საბერძნეთში რეკორდული სიცხის გამო სკოლები დაიკეტა

13-06-2024 00:07:04 ევროპა

საბერძნეთი ძლიერ სიცხეს ებრძვის. დღისით ტემპერატურა ჩრდილში 43 გრადუსს აღწევს.

რამდენიმე რეგიონში, მათ შორის დედაქალაქში, სკოლები დაკეტილია. საბერძნეთის შრომის სამინისტრო ურჩევს, რომ ბიზნესებმა თანამშრომლები გადაიყვანონ დისტანციურ რეჟიმში.

კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ათენის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა – აკროპოლისი, დაკეტილი იქნება ტურისტებისთვის ყველაზე ცხელ საათებში, შუადღიდან საღამოს 5 საათამდე.

ეს არის ანომალიური სიცხის პირველი ტალღა საბერძნეთში წელს. მეტეოროლოგები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტალღები ადრეც დაფიქსირდა ზაფხულის შუა რიცხვებში, მაგრამ არასდროს 15 ივნისამდე. საბერძნეთისთვის უჩვეულოდ ითვლება ზაფხულში 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, რომელიც სულ მცირე სამი დღე გრძელდება.

საბერძნეთი ევროპის იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც კლიმატის ცვლილება ყველაზე თვალსაჩინოა. გასულ წელს სიცხემ ტყის ხანძრების ტალღა გამოიწვია; შემდეგ იყო ძლიერი წვიმა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. როგორც ხანძარმა, ასევე წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა როგორც ბუნებას, ასევე სოფლის მეურნეობას და ქალაქებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები