ორბანის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირი მინისტერიალს უნგრეთში აღარ ჩაატარებს

22-07-2024 23:42:37 ევროპა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც უნგრეთში უნდა გამართულიყო, ბელგიაში გადაინაცვლებს,– ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯი არის პროტესტის ნიშანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის რუსეთსა და ჩინეთში ბოლო ვიზიტების წინააღმდეგ.

შეხვედრა აგვისტოში ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო. ამის ნაცვლად, როგორც Reuters ბორელს ციტირებს, ის ბრიუსელში გაიმართება, სადაც ევროკავშირის მთავარი ინსტიტუტებია განთავსებული. "ჩვენ სიგნალი უნდა გავგზავნოთ [უნგრეთს], თუნდაც ეს სიმბოლური იყოს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ევროკავშირის პოლიტიკის, როგორც „ომის მხარის“, უარყოფას შედეგები უნდა მოჰყვეს",– თქვა ბორელმა.

ბორელმა შეხვედრის ადგილის ცვლილების შესახებ გამოაცხადა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში. გარდა ამისა, შეხვედრაზე ბევრმა მინისტრმა პირდაპირ გამოხატა თავისი პოზიცია უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თანდასწრებით.

ამასთან, ჯოზეფ ბორელის თქმით, დღეს გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიები“ ერთი წევრი სახელმწიფოს გარდა ყველამ გააკრიტიკა.

„ერთი გამონაკლისის გარდა, შემიძლია იმის თქმა, რომ ამ ქმედებებს ყველა აკრიტიკებს“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ივლისის დასაწყისში ვიქტორ ორბანმა მოულოდნელი ვიზიტები განახორციელა კიევსა და მოსკოვში. ის შეხვდა უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თავის ვიზიტებს "სამშვიდობო მისია" უწოდა და ისაუბრა ბუდაპეშტის შესაძლო შუამავლობაზე რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ მან აღიარა, რომ მათი პოზიციები პრაქტიკულად შეუთავსებელი იყო. ამის შემდეგ ის ჩინეთში იმყოფებოდა.

ევროკავშირის ხელისუფლებამ დაგმო ორბანის ვიზიტები და გაავრცელა განცხადება, რომელშიც განმარტა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტები მისი პირადი ინიციატივა იყო და რომ მისი მოგზაურობის დროს ის ევროკავშირის სახელით არ საუბრობდა.

ევროპარლამენტის წევრებმა განაცხადეს, რომ უნგრეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, უნდა დაისაჯოს მისი ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის გამო, რომელიც არ იყო კოორდინირებული ევროკავშირთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები