როდესაც ქუჩაში „საპროტესტოდ“ ხელისუფლება გადის

22-04-2024 17:09:11 პოლიტიკა ,ანალიზი

სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ 29 აპრილს „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს რუსთაველზე, პარლამენტთან, სადაც „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქცია ყოველდღიურად იმართება. აღნიშნული პარტიამ „მხარდამჭერთა თხოვნას“ დაუკავშირა. ითქვა, რომ კონტრაქციას დაესწრება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც პოლიტიკაში მორიგ ჯერზე მობრუნების შემდეგაც მაქსიმალურად არიდებს თავს საჯაროობას.

„ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები - მამული, ენა და სარწმუნოება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

პრაქტიკის გათვალისწინებით, არსებობს გონივრული ეჭვი სამიზნე აუდიტორიასთან მიმართებით – მსგავს ღონისძიებებზე საჯარო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა აქტივობაც ხშირად შეინიშნება. თუმცა, როგორც ჩანს, არსებობს რაოდენობასთან დაკავშირებული სამიზნე გეგმაც. მაგალითად, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ჰკითხეს შესაძლო დაპირისპირებაზე, მან უპასუხა:

„გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები იქ ვერ იქნებიან, იმიტომ, რომ იქნება 100 ათასზე მეტი ადამიანი და პროვოკაციისთვის თუ ვინმე მოვა, პასუხს გასცემს იმას პოლიცია და განარიდებენ იქიდან, რა პროვოკაცია უნდა იყოს?!“.

ხელისუფლების რესურსების გათვალისწინებით, არის მოლოდინი, რომ კონტრაქცია ხალხმრავალი იქნება, მაგრამ მაინც რისი დემონსტრირება სურს ხელისუფლებას და ვისთვის? ანალიტიკოსები, რომელთაც „აქცენტი“ ესაუბრა, თვლიან, რომ ხსენებულ ღონისძიებას რამდენიმე ადრესატი ჰყავს:

  • ჩამოუყალიებებელი მოქალაქეები;
  • მხარდამჭერები, „გემი არ იძირებაო“.
  • მაგრამ თუ მმართველი გუნდის წევრების განცხადებებით ვიმსჯელებთ, კონტრაქცია სავარაუდოდ, გზავნილია ქვეყნის პარტნიორებისადმიც, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ „აგენტების კანონის“ გამო და ხაზს უსვამენ, რომ ეს აფერხებს ქვეყნის ევროინტენგრაციას. „ხელისუფლების წყაროა ხალხი და ეს ხალხი უნდა დაინახოს ყველამ“,– თქვა 22 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

პოლიტიკის კომენტატორი ვახტანგ ძაბირაძე, რომელსაც პოლიტიკურ პროცესებზე ხანგრძლივი დაკვირვების გამოცდილება აქვს, „აქცენტთან“ წარსულს იხსენებს. კერძოდ, წინა ხელისუფლებების მიერ მათთვის კრიტიკულ მომენტებში გამართულ მასშტაბურ კონტრაქციებს, თუმცა მათ, მიუხედავად ამისა, მაინც უწევდათ ძალაუფლების დათმობა:

„ყველაზე დასანანი იცით რა არის? ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება! გახსოვთ შევარდნაძის მომხრეებმა რომ მოაწვეს აქცია? ხოლო სააკაშვილმა, იმისთვის, რომ ეჩვენებინა, როგორი მხარდაჭერა ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, გაავსო სტადიონი... ორივეს მოუწია ძალაუფლების დათმობა... როდესაც ხელისუფლება მსგავს ნაბიჯს დგას, ეს უპირველესად, იმის მაჩვენებელია, რა მძიმე ვითარებაშია თავად ხელისუფლება, კრიზისშია და ამის გადაფარვა სურს სურათის შექმნით, „აი, ჩვენთან მეტი ხალხი მოვიდაო“. ხელისუფლებას რომ ხალხის მობილიზება შეუძლია, ეს გასაგებია. საქმე ისაა, იქ მისული ხალხი არის კი ხელისუფლების მხარდამჭერი?! დიახ, ბევრი ხალხი იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს მათი პოზიციის გაზიარებას – იძულებულნი არიან, თავი მოაჩვენონ. საბჭოთა დროს გამართული პარადებიც ძალიან კარგად მახსოვს – სამი საათი გრძელდებოდა მსვლელობა რუსთაველზე, მაგრამ იქ არავინ მიდიოდა იმისთვის, რომ ოქტომბრის დღესასწაული ეზეიმა – ხალხი იძულებული იყო, გასულიყო, სამსახურებიდან მიჰყავდათ და მოჰყავდათ“.

„მხარდამჭერების ფსიქოლოგიურ მობილიზებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავს ვითარებაში, რომ მარტონი არ არიან და რომ ხელისუფლება მოქმედებს, რომ ასე იოლად არ დათმობს და ა.შ.“,– ამბობს „აქცენტთან“ ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.

ხოლო ძაბირაძე ხაზს უსვამს, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ხელისუფლება, მსგავსი „მანიპულაციები, რა თქმა უნდა, არ სჭირდება“:

„მაგრამ როდესაც უჭირს... წარმოიდინეთ, ხელისუფლება, რომელსაც ყველა ინსტრუმენტი აქვს, არც პროპაგანდის ინსტრუმენტები აკლია, საპროტესტო აქციას აწყობს!“.

