Accentnews.ge
აფხაზური სასამართლო  - ყველაზე იდუმალი მსოფლიოში?

აფხაზური სასამართლო  - ყველაზე იდუმალი მსოფლიოში?

28/03/2024 12:43:18 კონფლიქტები

აფხაზეთში არ ცხრება სკანდალი, რომელიც ბიჭვინთის აგარაკის საკითხზე მოსკოვიდან მიღებულ საპროტესტო ნოტას უკავშირდება.

კერძოდ, რუსეთის საგარეო უწყებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა აფხაზური მხარის გადაწყვეტილება ბიჭვინთის ობიექტების მესამე პირთათვის გადაცემის აკრძალვისა და რუსეთთან გაფორმებული შეთანხმების დენონსაციის შესაძლებლობის თაობაზე. მოსკოვმა პირდაპირ მოსთხოვა სოხუმს, დაედასტურებინა „შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებისა და ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად აღსრულების მზაობა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების საფუძველზე“.

ნოტის ტექსტის პუბლიკაციისთანავე მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასლან ბჟანია „პარლამენტის“ სპიკერს, ვიცე-სპიკერსა და დეპუტატებს შეხვდა, შეხვედრის თემას კი საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ „საკონსტიტუციო კანონიდან“ ობიექტების მესამე პირთათვის გადაცემის ამკრძალავი პუნქტის ამოღება წარმოადგენდა.

„პარლამენტის“ სპიკერმა ლაშა აშუბამ შეხვედრის ფაქტი მაშინვე უარყო და ამ ამბავს „დეზინფორმაცია“ უწოდა. მისივე თქმით, „დეპუტატები“ რჩებიან იმ პოზიციაზე, რომელიც ჯერ კიდევ შეთანხმების რატიფიცირებამდე გააჩნდათ და თვლიან, რომ ეს პოზიცია აფხაზი ხალხის ინტერესებსაც შეესაბამება და არც შეთანხმების მიზნებსა და კონცეფციას ეწინააღმდეგება.

ამის კვალდაკვალ გავრცელდა ხმები, რომ ასლან ბჟანიას პირადი ინიციატივით ადგილი ჰქონდა „საკონსტიტუციო კანონის“ გაუქმების კიდევ ერთ მცდელობას, ამჯერად - უშუალოდ დე-ფაქტო საკონსტიტუციო სასამართლოში. აფხაზურ ტელეგრამ-არხ «РЕСПУБЛИКА»-ს ინფორმაციით, მოსამართლეთა უმრავლესობამ, თავმჯდომარის გამოკლებით, წინააღმდეგ მისცა ხმა.

მომდევნო დღეს, უარყოფის უკვე აპრობირებული სქემით, სასამართლოს პრეს-სამსახურმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო და არწმუნებდა საზოგადოებას, რომ ბიჭვინთის აგარაკის საკითხზე არ მიუღია არავითარი მიმართვა არც „პრეზიდენტისგან“, არც რომელიმე „სახელმწიფო“ ორგანოსგან.

უნდა აღინიშნოს, რომ დე-ფაქტო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 1 მარტს დაინიშნა დიანა ფილია - ასლან ბჟანიას ახლო ნათესავი. ამ ფაქტის გათვალისწინებით, „კანონის“ გაუქმების საკითხის განხილვის ვერსია სრულიად შესაძლებლად წარმოჩინდება. ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ ნათესავის თხოვნით ფილიამ გადაწყვიტა, ნიადაგი მოესინჯა იმ „საკონსტიტუციო კანონის“ შესაძლო ანულირების მიმართულებით, რომელიც მისი ოჯახის თავს დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. გამორიცხული არაა, რომ პირველ ეტაპზე ეს ვითარების ზონდირების არაოფიციალური მცდელობა ყოფილიყო, რომელიც „პრეზიდენტის“ მიმართვის საფუძველზე პროცედურულ კენჭისყრას არ ითვალისწინებდა და რომლის შედეგადაც ქ-ნმა ფილიამ კოლეგებისგან უარი მიიღო, საბოლოოდ კი საკითხი დღის წესრიგში აღარ დააყენეს.

მოვლენათა მსგავსი განვითარება შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს“ განცხადების სულისკვეთებასაც. ნიშანდობლივია, რომ უარმყოფელ განცხადებაში დეზინფორმაციად შეფასდა მხოლოდ ასლან ბჟანიას მიმართვისა და ბიჭვინთის საკითხზე მოსამართლეთა კენჭისყრის ამბავი, მაგრამ თავად განხილვის ფაქტთან დაკავშირებით არაფერი იყო ნათქვამი.

თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია და დადასტურდება თუ არა ისინი, დრო გვიჩვენებს. შესაძლოა, არც დადასტურდეს. ტყუილად ხომ არ აღიარებენ ასლან ბჟანიას ყველაზე თავგადაკლული მოწინააღმდეგეებიც კი, რომ რუსეთს არ ესმის დე-ფაქტო პრეზიდენტის მოქმედების ლოგიკა, როცა მოსკოვში ჩასული ბჟანია ერთის პირობას დებს, რეალობაში კი სულ სხვა რამ ხდება. ბჟანიას ადანაშაულებენ იმაშიც, რომ საკუთარი მოქმედებით იგი აფხაზეთში ანტირუსულ განწყობებს აღვივებს. დამეთანხმებით, ეს ყველაფერი სუსტად ეწერება ხალხის იმ მტრის ხატში, რომელმაც გადაწყვიტა, დიდ მეზობელს აფხაზური მიწები ნაწილ-ნაწილ აჩუქოს და „სუვერენიტეტიც“ გაუნაწილოს.

მაგრამ თუ საკითხის განხილვისა და ე.წ. საკონსტიტუციო კანონის ანულირებაზე ან შეცვლაზე უარის თქმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს ნიშნავს, რომ ასლან ბჟანიასგან განსხვავებით, დე-ფაქტო სტრუქტურებში ჯერ კიდევ რჩებიან გულანთებული ადამიანები, რომლებსაც მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალუძთ. თავად „პრეზიდენტს“ კი მოუწევს, ან საკუთარი ძალებით დააღწიოს თავი მარყუჟს, რომელიც თავზე „სტრატეგიულმა პარტნიორმა“ ჩამოაცვა, ან საკუთარი ხელით შემოუჭიროს მას... წინააღმდეგ შემთხვევაში ბჟანიას ნაცვლად ამას მისი კრემლელი კურატორები გააკეთებენ.

ეკა ცანავა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S