მედია: უკრაინაში ომის პარალელურად საქართველომ 35-ჯერ გაზარდა აშშ–დან მიკროჩიპების იმპორტი

05-03-2024 18:37:16 მსოფლიო ,ეს საინტერესოა

საქართველო კიდევ ერთხელ აღმოჩნდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებსაც შეიძლება რუსეთი სანქცირებული, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესაძენად იყენებდეს, - ეს პროდუქცია, რისი შეძენაც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეეზღუდა, მას საომარი ტექნოლოგიებისა და იარაღის საწარმოებლად სჭირდება,– იტყობინება "რადიო თავისუფლება" მის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება უსაფუძვლოს მიიჩნევს ამ ეჭვებს, საგარეო ვაჭრობის მონაცემები კი აჩვენებს, რომ უკრაინაში ომის პარალელურად საქართველომ მკვეთრად გაზარდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტი დასავლეთიდან და ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში. ამ ქვეყნების ნაწილი, განსაკუთრებით ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი, არაერთხელ დასახელდა რუსეთისთვის სამხედრო ტექნოლოგიების მიმწოდებელ ქვეყნებად.

ხსენებული დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით 35-ჯერ გაზარდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიკროჩიპების იმპორტი. დოკუმენტი, სადაც წერია, რომ საქართველომ 2022 წელს რეკორდულად გაზრდილი რაოდენობის ამერიკული ტექნოლოგიური პროდუქცია შეიძინა, ამერიკის სენატში რუსეთისთვის დაკისრებული სანქცირების ეფექტურობის განსახილველად მომზადდა 21 თებერვალს რუსეთის სანქციებზე მომუშავე მუდმივმოქმედი საგამოძიებო ქვემომიტეტის მიერ.

ამ დოკუმენტში მოყვანილი მონაცემები მიკროჩიპებით მოვაჭრე ოთხი გიგანტური ამერიკული კომპანიის (Intel, Analog Devices, AMD და Texas Instruments) საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას ეყრდნობა, რომელიც საგამოძიებო ჯგუფმა მათგან გამოითხოვა ანგარიშზე მუშაობისას. ამ კომპანიების მიერ წარმოებული ნახევარგამტარები და მიკროჩიპები ყველაზე ხშირად ხვდებათ შეიარაღების მკვლევრებს უკრაინაში გამოყენებულ რუსულ სამხედრო იარაღში.

ნახევარგამტარები, რომელსაც თანამედროვე, ტექნოლოგიური სამყაროს ნავთობადაც კი მიიჩნევენ მათი მნიშვნელობისა და ღირებულების გამო, პრაქტიკულად ყველა სფეროში გამოიყენება - ესაა ელექტრონული მოწყობილობების “ტვინი”, რომლის გამოყენების არეალიც ფართოა - სმარტფონებიდან და ავტომობილებიდან დაწყებული, სამედიცინო აპარატურითა და კოსმოსური პროდუქტებით დამთავრებული. რუსეთი ნახევარგამტარებს სამხედრო თვითმფრინავების, რაკეტების, ჯავშანმანქანების, საკომუნიკაციო სისტემების წარმოებაში იყენებს.

CNBC-ის ანალიზით, 2022 წელს, უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთმა 2,5 მილიარდი დოლარის ნახევარგამტარები შეისყიდა, მაშინ როცა წინა წელს ეს რიცხვი 1,8 მილიარდი დოლარი იყო. ჩინეთის გარდა რუსეთს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების მოპოვებაში ეხმარებიან თურქეთი და საუდის არაბეთიც.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საეჭვოდ მიიჩნევა ყირგიზეთის, საქართველოსა და სომხეთის დრამატულად გაზრდილი ექსპორტიც რუსეთთან. 2022 წელს რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 11.5% იყო.

კიევის ეკონომიკის სკოლის [KSE Institut] 2023 წლის ზაფხულში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რუსეთმა 2022 წლის დასასრულისთვის მესამე ქვეყნების გავლით თითქმის სრულად აღიდგინა სამხედრო ოპერაციებისთვის საჭირო “კრიტიკული კომპონენტების” იმპორტი და ფაქტობრივად სანქციებამდელ დონეს მიაღწია ამ პროდუქციის მომარაგების თვალსაზრისით. ამ პროდუქციის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი რუსეთისთვის ჩინეთი იყო. 2023 წელს კი რუსეთმა მოახერხა 1 მილიარდი დოლარის ევროპული და ამერიკული მიკროჩიპების იმპორტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები