერთაშორისო ვალდებულებებთან.

კულტურის განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით, უნდა გადაიხედოს და შესაბამისად შეიცვალოს მომიჯნავე კანონმდებლობა, მათ შორის "საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ", "საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ", "საქართველოს კანონი განათლებისა და მეცნიერების შესახებ", "საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ", "საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ" და "საქართველოს კანონი შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ", რათა შესრულდეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და მოხდეს საკანონმდებლო ჩარჩოს ჰარმონიზება ევროკავშირის სტანდარტებთან. ასევე, აუცილებელია დარგობრივი პოლიტიკის მოდერნიზაცია კულტურის ყველა იმ სფეროში, რომლებიც უკავშირდება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასა და ევროპული სტანდარტების დანერგვას.

დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ფინანსური რესურსების გაზრდის მიზნით, უნდა განხორციელდეს ცვლილებები "საქართველოს კანონში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" და "საქართველოს საგადასახადო კოდექსში", ასევე, სხვა შესაბამის ფინანსურ ნორმატიულ აქტებში, კულტურის დარგების სპეციფიკური საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად.

ასევე, გათვალისწინებულ უნდა იქნას საკანონმდებლო ცვლილებები კულტურის პოლიტიკის მომავალ დოკუმენტებში იდენტიფიცირებული საჭიროებების საფუძველზე, რომელთა მიზანია კულტურის სფეროს დამოუკიდებლობის გაძლიერება, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში პროფესიონალების ჩართვა და კულტურის დარგების განვითარების ხელშეწყობა.

“საქართველოს კულტურის დეკლარაციაზე“ ხელმოწერით საქართველოს მოქალაქეები, არასამთავრობო და ბიზნესორგანიზაციები, პოლიტიკური სუბიექტები და პარტიები აღიარებენ დოკუმენტში გაზიარებულ ხედვასა და ღირებულებებს და იღებენ გადაწყვეტილებას, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი დეკლარაციაში აღწერილი ცვლილებების განსახორციელებლად".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S