DFRLab–ის კვლევა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კრემლის პროპაგანდისტული ოპერაციები საქართველოში

29-02-2024 17:28:56 საზოგადოება ,ეს საინტერესოა

ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიამ (DFRLab) გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით „უკრაინისთვის ძირის გამოთხრა: როგორ გააფართოვა რუსეთმა გლობალური საინფორმაციო ოპერაციები 2023 წელს“. DFRLab-ის კვლევაში, მათ შორის საქართველოზეც არის საუბარი. დოკუმენტში ქვეყანას ცალკე თავიც ეთმობა და სამხრეთ კავკასიის მიმოხილვის ნაწილშიც არის ნახსენები.

რუსეთის პროპაგანდისტული ოპერაციები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში

როგორც კვლევაშია აღნიშნული, "DFRLab-ის მკვლევარებმა დააფიქსირეს მიზანმიმართული შეტყობინებების ტაქტიკა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში", რომელსაც, მათი ვარაუდით, ორმაგი მიზანი ჰქონდა:

  • "უკრაინის მხარდაჭერის შელახვა,
  • საზოგადოებების შიგნიდან გაყოფა და ადგილობრივი გავლენის მოპოვება".

"მაგალითად, პრორუსმა აქტორებმა გამოიყენეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიმართ არსებული კრიტიკა. [...] კრემლის ოფიციალურმა პირებმა, რუსმა პროპაგანდისტებმა და Telegram-ის „ინფლუენსერებმა“ გააძლიერეს ანტისამთავრობო განწყობები და გამოვიდნენ ფაშინიანის და მისი მთავრობის დამხობის მოწოდებით.

აზერბაიჯანში კრემლმა ისარგებლა რუსული ენის გავლენით აკადემიური წრეების, გაცვლითი კურსებისა და უნივერსიტეტების მეშვეობით, ასევე გამოიყენა ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის ნაკლებობა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მთავრობამ გააფართოვა ურთიერთობა რუსეთთან, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, რუსეთმა ომის ესკალაციის შესახებ პოპულარული შიში გამოიყენა მთავრობის პრორუსული პოზიციის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.

მოლდოვაში კი რუსეთი ავრცელებდა ცრუ ნარატივს იმის შესახებ, რომ თითქოს მოლდოვა, უკრაინა ან ნატო გეგმავდა სამხედრო ინტერვენციას რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთში", – ნათქვამია დოკუმენტში.

რუსეთის პროპაგანდისტული ოპერაციები საქართველოში

"2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველომ გაზარდა რუსეთთან ვაჭრობა და პარალელურად, შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს. მთელი იმ წლის განმავლობაში, რუსული პროდუქტები შეადგენდა ქვეყანაში ნავთობისა და გაზის სექტორის მზარდ ნაწილს, რამაც ეკონომიკასთან დაკავშირებული ნარატივების გაძლიერებას შეუწყო ხელი.

მაშინ, როცა ქვეყანა 2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა თავისი რიტორიკა, გააძლიერა ანტიდასავლური შეთქმულების თეორიები უცხოეთიდან წამოწყებული შიდა გადატრიალების მცდელობების შესახებ. ომის დაწყების შემდეგ, მმართველმა პარტიამ გააძლიერა თავისი ანტიდასავლური რიტორიკა და ცდილობდა შეეტანა საკამათო კანონპროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობას.

2023 წლის მაისში რუსეთმა ქართული ავიაკომპანიებისთვის ფრენების აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას რუსეთში ფრენების აღდგენის თაობაზე, ევროკავშირისა და უკრაინის კრიტიკა მოჰყვა და ამან ასევე გამოიწვია საპროტესტო აქციები საქართველოში. ამასთან, 2023 წლის მაისში თბილისის მერიამ სანქცირებული რუსული კომპანია "კამაზისგან" ოთხ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების(დაახლოებით 1 100 000 აშშ დოლარი) სატვირთო მანქანები შეიძინა. 24 მაისს კატარის ეკონომიკური კონფერენციის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა კოლაფსს განიცდიდა, თუ ქვეყანა რუსეთს ფართო ეკონომიკურ სანქციებს დააწესებდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკვე უწესებდა უფრო ვიწრო ფინანსურ სანქციებს რუსეთს.

2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე. სიაში ასევე მოხვდა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ქართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ახლო წრეში ირიცხება. ფარცხალაძეს სანქციები რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერ ალექსანდრე ონიშჩენკოსთან ერთად დაეკისრა. სანქციების გამოცხადებისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა: „ონიშჩენკო და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური იყენებდნენ ფარცხალაძეს, რათა გავლენა მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა უშიშროების ფედერალური სამსახურთან კავშირებით".

მოგვიანებით, 2023 წლის შემოდგომაზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, როგორც დამოუკიდებელი ქართული მედია Civil.ge იტყობინება, რომ ჯგუფები საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ „აწყობდნენ შეთქმულებას ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოსაწყობად“, რომლის მიზანი იყო „ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა" და „2014 წელს უკრაინაში გამართული ,,ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარი“. მოგვიანებით გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადანაშაულა USAID იმ პროგრამის დაფინანსებაში, რომელმაც, უწყების ცნობით, სერბი ინსტრუქტორები ჩამოიყვანა საქართველოში, რათა ადგილობრივი აქტივისტებისთვის ესწავლებინათ ძალადობრივი ტაქტიკა ქვეყნის ხელისუფლების დამხობისთვის. მოგვიანებით, რუსულმა და აზერბაიჯანულმა პროსამთავრობო მედიასაშუალებებმა გამოიყენეს ეს ბრალდებები შეთქმულების თეორიების გასავრცელებლად, რომლითაც აშშ-ს ადანაშაულებდნენ საზღვარგარეთ რევოლუციების მოწყობაში", – ნათქვამია კვლევაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები