მედია: რუსეთმა ფინეთთან საზღვარზე არსებული სამხედრო ბაზები თითქმის დააცარიელა

19-06-2024 15:41:53 ევროპა ,მსოფლიო

მიუხედავად NATO–ში გაწევრიანების გამო ფინეთის წინააღმდეგ „სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ზომებით“ მოსკოვის მუქარისა, საზღვრებთან სამხედრო ყოფნის გაზრდისა, ფინეთის საზღვრებთან რუსული სამხედრო ბაზები თითქმის დაცარიელებულია – პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა უკრაინის წინააღმდეგ ომში გადაისროლეს. ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Yle სადაზვერვო წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

„ტექნიკისა და ჯარისკაცების 80%–მდე გადაისროლეს უკრაინის წინააღმდეგ ომში“, - ამბობს Yle –ს წყარო.

ბაზებზე თითქმის მხოლოდ ინსტრუქტორები და ახალწვეულები დატოვეს, კონტრაქტორები ომში გაუშვეს.

წყაროს თქმით, რუსეთი პერსონალს და ტექნიკას "აგროვებს" არა მხოლოდ ფინეთის საზღვართან მდებარე ბაზებიდან, არამედ მთელ თავის უზარმაზარ ტერიტორიაზე, გარდა მოსკოვის ოლქისა.

Yle-მა ასევე მოიპოვა რუსული ბაზების სატელიტური სურათები, რომლებიც ადასტურებს გარკვეულ ცვლილებებს. ამრიგად, პეტროზავოდსკთან მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე, 2024 წლის მაისის მდგომარეობით, 2023 წლის ივნისთან შედარებით, ათობით ერთეული ტექნიკა "გაუჩინარდა". პარალელურად იქ გაჩნდა ერთი ახალი ანგარი.

კაუკიარვიდან გამოსახულებები აჩვენებს, რომ ახლა იქ უამრავი კარავია პერსონალის დასაბინავებლად - სავარაუდოდ წვევამდელებისთვის, რომლებიც გადიან საბაზისო მომზადებას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ნატოში გაწევრიანების განზრახვის გამო ფინეთის მიმართ მუქარის გაჟღერება ჯერ კიდევ განაცხადის წარდგენამდე დაიწყო – იმუქრებოდა „სამხედრო-ტექნიკური და სხვა ხასიათის“ პასუხით. 2023 წლის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გამოაცხადა კარელიაში ახალი არმიის კორპუსის შექმნა, რომელსაც უნდა მოეცვა სამი მოტორიზებული და ორ საჰაერო თავდასხმის დივიზია. ამავე დროს გამოცხადდა ლენინგრადის სამხედრო ოლქის შექმნაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები