Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 4-7 აპრილი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 4-7 აპრილი

10/04/2024 08:19:42 კონფლიქტები

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის მოლაპარაკებების მე-60 რაუნდი შეაფასა

აფხაზეთში გავრცელებული ინფორმაციით, მონაწილეებმა სოხუმიდან „საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის“ ირაკლი ტუჟბას ხელმძღვანელობით კვლავ დააყენეს ძალის გამოუყენებლობის თაობაზე იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერის აუცილებლობის საკითხი, რაც, მათივე განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხს წარმოადგენს. „სამწუხაროდ, ქართველი მონაწილეების დესტრუქციული პოზიცია უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების დოკუმენტზე სრულფასოვანი მუშაობის დაწყების შესაძლებლობას არ იძლევა“, - აღნიშნულია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ რეგიონში და ე.წ. სასაზღვრო ზონაში მდგომარეობა სტაბილური და შედარებით მშვიდი რჩება. ამასთან, სოხუმის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოსთან „სახელმწიფო საზღვრის“ დელიმიტაციისა და დემარკაციის მნიშვნელობას, რაც, მათი შეფასებით, ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

ამავე განცხადების მიხედვით, „აფხაზეთის დელეგაციამ“ დაადასტურა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის განახლებისთვის მზადყოფნა, თუმცა, მისი აღდგენის მცდელობებმა ქართული მხარის მონაწილეების მხარდაჭერა ვერ ჰპოვა.

მოლაპარაკებების მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ იქნა რიგი ჰუმანიტარული საკითხები, რომელთა შორის სოხუმის მონაწილეებმა „საერთაშორისო იზოლაციასა“ და საზღვარგარეთ თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. „ყველა მოწოდების მიუხედავად, ამ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ პრობლემას სათანადო ყურადღება მიექცეს, ამ მიმართულებით მდგომარეობა მხოლოდ მძიმდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით მე-60 რაუნდი 2024 წლის 4-5 აპრილს გაიმართა. მომდევნო რაუნდის ჩატარება 25-26 ივნისს არის დაგეგმილი.

აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის მოქმედი ლიდერი ასლან ბჟანია გააკრიტიკა

რაულ ხაჯიმბას კრიტიკა გამოიწვია ასლან ბჟანიას რუსული გამოცემისთვის „არგუმენტები და ფაქტები“ მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ამ უკანასკნელმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

ხაჯიმბამ საკუთარი კრიტიკა ე.წ. „აპარტოტელების“ საკითხით დაიწყო. „შევამჩნიე, რომ იგი [ბჟანია], მიზანმიმართულად თუ უცოდინარობის გამო, ერთმანეთში ურევს ორ სრულიად განსხვავებულ ტერმინს - აპარტამენტებსა და აპარტოტელებს. ნამდვილად გვაქვს და ვაშენებთ აპარტ-ოტელებს, მაგრამ ბჟანია გვთავაზობს ავაშენოთ აპარტამენტები, რომლებიც შემდგომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაიყიდება. ნუთუ აუცილებელია, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მათი [აპარტამენტების] მშენებლობა მნიშვნელოვან დისბალანსს არა მხოლოდ დემოგრაფიულ, არამედ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გამოიწვევს?.. შეგახსენებთ, რომ რუსეთში აპარტამენტების მშენებლობასთან დაკავშირებით წუხილი ახლახან ვლადიმირ პუტინმა გამოხატა. მან რუსი მაღალჩინოსნების ყურადღება აპარტოტელების ნაცვლად აპარტამენტების მშენებლობის პროექტის მიუღებლობასა და ეკონომიკურ წამგებიანობაზე გაამახვილა. და ეს ხდება რუსეთში, სადაც მოქმედებს სოლიდური საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების შესაძლებლობას იძლევა. რა მოხდება ჩვენს ქვეყანაში აპარტამენტების მასიური მშენებლობა რომ დაიწყოს? როგორც ჩანს, ჩვენს სახელმწიფო მეთაურის ქვეყნის მომავალი არ ადარდებს“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

რაულ ხაჯიმბას შეშფოთება ასევე გამოიწვია ასლან ბჟანიას ნათქვამმა იმასთან დაკავშირებით, რომ „აპარტოტელების კანონის“ მიღებით „სახელმწიფო“ არაფერს კარგავს და ყველა რისკს საკუთარ თავზე ბიზნესმენები იღებენ. „მსგავსი განცხადებები უკვე მოსმენილი გვაქვს. შედეგად, ჩვენი ქვეყანა უკვე მრავალი წელია იხდის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებული სესხის ძირს და პროცენტებს. სწორედ ამიტომ ბჟანიას განცხადება, თითქოს ეს კანონი არა ინვესტორებს, არამედ აფხაზ ხალხს სჭირდება, ღიმილისმომგვრელია. ალტრუიზმი და ინვესტორი - შეუთავსებელი ცნებებია. საჭირო არ არის ხალხის მოტყუება“, - დასძინა ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

რაულ ხაჯიმბა რუსეთთან ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბჟანია არც პირველი და არც უკანასკნელი „პრეზიდენტია“, რომელსაც რუსეთთან კეთილმეზობლური თანამშრომლობის განვითარება სურს, შესაბამისად, მისი თავმოწონება უადგილოა. ხაჯიმბამ კითხვის ნიშნის დააყენა ბჟანიას განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსულ „საზღვარზე“ გამშვები პუნქტის გაუქმება მხოლოდ რუსეთი-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანების შემდეგ არის შესაძლებელი. ხაჯიმბას მტკიცებით, რუსეთ-ბელარუსის საზღვარზე სასაზღვრო კონტროლი ჯერ კიდევ 1995 წელს გაუქმდა, ხოლო სამოკავშირეო სახელმწიფო 1999 წელს შეიქმნა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ბელარუსი აფხაზეთს არ აღიარებს. „რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ბჟანიას ეს დეტალი დაავიწყდა“, - განაცხადა ხაჯიმბამ.

გავრცელებულ შეფასებაში რაულ ხაჯიმბამ ასევე გამოხატა გაკვირვება იმის გამო, თუ როგორ უწოდებს მოქმედი ლიდერი „სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ მოქცეულ ადამიანებს“ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც აფხაზეთის მომავალთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა გააჩნია. „მსურს ბატონ ბჟანიას ვაცნობო, რომ არც ერთ პრეზიდენტს, ყველაზე მწვავე დაპირისპირების პირობებშიც კი, განსხვავებული აზრის მქონე პირსა და ხალხის მტერს შორის ტოლობის ნიშანი არასდროს დაუსვამს. სახელმწიფო მეთაური მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავოს სახელმწიფო ღალატში იმ პირების უსაფუძვლო დადანაშაულებისგან,რომლებიც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რიგებში იდგნენ, იბრძოდნენ და გადარჩნენ, ხოლო ბევრი საბრძოლო ჭრილობებით აშენებდნენ და დღესაც აშენებენ ჩვენს სახელმწიფოს“, - აღნიშნა ხაჯიმბამ.

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა რუსეთთან ურთიერთობებს აფასებს

ადგილობრივი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ამჟამად აფხაზეთს სუვერენიტეტის „უპრეცედენტო“ დონე გააჩნია. „როგორც ისტორიკოსს შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს სახელმწიფოს განვითარების სხვადასხვა ეტაპი ჰქონდა და რითაც ყოველთვის შეგვიძლია ვიამაყოთ, ეს არის აფხაზეთის სამეფოს წარმოქმნისა და არსებობის პერიოდი. თუმცა ამ პერიოდშიც კი გარკვეული დამოკიდებულება გვქონდა ბიზანტიის იმპერიაზე, რადგან აფხაზი მეფეები ტიტულებს იქ იღებდნენ და ფაქტობრივად ბიზანტიის პოლიტიკური მაღალჩინოსნები იყვნენ. დღეს ჩვენ ვართ სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფო, რამდენადაც ეს შესაძლებელია მსოფლიოში“, - აღნიშნა მან.

