
რა მიზნით შემოვიდნენ NATO –ს საბრძოლო გემები შავ ზღვაში და რა კავშირი აქვს მათ ვიზიტთან საქართველოს
30/03/2019 11:14:56 სხვა, თავდაცვა
შავი ზღვის აკვატორიაში NATO–ს მეორე მუდმივმოქმედი სამხედრო–საზღვაო დაჯგუფების საბრძოლო გემები შემოვიდნენ.
დაჯგუფების შემადგენლობაში შედის მისი ფლაგმანი - ნიდერლანდური საესკადრო ნაღმოსანი ხომალდი „ევერტსენი“, კანადური ფრეგატი „ტორონტო“, ესპანური ფრეგატი „სანტა მარია“, ბულგარული „Drazki“, თურქული „Yildirim“ და რუმინული „RegeleFerdinand“.
NATO'ya bağlı 3 savaş gemisi İstanbul Boğazından peş peşe geçiş yaptı. Boğaz geçişini tamamlayan gemiler Karadeniz'e açıldı. Gemilerin geçişine sahil güvenlik botları da eşlik etti. pic.twitter.com/gujkqnSquf
— Demirören Haber Ajansı (@dhainternet) March 28, 2019
შავ ზღვაში პატრულირების შემდეგ ორი ხომალდი 1 აპრილს უკრაინაში, ოდესის პორტში შევა (უკრაინის აღმოსავლეთში კრიზისის დაწყების შემდეგ შავ ზღვაში რეგულარულად შედიან ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალებისა და NATO–ს სხვა წევრი სახელმწიფოების ხომალდები), ხოლო 4 აპრილს – საქართველოში, ფოთის პორტში.
როგორც „აქცენტს“ საქართველოს შს სამინისტროში განუცხადეს, ამ გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 4 აპრილამდე გასტანს, შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატო–ს შენაერთების ერთობლივი წვრთნები გაიმართება.
თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრეს-სამსახურში კი "აქცენტს" დაუზუსტეს, რომ ნატო-ს ხომალდების შავ ზღვაში შემოსვლის მიზანი წვრთნებში "ზღვის ფარი 2019" მონაწილეობაა.
"მოუთმენლად ველით წვრთნების დაწყებას და მუშაობას ჩვენს უკრაინელ და ქართველ პარტნიორებთან" - აცხადებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.
გუშინ, 28 მარტს გემებმა დარდანელის სრუტე გადმოლახეს და მარმარილოს ზღვით ბოსფორისკენ გაემართნენ. შავი ზღვის აკვატორიაში მათ საღამოსთვის ელოდნენ.
რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის ცნობით, ნატო-ს გემების დაჯგუფებას შავ ზღვაში გადაადგილებისას რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ძალები მიაცილებენ.
"ნატო-ს სამხედრო ხომალდების ქმედებებზე დაკვირვებას რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემები "ივან ხურსი" და "ვასილი ბიკოვი" ახორციელებენ, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მონტრეს 1936 წლის კონვენციის თანახმად, იმ ქვეყნების ხომალდებს, რომლებიც შავი ზღვის სახელმწიფოებს არ მიეკუთვნებიან, მის აკვატორიაში ყოფნა არაუმეტეს 21 დღე–ღამისა შეუძლიათ.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში შავ ზღვაში ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი ხომალდი „დონალდ კუკი“ იყო შემოსული. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ხომალდის გადაადგილებას შავი ზღვის ფლოტის ძალები ადევნებდნენ თვალს.