ზაზა ფირალიშვილი კრიზისის თაობაზე შეფასებებს იზიარებს, მაგრამ მმართველი გუნდის მოქმედების დინამიკა მას ერთგვარი გეგმის არსებობას აფიქრებინებს, რაც არც პროცესების რადიკალიზებას გამორიცხავს:

„თუ მართალია, რომ მესამე მოსმენა 17 მაისს უნდა გაიმართოს, ეს ნიშნავს, რომ უნდა ველოდოთ დამატებითი რისკფაქტორების გაჩენას – ერთის მხრივ, ეს არის ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე. ეჭვი მაქვს, ისინი [ლგბტ თემი] შეეცდებიან თავიანთი პროტესტის დემონსტრირებას და შეუერთდებიან დემონსტრანტებს, რომლებიც თავიანთ პოლიტიკურ პროტესტს გამოთქვამენ. მეორეს მხრივ, ამას მოჰყვება „ოჯახის სიწმინდის“ დამცველთა გამოსვლები და ჩვენ შეიძლება, მივიღოთ სიტუაცია, როდესაც ლაპარაკი დაიწყება უკვე სულ სხვა თემაზე და არა იმ კანონზე, რომელსაც ამტკიცებენ. ხელისუფლება ქმნის ძალიან მძიმე სიტუაციას. უნდა ითქვას ყველაფერი: სექსუალურ უმცირესობათა თემა იწვევს საპროტესტო მუხტის გაფანტვას. ეს რამდენჯერმე უკვე მოხდა. როგორც ჩანს, იგივე სცენარის გათამაშება სურთ ამჯერადაც და დამატებით, „ოჯახის სიწმინდის“ დამცველთა გამარჯვების დემონსტრირება“.

ის შიშობს, რომ საქმე შესაძლოა, დაპირისპირებამდე მივიდეს და ოპოზიციურ ფლანგზე მის მიერ დანახურ პრობლემებზეც მიანიშნებს:

„სამწუხაროდ, ოპოზიციას აკლია ალღო, რას რა შეიძლება, მოჰყვეს, რას უნდა შეუშალონ ხელი... ბოლო წლებში გამოიკვეთა რამდენიმე პუნქტი, რომელთა მეშვეობითაც ცდილობს ხელისუფლება ოპონენტებს „ჩაძირვას“, მათ შორის არის სექსუალურ უმცირესობათა თემა და ის, რომ თითქოს ოპოზიციას სურს ომი. აქამდე, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან, მაგრამ საკმაოდ წარმატებულად ახერხებდა ამას: გამიკვირდა, როდესაც თბილისს გარეთ დაბეჯითებით გამიმეორეს ადამიანებმა, თითქოს ღარიბაშვილმა გადაარჩინა ქვეყანა ომს და რომ „ევროპას მოჰყავს სექსუალური უმცირესობები და მოაქვს მათი დიქტატურა“. ოპოზიცია ვერ ახერხებს ამის გადაფარვას. მათი უმწეობა განსაკუთრებით მკაფიო იყო ომის თემასთან დაკავშირებით: თავმომწონედ უყურებდნენ, ვინ დაიჯერებს ამ სისულელესო“, არადა თურმე იჯერებდნენ ადამაინები“.

ის ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლება რაციონალურ თუ ირაციონალურ შიშებზე ახდენს კაპიტალიზებას, პოპულისტური თემებით მანიპულირებს და მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში გადაფარვა ხდება მთელი რიგი, მოქალაქეებისთვის მართლაც რომ საჭირბოროტო საკითხების, „მთელი კონტექსტი რჩება ყურადღების მიღმა – კორუფცია, კრიმინალური იდეოლოგიის გააქტიურება და ა.შ. რომელიც სწორედ რომ უბრალო ადამიანს ემუქრება!“:

„სწორედ ასე შეიქმნა ლუკაშენკოს დიქტატურა – პოპულისტურ თემებზე პედალირებით და ოპოზიციის უმწეობით. „ევროპულად“ განათლებული ოპოზიცია არც კი კადრულობდა, პასუხი გაეცა ლუკაშენკოს პოპულისტური, სრულიად აბსურდული ბრალდებებისთვის და გაირკვა, რომ ძალიან დიდი მასა ადამიანებისა ამას იჯერებდა. ხოლო როდესაც აღარ დაიჯერეს, უკვე გვიანი აღმოჩნდა და მე მეშინია, რომ სწორედ აქეთკენ მიდის ეს სიტუაცია“.

ფირალიშვილი იმედს იტოვებს, რომ ახალგაზრდები ახალგაზრდები „მაინც არ აღმოჩნდებიან უმწეოები, მოწყვლადები და კონცეპტუალურად ღატაკები“:

„იქნებ მათ შეინარჩუნონ მორალური პათოსი, თავიანთი სიმართლის გრძნობა. რომ არა მათი იმედი, ამ ქვეყანაში გაძლება შეუძლებელი გახდებოდა!“.

ასაკობრივ კატეგორიებზე ამახვილებს ყურადღებას ძაბირაძეც:

„სულ რაღაც ხუთი წლის წინ მომიტინგეთა ასაკობრივი რაოდენობა განსხვავებული იყო – სადღაც 80% იყო ხანდაზმული ხალხი, 20% – ახალგაზრდობა. დღეს აბსოლუტურად პირიქითაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინაიდან ახალგაზრდები ქუჩაში გავიდნენ და აქვთ იდეა (იბრძვიან მართლაც მნიშვნელოვნისთვის ამბისთვის და ეს გაცნობიერებულიც აქვთ), ამისთვის იბრძოლებენ და პროცესების სხვაგვარად წარმართვის შანსი აღარ არსებობს!“,– ამბობს ანალიტიკოსი და დასძენს, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ის, რომ პოლიტიკურად დაასრულა თავისი არსებობა. ახლა საკითხი დგას ასე, რეალობაში როდის მოხდება მისი ასახვა. საუკეთესო ვარიანტია, ეს დასრულდეს არჩევნებით და არა სამოქალაქო დაპირისპირებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები