
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, თანამდებობაზე რჩება
08/07/2024 15:26:28 ევროპა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის გაბრიელ ატალის გადადგომის თხოვნა არ დააკმაყოფილა.
მაკრონმა ატალს სთხოვა, დროებით დარჩეს თანამდებობაზე, რათა "უზრუნველყოს ქვეყანაში სტაბილურობა" საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ოლიმპიადამდე, რომელიც გაიხსნება ივლისის ბოლოს.
7 ივლისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, კოალიციამ „ერთად რესპუბლიკისთვის“, რომლის ბირთვსაც მაკრონისა და ატალის პარტია წარმოადგენს, მეორე ადგილი დაიკავა და 168 მანდატი მიიღო. პირველ ადგილზეა მემარცხენე პარტიების კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“ 182 მანდატით, მესამეზე – ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ 143 მანდატით.
ამ სიტუაციამ არ დატოვა „ხელისუფლების ფორმირების აშკარა გზა“, წერს Associated Press. ექსპერტები საფრანგეთს პოლიტიკურ ჩიხს უწინასწარმეტყველებენ.
ერთი დღით ადრე, ატალმა თანამდებობიდან გადადგომის განზრახვის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ მზად იყო, დარჩეს პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე, ვიდრე საჭირო იქნება, პარიზში მომავალი ოლიმპიადის გათვალისწინებით, რომელსაც მილიონობით მაყურებელი დაესწრება. ატალი საფრანგეთის პრემიერ მინისტრი 2024 წლის იანვარში გახდა.