Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 22-25 თებერვალი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 22-25 თებერვალი

27/02/2024 12:53:06 კონფლიქტები

აფხაზეთში გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „რუსეთი-აფხაზეთი. უსაფრთხოება და ურთიერთობების განვითარება საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში“

სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ცენტრში გამართული შეხვედრის მთავარ თემას 17 მარტს რუსეთის ფედერაციაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენდა. აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი არჩევნებისთვის სათანადოდ მოემზადება. „პუტინის რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც გაგებით გვეკიდება და მხარს გვიჭერს. არჩევნები შვიდი წლით განსაზღვრავს როგორც რუსეთის, ისე ჩვენი რესპუბლიკის მომავალს“, - აღნიშნა მან. დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთთან არსებულ გარკვეულ უთანხმოებებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ახლო პარტნიორულ ურთიერთობებშიც სავსებით ნორმალური მოვლენაა. „მაგალითად, ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების არც თუ ისე ობიექტური პოზიციის გამო, ჩვენ ოჩამჩირეში ერთობლივი სამხედრო ბაზის მშენებლობა ვერ შევძელით“, - განაცხადა ბჟანიამ.

ბჟანიას თქმით, რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აფხაზეთს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. ამ კონტექსტში იგი აფხაზეთში აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობასაც შეეხო. „USAID-ის საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 2012 წლიდან აკრძალულია. ამ არც თუ მარტივ პირობებში, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ფაქტობრივად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, შეგვიძლია ჩვენ, როგორც მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, აფხაზეთის ტერიტორიაზე საქმიანობის უფლება მივცეთ რუსეთისადმი არამეგობრულ, მტრულად განწყობილ ორგანიზაციას? ამ ისტორიას ბოლო უნდა მოეღოს“- განაცხადა ბჟანიამ. მისივე თქმით, დემოკრატია არის არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ დიდი პასუხისმგებლობაც, ხოლო აფხაზეთის საინფორმაციო ველზე სრული უპასუხისმგებლობა შეინიშნება. „ამ პირობებში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ინალ ბატუვიჩმა [არძინბა] მოსახლეობას სახელმწიფოს პოზიცია უფრო მარტივ ენაზე უნდა განუმარტოს. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენი სერიოზული განვითარების შესაძლებლობა მხოლოდ რუსეთს უკავშირდება“, - დასძინა ბჟანიამ.

მსგავსი განცხადებები დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამაც გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, USAID და ევროკავშირი აფხაზეთის აგრესიული იზოლაციის სუბიექტები არიან და მათთან თანამშრომლობა ძალზე არასასურველია. „ამ სტრუქტურების მიერ დასახული ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა აფხაზეთში კრემლის ე.წ. მავნე გავლენის შემცირება და აფხაზეთის დეოკუპაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. როდესაც ჩვენ ღიად განვაცხადეთ, რომ USAID-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ეს მიზნებია მითითებული, ინფორმაცია საიტიდან რამდენიმე დღეში წაიშალა. ეს მეტყველებს მანიპულირების დახვეწილ მეთოდებზე, რომლებსაც ჩვენი ოპონენტი და მოწინააღმდეგე იყენებს“, - განაცხადა არძინბამ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე.

ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდა რუსეთის ე.წ. ელჩი მიხაილ შურგალინი. მან რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარებას მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობა ვადაგასული რუსული პასპორტებითაც იქნება შესაძლებელი, მთავარია აფხაზეთის მაცხოვრებელს რუსეთის მოქალაქეობის ნამდვილობა დაუდასტურდეს.

„უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი“ საზოგადოებრივ პალატაში განიხილეს

საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხეს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, იუსტიციის მინისტრმა ანრი ბარციცმა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ ახიბამ.

კანონპროექტის მიღების აუცილებლობაზე საუბრისას, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში მოქმედი ორგანიზაციების ნაწილი რუსეთისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან თანამშრომლობს, რაც „სტრატეგიული პარტნიორის“ მხრიდან კითხვებს ბადებს. მისი თქმით, საერთაშორისო დონორებმა აფხაზეთში 2 მლრდ რუბლი დახარჯეს; ჰუმანიტარულ პროექტებზე აქედან მხოლოდ 15% დაიხარჯა, ხოლო დანარჩენი თანხის დანიშნულება უცნობია.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა აბესალომ კვარჩიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, რომელიც „ჩართულობა აღიარების გარეშე“ პოლიტიკის გატარებას ემსახურება. მისივე განცხადებით, დასავლეთმა აფხაზეთს ომში გამარჯვება ვერ აპატია და მის ერთადერთ მიზანს აფხაზეთის „სახელმწიფოებრიობის“ განადგურება წარმოადგენს.

ინალ არძინბამ ხაზი გაუსვა კანონპროექტში ჩადებული პრევენციული ზომის მნიშვნელობას. „კანონის მთავარი ფუნქცია მის პრევენციულ ხასიათში მდგომარეობს. ადამიანს არ უნდა უნდოდეს [უცხოური აგენტების სიაში] მოხვედრა, ხოლო დამფინანსებელს არ უნდა უნდოდეს მასში მოხვედრილი ადამიანის დაფინანსება“, - განაცხადა მან. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთში მოქმედი არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ამ კონტექსტში, მან განსაკუთრებული ყურადღება USAID-ისა და UNDP-ის საქმიანობაზე გაამახვილა და ისაუბრა საინფორმაციო სფეროში არსებულ მანიპულაციებზე, რომლებსაც, მისი თქმით, ამ ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პირები ახორციელებენ.

თავის მხრივ, დე ფაქტო იუსტიციის მინისტრმა ანრი ბარციცმა გაზი გაუსვა სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირების აუცილებლობას და განაცხადა, რომ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არ არღვევს.

„უცხოური აგენტების შესახებ კანონი“ დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს დასამტკიცებლად 7 თებერვალს წარუდგინა. კანონპროექტის თანახმად, უცხოურ აგენტად შეიძლება გამოცხადდეს როგორც არაკომერციული ორგანიზაციები, ისე ფიზიკური პირები, თუ ისინი დაფინანსებას უცხოური წყაროდან იღებენ და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობენ. ბჟანიას გადაწყვეტილებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რომლის შეფასებით კანონპროექტი არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და წინააღმდეგობაში მოდის აფხაზეთის „კონსტიტუციასთან“.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. საზღვარზე მოქალაქეთა დაკავებებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი გაავრცელა

კომენტარში აღნიშნულია, რომ ინციდენტების შესწავლისა და რუსეთის მხარისთვის შემდგომი მიმართვის მიზნით, საგარეო უწყება უნდა ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას კონკრეტული შემთხვევებისა და მოქალაქეების თაობაზე, რაც მას დღემდე არ მიუღია. „მოვუწოდებთ ცალკეულ თანამოქალაქეებს, იმოქმედონ კონსტრუქციულად, რაც მიმართული იქნება აქტუალური საკითხების გადაწყვეტისა და არა ინფორმაციული ხმაურის შექმნისკენ“, - აღნიშნულია კომენტარში. ამავე კონტექსტში დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი დადანაშაულება რუსეთის მხარისთვის მოქალაქეთა სიების გადაცემის თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების წარუმატებელ მცდელობას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ეს კომენტარი მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ აღნიშნეს, რომ საკითხის თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, თუმცა როგორც ჩანს, ის რეაგირებას არ აპირებს და გავრცელებული კომენტარიც სწორედ ამაზე მიუთითებს.

ინალ არძინბა რამზან კადიროვს შეხვდა

დე ფაქტო სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ინალ არ­ძინ­ბა გროზ­ნო­ში ჩა­ვი­და, სა­დაც ჩეჩ­ნე­თის რესპუბლიკის ხელ­მძღვა­ნელს, რამ­ზან კა­დი­როვს შეხ­ვდა. უწყების მედიაცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ვი­ზი­ტი უკრაინაში რუ­სე­თის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ და­წყე­ბის ორი წლის­თავს უკავ­შირ­დე­ბო­და. არძინბამ კადიროვს აფხაზეთის ლიდერის ასლან ბჟანიას „თბილი სურვილები“ გადასცა. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა მისი შეხვედრა სპეცრაზმ „ახმატის“ მეთაურთან, რუსეთის გმირთან აფთი ალაუდინოვთან, „სპეცოპერაციის“ მონაწილეებსა და ვეტერანებთან. „არ­ძინ­ბამ მათ უსურვა, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მიზ­ნებს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მი­აღ­წი­ონ“, - აღნიშნულია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინფორმაციაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა

23 თებერვალს დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე განხილულ იქნა ე.წ. კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კერძოდ, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერამდე აუცილებელი იქნება დე ფაქტო პარლამენტის წინასწარი ინფორმირება. აქვე განხილულ იქნა საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების პარლამენტში წარდგენის ვადები.

გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, შეთანხმებები, რომლებიც პარლამენტის მიერ რატიფიცირებას ექვემდებარება, არ უნდა შეიცავდეს ისეთ დებულებებს, რომლებიც აფხაზურ „კანონებს“ ეწინააღმდეგება.

პარლამენტარებთან ერთად, სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ე.წ. პრეზიდენტის ახალდანიშნულმა წარმომადგენელმა პარლამენტში ბატალ აიბამ და დე ფაქტო იუსტიციის მინისტრმა ანრი ბარციცმა. მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები მომავალ სესიაზე მეორე მოსმენით დამტკიცდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S