ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 15-17 აპრილი

22-04-2024 12:18:02

აფხაზური საზოგადოება თბილისში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს

აფხაზურ სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელმეორედ ინიციირებას უკავშირდება. აფხაზებისთვის ეს საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მოთხოვნით, მსგავსი კანონის მიღება სოხუმის დღის წესრიგში უკვე წლებია დგას, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ის „პარლამენტში“ დასამტკიცებლად შეიტანა. „კანონპროექტის მიღებას“ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ადგილობრივი ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და რიგითი მოქალაქეები.

ქართულ კანონზე საუბრისას, სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ის უცხოეთიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის შეზღუდვების დაწესებას ისახავს მიზნად. „უცხოურ აგენტად აღიარებულ ორგანიზაციებს ექნებათ ვალდებულება, სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია გაიარონ და რეგულარულად წარადგინონ ანგარიშები საკუთარი საქმიანობის შესახებ. კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მოსაზრებით, ის სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის თავისუფალი საქმიანობის შეზღუდვას ემსახურება“, - ნათქვამია ერთ-ერთ ტელეგრამ-პოსტში.

სოციალური ქსელის მომხმარებლები ასევე აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებამ მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს და კანონპროექტის „უკომპრომისო“ მიღებაზეა მიმართული. ისინი ხაზს უსვამენ იმ ფაქტსაც, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩებთან შეხვედრა მოუწია, და ვარაუდობენ, რომ საუბარი საკმაოდ მკაცრი იყო.

„რით დასრულდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული დაპირისპირება ჯერჯერობით უცნობია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის რუსეთისა და დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგობა, ხოლო მოსკოვს კავკასიისთვის „გამზადებული რეცეპტები“ ყოველთვის გააჩნია“, - აღნიშნავენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

აფხაზეთში ყურადღება მიაქციეს რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებასაც, რომელშიც ამ უკანასკნელმა საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი შეაქო, და განაცხადეს: „აფხაზეთში ანალოგიურ კანონზე ნებისმიერი მსჯელობა აზრს მოკლებულია. ზემოდან მოდის დავალება - მიიღეთო. და გაქცევა შეუძლებელია...“

ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეზღუდვა იწყება

დე ფაქტო გადასახადების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაიხურა აფხაზეთში მოქმედი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ საბანკო ანგარიშები. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელი, იურისტი საიდ გეზერდავა ავრცელებს. მისი თქმით, მიმდინარეობს როგორც თავად „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ თანამშრომლების, ისე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პირადი ანგარიშები უკანონო შემოწმებები.

საიდ გეზერდავა საგადასახადო „უწყების“ ქმედებას უკანონოდ და არაკომპეტენტურად მიიჩნევს და მას პოლიტიკური დაკვეთის აღსრულებაში ადანაშაულებს. „ეს არის კანონდარღვევა, რადგან ხალხს უკანონო შემოწმების განხორციელებას აიძულებენ“, - აღნიშნა მან.

ორგანიზაციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ლუდმილა აჩბამ განაცხადა, რომ შემოწმება ერთი კვირის წინ დასრულდა და შემმოწმებლების ოქმის მიხედვით, „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ საქმიანობაში დარღვევების იდენტიფიცირება არ მომხდარა. მან ასევე დასძინა, რომ თუ ანგარიშები აპრილის ბოლომდე არ გაიხსნება, ორგანიზაციის ბენეფიციარები იურიდიულ დახმარებას ვეღარ მიიღებენ.

სოციალური ქსელის მომხმარებლები გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფითად გამოეხმაურნენ. მათ დე ფაქტო ხელისუფლების ქმედებები დაგმეს და მოსახლეობას საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდეს. „მშვიდობიანი გზით ისინი [დე ფაქტო ხელისუფლება] უკვე ვერაფერს გაიგებენ“, - აღნიშნავენ ისინი.

აფხაზეთში დელფინები კვლავ იხოცება

სოციალურ ქსელში კვლავ ვრცელდება გაგრის სანაპიროზე გამორიყული პატარა დელფინების ფოტომასალა. პოსტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ექსპერტები შეფასებებს ვერ იძლევიან, რადგან მსგავს სიტუაციას პირველად აწყდებიან და ახსნა უჭირთ. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძუძუმწოვრებისთვის საშიში თევზჭერის პერიოდი უკვე დასრულებულია, თუმცა დელფინების სიკვდილიანობა გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ დელფინებისა და წყლის ფრინველის მასიური დახოცვა აფხაზეთში წლის დასაწყისიდან ფიქსირდება. დე ფაქტო ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები მათ გარდაცვალებას ფრინველის გრიპს უკავშირებდნენ, თუმცა რუსმა ექსპერტებმა ვირუსის არსებობა გამორიცხეს. ადგილობრივი მაცხოვრებლები დელფინებისა და წყლის ფრინველის სიკვდილს თურქულ თევზსაჭერ სეინერზე მოწამვლის შემთხვევას უკავშირებდნენ. კერძოდ, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქი მეზღვაურები სეინერების იატაკქვეშა მაცივრებში უკანონოდ შენახული ამიაკით მოიწამლნენ, ხოლო ამ ინციდენტის შემდეგ ყველა დანარჩენმა სეინერმა საშიში ამიაკი ზღვაში ჩაღვარა.

ვრცელდება ინფორმაცია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში მომხდარი კონფლიქტის შესახებ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას კაბინეტში უცნობი პირები შეიჭრნენ, სადაც ამაღლებული და უხეში ტონით მისი საქმიანობის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყეს. დაშავდა თუ არა თავად ინალ არძინბა უცნობია.

სოცქსელის მომხმარებლების ნაწილმა გავრცელებული ინფორმაცია შესაძლებლად მიიჩნია, რადგან „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ საქმიანობას უარყოფითად აფასებს. ზოგიერთმა აღნიშნული ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ინალ არძინბას სამსახურში ბიძაშვილი ესტუმრა და ისინი ტელეფონით მესამე პირს ესაუბრებოდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები