
რუსეთ-აფხაზეთის თანასწორი სამხედრო კავშირი - მითები და რეალობა
27/02/2024 06:58:04 კონფლიქტები
აფხაზეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული, ხოლო მცირე ინციდენტები, რომლებიც პერიოდულად ხდება, კრიტიკული ხასიათის არაა, - განაცხადა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ ТАСС-თან ინტერვიუში.
"აფხაზეთის სასაზღვრო უსაფრთხოებას ჩვენი რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურები უზრუნველყოფენ. უსაფრთხოება მყარადაა დაცული. მართალია, ხანდახან საზღვარზე მცირე ინციდენტები ხდება, მაგრამ ისინი კრიტიკული ხასიათის არაა. ყოველწლიურად აფხაზური და რუსული მხარეების ძალისხმევა სასაზღვრო უსაფრთხოებას საჭირო ნიშნულებამდე ამაღლებს. ყველაფერს 2008 წელს ჩაეყარა საფუძველი, როცა რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ჩვენ უკვე ერთობლივ სახელშეკრულებო ბაზაზე ჩამოვაყალიბეთ აუცილებელი მიჯნა ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამდენად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით მტკიცედ და საიმედოდ ვართ დაცულები“ - განაცხადა ბჟანიამ.
„რუსეთი აფხაზეთის საზღვრებს იცავს“… „რუსეთი აფხაზეთს ჯარის კუთხით ეხმარება“… „რუსეთი ასობით მილიონ დოლარს დებს აფხაზეთის უსაფრთხოებაში“ - მსგავსი ფრაზები აფხაზი და რუსი ჩინოსნების გამოსვლებში არაერთგზის მოგვისმენია. ჟღერდა კონკრეტული თანხებიც კი, რომელსაც ამ მიმართულებით რუსეთი ვითომდა ხარჯავდა.
ასე, მაგალითად, გამოცემა «Sputnik”-ის ვერსიით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მარტო 2015 წელს მოსკოვმა აფხაზური არმიის 3-წლიანი მოდერნიზებისთვის 5 მლრდ რუბლი გამოყო... დამეთანხმებით, თანხა შთამბეჭდავია. მაგრამ აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს იგი თვალით არ უნახავს. 5 მილიარდი ციფრებად დარჩა ქაღალდზე, რომელსაც კრემლი პერიოდულად გვიფრიალებს.
„აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზება - ეს დამხმარე ამოცანაა რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მისი დაცვის ძირითადი ტვირთი მე-7 რუსულ სამხედრო ბაზაზე მოდის. რესპუბლიკის საზღვრებს ასევე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლები იცავენ“ - იუწყება «Sputnik”.
და საერთოდაც, ამ რუსული გამოცემის ვერსიით, რუსეთთან თანასწორ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირში აფხაზები უკვე 15 წელია, მყარი მშვიდობის პიობებში ცხოვრობენ, წარმატებით იმაღლებენ თავდაცვისუნარიანობას, ივითარებენ ეკონომიკას და მომავალსაც იმედიანად შესცქერიან.
აი, თურმე, როგორაა საქმე! თურმე, ჩვენს მშვიდ, მმშიერ და გაყინულ ძილს რუსეთს უნდა ვუმადლოდეთ და არავის სხვას!
ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. სინამდვილე ხომ სრულიად განსხვავდება წარმატებული სამხედრო-პოლიტიკური კავშირის აღწერილი სურათისგან.
3 წლის განმავლობაში, 2020-დან 2023 წლის ჩათვლით აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს ხარჯები 357 მლნ-დან 716 მლნ რუბლამდე გაიზარდა. ეს - ვიმეორებ, სამი წლის განმავლობაში. ანუ, წლიური ზრდა საშუალოდ 119 მლნ რუბლს შეადგენდა. მიმდინარე 2024 წელს კი ზრდა სულ 14 მლნ იქნება.
ესაა რუსეთთან თანასწორი სამხედრო-პოლიტიკური კავშირი და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის წარმატებული ამაღლება, რომლის შესახებაც მოსკოვი გაჰკივის? მაშინ რატომაა, რომ ჩვენი რესპუბლიკის გულანთებული მოქალაქეები, ბიზნესმენები, მეწარმეები და სხვები თანხებს აგროვებენ თავდაცვის სამინისტროსთვის ფორმების, იარაღის, კოპტერებისა და სხვა საჭირო ინვენტარის შესაძენად?
განვაგრძოთ. ორ ქვეყანას შორის 2009 წლის 30 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე რუსი მესაზღვრეები არიან პასუხისმგებლები აფხაზეთის 350-კმ-იანი სზღვრების უსაფრთხებაზე (215 კმ - საზღვაო, 98 - სახმელეთო, 39 - მდინარისპირა). რაც ძალზე მნიშვნელოვანია, საზღვრების დაცვას აფხაზეთი და რუსეთი ერთობლივად უნდა ახორციელებდნენ - ყოველ შემთხვევაში, ასეა ნათქვამი დოკუმენტში.
მაგრამ რეალურად, რუსული მხარის ნებართვის გარეშე სასაზღვრო ზონაში აფხაზური მხრიდან ვერც სამხედროები, ვერც მესაზღვრეები დგამენ ფეხს. თანხმობის მისაღებად ჩვენი ძალოვანები იძულებულნი არიან, მიუთითონ ხსენებულ ზონაში ყოფნის ზუსტი დრო, მიზნები და ამოცანები.
გაგიმხელთ საიდუმლოს: აფხაზური მხარის წარმომადგენლები ყოველთვის როდი იღებენ თანხმობას საკუთარო საქმიანობის განსახორციელებლად აფაზეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც რუსების კონტროლს ექვემდებარება. ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს - რუსები არ გაგვინაწყენდნენ, არ გაბოროტდნენ და საერთოდაც არ აგვიკრძალონ სასაზღვრო ზონაში შესვლაო.
ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ აფხაზეთ-რუსეთის შეთანხმებას რომ დავუბრუნდეთ, ეს დაჯგუფება დღემდე არ არსებობს. შესაძლოა, სადმე კრემლის კაბინეტებში რომელიმე გენერალი ზღაპრებს ყვებოდეს იმაზე, როგორი წარმატებით მუშაობს არარსებული სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაშიც, დოკუმენტის მიხედვით, რუსული მხრიდან მე-7 სამხედრო ბაზა უნდა შესულიყო. რეალურად კი, არც ეს სტრუქტურა არსებობს, არც აფხაზური არმიის შეიარაღების საუკეთესო სახეობებით დაპირებული უზრუნველყოფა.
უკვე მრავალი წელია, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები დგანან აფხაზეთის საზღვრებზე, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს არ უშვებენ. არც სამხედროებს, არც სამოქალაქო პირებს. თითქოს სტუმრები არიან ჩვენს მიწაზე, მაგრამ მასპინძლებივით იქცევიან. ჩვენი ხელისუფლება კი მდუმარედ ადევნებს ყველაფერ ამას თვალს და არც კი ფიქრობს იმაზე, რომ მსგავსი ქცევის უფლება არავის აქვს. ხოლო თუ ასე ხდება, ესე იგი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ თვლის.
კრისტინა ავიძბა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება