
ლე პენმა სამარცხვინოდ მიიჩნია რუსეთის საგარეოს გვერდზე მისი ფოტოს გამოქვეყნება
04/07/2024 11:13:31 ევროპა
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე "ეროვნული ერთობის" საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა მარინ ლე პენმა რუსეთი პროვოკაციასა და საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც მისი ფოტო X–ზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდა.
რუსეთის საგარეოს "პოსტში" ნათქვამია, რომ „საფრანგეთის ხალხი იბრძვის სუვერენული საგარეო პოლიტიკისთვის, რომელიც მიესადაგება მათ ეროვნულ ინტერესებს და სურს, თავი დააღწიოს ვაშინგტონისა და ბრიუსელის დიქტატს“.
TF1 –ს წამყვანმა ლე პენს ჰკითხა, მიიღო თუ არა მისმა პარტიამ მხარდაჭერა რუსეთისგან საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების ფონზე და მიუთითა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე. საპასუხოდ პოლიტიკოსმა თქვა, რომ პასუხისმგებლობას არ იღებს რუსეთის ხელისუფლების განცხადებებზე, მაგრამ აღშფოთება გამოხატა ამ პოსტის მისი ფოტოსურათით გამოქვეყნების გამო.
„როდესაც ასეთი დემონსტრაციული და პროვოკაციული ტვიტი კეთდება, ეს შეიძლება ჩაითვალოს საფრანგეთის საქმეებში ჩარევის ფორმად“, ხაზგასმით აღნიშნა მან. ლე პენის მტკიცებით, რუსეთის ხელისუფლება დაინტერესებული რომ იყოს მისი პარტიის გამარჯვებით, ასეთ "სტატუსს" არ გამოაქვეყნებდა.
პოლიტიკოსმა დასძინა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან და „ეროვნული ერთობის“ წარმომადგენლებმა „საკმაოდ მკაფიოდ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და გამოკვეთეს მისი საზღვრები“, კერძოდ, ისინი ლაპარაკობდნენ ამ ქვეყანაში ფრანგი სამხედროების გაგზავნის წინააღმდეგ.
იხილეთ ასევე: საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებს უკვე 200–ზე მეტი კანდიდატი ჩამოშორდა ულტრამემარჯვენეების დასამარცხებლად