Accentnews.ge
შვეიცარიამ ჯაშუშობისა და იარაღის შეძენისთვის რუსი დიპლომატის დაკავების ორდერი გასცა

შვეიცარიამ ჯაშუშობისა და იარაღის შეძენისთვის რუსი დიპლომატის დაკავების ორდერი გასცა

15/07/2024 06:58:21 ევროპა

შვეიცარიის ფედერალურმა პროკურატურამ ჯაშუშობისა და სანქციების დარღვევის ბრალდებით რუსი დიპლომატის დაკავების ორდერი გასცა, წერს Swiss Info.

პირის ვინაობა არ სახელდება, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ქვეყანა უკვე დატოვა.

სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, აღნიშნული პირი, ოფიციალურად აკრედიტებული დიპლომატის საფარქვეშ აწარმოებდა სადაზვერვო საქმიანობას იარაღისა და სხვა „პოტენციურად საშიში მასალების“ მოპოვების მიზნით. მასთან ერთად საქმეში კიდევ ორი ​​პირი ფიგურირებს, რომელთა მოქალაქეობა და სტატუსი არ ზუსტდება.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურის მოთხოვნით, რუსს დიპლომატიური იმუნიტეტი უკვე მოუხსნა. ამდენად, თუ ის შვეიცარიაში დაბრუნდება, მაშინვე დააპატიმრებენ.

Tages-Anzeiger-ის ცნობით, დიპლომატი ბერნში მუშაობდა რუსეთის საელჩოში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა შვეიცარიის სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ. მან დატოვა ქვეყანა, როდესაც ბრალი დასდეს ფედერალური კანონების დარღვევაში, რომელიც ეხება სანქციების განხორციელებას და სამხედრო პროდუქციის მიმოქცევის კონტროლს.

ბერნი არ დაკავშირებია რუსეთის ელჩს სერგეი გარმონინს, - განუცხადეს გამოცემას საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროებმა - საკითხი გადაწყდა კონფიდენციალურად, "სხვა არხებით".

სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, ძალოვანმა უწყებებმა რამდენიმე ობიექტში ჩხრეკა ჩაატარეს.

შვეიცარია იცავს სამხედრო ნეიტრალიტეტს და არ აწვდის იარაღს უკრაინას, თუმცა შეუერთდა ევროკავშირის ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

მაისში, სამშვიდობო სამიტის წინ, დასავლეთში რუს აგენტებთან დაკავშირებული შემთხვევების გახშიების ფონზე, შვეიცარიელმა დეპუტატებმა მთავრობას ჯაშუშებთან ბრძოლის გამკაცრება მოსთხოვეს. 2023 წელს ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა კრისტიან დუსიმ განაცხადა, რომ შვეიცარია ლიდერობს ევროპაში ფარულად მომუშავე რუსი აგენტების რაოდენობით. მისი შეფასებით, რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი დიპლომატიური მისიის 220 თანამშრომლიდან დაახლოებით მესამედი სწორედ რომ ამგვარ საქმიანობას ეწევა.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროპულმა ქვეყნებმა ჯაშუშობის ბრალდებით 600-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს. ახლა რუსეთის სადაზვერვო სამსახურები ცდილობენ სადაზვერვო ქსელების აღდგენას ადგილზე ადამიანების აქტიური დაქირავების გზით, იტყობინება გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახური და აღნიშნავს, რომ ამ მიზნებისთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება შანტაჟი და მოსყიდვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S