პოლონეთში, იარაღის ქარხანაში მომხდარ აფეთქებაში "გარე ძალების" კვალს ჯერ ვერ ხედავენ

10-06-2024 23:57:12 ევროპა ,მსოფლიო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ჯერ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება "მესკოს" იარაღის ქარხანაში მომხდარ აფეთქებაში "გარე ძალების" მონაწილეობის, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. იტყობინება Wirtualna Polska.

პოლონეთის მთავრობის გასვლით სხდომაზე, რომელიც ბიალისტოკში, ბელარუსის საზღვართან გაიმართა, ტუსკმა გაიხსენა აფეთქება "მესკოს" ქარხანაში, სამხრეთ პოლონეთში, სვიეტოკრჟისკის რეგიონში.

„აშკარა მიზეზების გამო, ჩვენ ძალიან მგრძნობიარედ ვრეაგირებთ ყველა მსგავს სიტუაციაზე. ჯერ არ არის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ რაიმე გარე ძალა დგას ამ დრამატული მოვლენის უკან“, - თქვა პოლონეთის პრემიერმა.

პოლონური შეიარაღების კონცერნ PGZ-ის ცნობით, რომელიც ქარხანას ფლობს, ხანძარი ორშაბათს დილის 10 საათისთვის გაჩნდა. შედეგად 59 წლის მუშა გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოშია.

„PGZ-ის დონეზე შეიქმნა კომისია, რომელიც გამოიძიებს ინციდენტის გარემოებებს“, - აცხადებენ კონცერნში.

როგორც Wirtualna Polska იხსენებს, ეს არ არის პირველი უბედური შემთხვევა "მესკოს" ქარხანაში. 2021 წელს იქ ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ქალი დაიღუპა.

ქარხანა, სადაც ინციდენტი მოხდა, აწარმოებს იარაღს და საბრძოლო მასალას, მათ შორის უკრაინისთვის.

შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში პოლონეთში ხანძრების სერიას ჰქონდა ადგილი, მათ შორის, ვარშავაში სავაჭრო ცენტრი დაიწვა, კატოვიცის მახლობლად ავტოსადგომზე იყო მასშტაბური ხანძარი.

ამის შემდეგ, ქვეყანამ გამოაცხადა ცხრა ადამიანის დაკავება, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან რუსეთის დაკვეთით ქვეყანაში დივერსიულ საქმიანობაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები