NYT: გერმანიის ხელმძღვანელობა რუსეთთან კონფლიქტისთვის ემზადება

05-02-2024 11:35:49 მსოფლიო ,ეს საინტერესოა

გერმანიაში მაღალი რანგის პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები ბოლო პერიოდში არაფორმალურად განიხილავდნენ ნატოს შესაძლო მომავალს, თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ნოემბერში. წერს New York Times.

გამოცემის ინფორმაციით, ბერლინი შიშობს, რომ თუ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, ის კიდევ უფრო იზოლაციონისტურ პოლიტიკას გაატარებს, ვიდრე მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, რაც შეიძლება, ნიშნავს, რომ რუსეთთან ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერის მთავარი ტვირთი ევროკავშირის ქვეყნებს დააწვებათ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა, როგორც The New York Times აღნიშნავს, დაიწყო გამაფრთხილებელი გზავნილების გაჟღერება, რომ გერმანია უნდა მოემზადოს რუსეთთან "ათწლეულების" განმავლობაში დაპირისპირებისთვის.

პისტორიუსის აზრით, რამდენიმე წელიწადში რუსეთის მიერ ნატოს ერთ-ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმის პერსპექტივაც რეალისტურად უნდა ჩაითვალოს. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი გერმანიის არმიის სწრაფ გადაიარაღებასა და რიცხოვნობის გაზრდას მოითხოვს.

The New York Times აღნიშნავს, რომ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის, პისტორიუსის საჯარო განცხადებები მიუთითებს გერმანიის პოლიტიკური ელიტის ცნობიერების ცვლილებაზე.

იმავდროულად, გამოცემის მტკიცებით, ჯერჯერობით არ შეიძლება ითქვას, რომ გერმანული საზოგადოებრივი აზრი ასევე პირდაპირ საფრთხეს აღიქვამს რუსეთს გერმანიისთვის.

გამოცემა ცალკე ამახვილებს ყურადღებას გერმანიის მმართველ წრეებში დისკუსიებზე აშშ-ის არჩევნებში ტრამპის შესაძლო გამარჯვებასთან დაკავშირებით.

ამ შემთხვევაში, როგორც ბერლინი შიშობს, შეერთებულმა შტატებმა, ნატო–დან ოფიციალურად გასვლის გარეშე, შესაძლოა, შეწყვიტოს ამ ალიანსის მთავარ ძალად ყოფნა. გერმანიაში პოლიტიკოსები სერიოზულად არიან შეშფოთებულნი, შეძლებს თუ არა ნატო ამ შემთხვევაში გადარჩენას და თუ კი, რის ფასად.

The New York Times აღნიშნავს, რომ გერმანიის ხელმძღვანელობაში ჯერ კიდევ არსებობს უთანხმოება იმის თაობაზე, თუ რამდენად მკაცრი უნდა იყოს ხაზი რუსეთთან მიმართ.

ასეთი უთანხმოების მაგალითად მოყვანილია ის გარემოება, რომ ბერლინს ჯერ არ დაუმტკიცებია უკრაინისთვის შორი მანძილის Taurus-ის რაკეტების მიწოდება. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს იმასაც, რომ გერმანია შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილზეა უკრაინის სამხედრო დახმარების მხრივ და წელს მისი თავდაცვის ხარჯები პირველად მიაღწევს მშპ-ს 2%-ს (რასაც, სხვა საკითხებთან ერთად, ტრამპი დაჟინებით მოითხოვდა პრეზიდენტობის დროს).

ინფორმაციითვის: გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პარასკევს, 9 თებერვალს არის დაგეგმილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები