
ლატვიის პრეზიდენტი გამოეხმაურა რუსეთის ზრახვებს, თვითნებურად შეცვალოს საზღვრები ბალტიის ზღვაში
22/05/2024 13:37:41 ევროპა
ლატვიის პრეზიდენტის ედგარს რინკევიჩის თქმით, თუ დადასტურდა ცნობები რუსეთის ზრახვების შესახებ, ცალმხრივად შეცვალოს ბალტიის ზღვაში საზღვრები, ნიშნავს ესკალაციას, რომელიც რეაგირებას მოითხოვს.
როგორც Delfi იუწყება, ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ნებისმიერი გეგმა ბალტიის ზღვაში საზღვრების ცალმხრივად შეცვლაზე იქნება ესკალაცია, რომელიც პასუხს მოითხოვს.
რინკევიჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის გეგმები ჯერჯერობით მხოლოდ არაოფიციალურადაა ცნობილი.
„ახლა ჩვენ ამ საკითხს სიღრმისეულად ვსწავლობთ - როგორც რიგაში, ასევე სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მანამდე The Moscow Times წერდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ცალმხრივად შეცვალოს ქვეყნის საზღვაო საზღვრები ლიეტუვასთან და ფინეთთან ბალტიის ზღვაში და რომ ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის მთავრობის დადგენილების პროექტში, რომელიც სამართლებრივი აქტების პორტალზე გამოქვეყნდა. მოგვიანებით ინფორმაცია პორტალიდან გაქრა.