შამბას თქმით, დღესდღეობით აფხაზეთის მთავარი სტრატეგიული მოკავშირე და სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი არის რუსეთი, რომელიც მას უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის ყველა შესაძლებლობას უხსნის. „ცხადია, რომ ასეთ სახელმწიფოსთან, ბირთვულ ძალასთან სამოკავშირეო ურთიერთობებით უსაფრთხოების საიმედო გარანტიები გვეძლევა. კაცობრიობის ისტორიაში ნებისმიერი პატარა სახელმწიფო ეძებს მოკავშირეებს და როგორც იქნა, რთული პოლიტიკური ბრძოლისა და ჩვენი სამხედრო გამარჯვების შედეგად, დღეს უკვე გვაქვს მყარი შესაძლებლობა, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა სერგეი შამბამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროსისტემის აბონენტებს დენი ექვსი საათის განმავლობაში არ მიეწოდება

7 აპრილიდან აფხაზეთის მოსახლეობის დენი ისევ განრიგით მიეწოდება. როგორც კომპანია "ჩერნომორენერგოში" აცხადებენ, დენის დეფიციტის მიზეზი ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის მე-8 კილომეტრზე მომხდარი ავარია გახდა. კერძოდ, კედლის დაზიანების გამო ბეტონის ნამსხვრევებმა ტურბინების განყოფილებამდე მიაღწია, რამაც სადგურის ფუნქციონირების დროებით შეჩერება გამოიწვია.

„ჩერნომორენერგო“-ს თქმით, აღდგენითი სამუშაოები შესაძლოა 15 აპრილამდე გაგრძელდეს. თუ მათი დასრულების შემდეგ ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე მოიმატებს, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვები მოიხსნება.

როგორც „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ „აფხაზურ პორტალ“-თან ინტერვიუში განაცხადა, აფხაზეთს ელექტროენერგია ამჟამად ქართული კერძო კომპანიისგან მიეწოდება, თუმცა არ დააზუსტა, კონკრეტულად რომელ კომპანიაზეა საუბარი. მებონიას თქმით, აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია 6-7-ჯერ ძვირია, ენგურჰესის ელექტროენერგიასთან შედარებით.„აპრილის განმავლობაში ამ მოცულობის ელექტროენერგია (კერძო კომპანიისთვის) იქნება დასაბრუნებელი“, - აღნიშნა მან. მისივე განცხადებით, სადგურის თანამშრომლები სამ ცვლაში მუშაობენ, სადგურის ამოქმედება კი 15 აპრილისთვის იგეგმება.

„სიტუაცია მარტივი არაა, ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში, თებერვალში მთელი ელექტროენერგია აფხაზეთს მიაქვს, საერთოდ არ მაქვს ფინანსური შემოსავალი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სადგური განზრახ გავაჩერეთ, ძალიან ცდება. ჩემი ინტერესია, სადგური მუშაობდეს და ფულს იღებდეს, ხელფასებს იხდიდეს, საოპერაციო ხარჯებს ფარავდეს", - განაცხადა მებონიამ და დასძინა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს ამჟამად რუსეთიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება, ამასვე მოწმობს საქართველოს ელექტროსისტემის მონაცემებიც.

რუსეთში მოღვაწე აფხაზ ფეხბურთელს ახრიკ ცვეიბას თბილისში წასვლა აუკრძალეს

აღნიშნულის შესახებ განაცხადა რუსეთში მოღვაწე სპორტულმა კომენტატორმა გრიგორი თვალთვაძემ, რომელიც სოხუმში დაიბადა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ მისი მეგობარი, ფეხბურთელი ახრიკ ცვეიბა თბილისის „დინამოს“ იუბილეზე მიიწვიეს, სადაც ის მრავალი წელი თამაშობდა. „უფლება არ მისცეს, სოხუმიდან დაურეკეს და უთხრეს: „წასვლა არც იფიქრო“, - თქვა თვალთველაძემ. შედეგად, ცვეიბამ თბილისში ჩამოსვლაზე უარი თქვა.

თვალთვაძემ ასევე დასძინა, რომ აფხაზეთში ჩასვლა არ შეუძლია. „ჩემი გვარი იქ აკრძალულია. სამშობლოსთან გაწყვეტა ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი ნაწილია. ბებია-ბაბუის საფლავების მონახულებაც არ შემიძლია. ძმა ფრონტის ხაზზე დაიღუპა, კიდევ ერთი ნათესავი ომის დროს მილიციის უფროსი იყო. 30 წელი გავიდა. არ ვიცი, კიდევ რამდენი დრო უნდა გავიდეს, რომ იქ ცნობიერება შეიცვალოს“, - განაცხადა თვალთვაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S