„ზუსტად ახლაა მომენტი, რომელიც უკრაინამ უნდა გამოიყენოს“: ომი, პოლიტიკა და ხმები მთავარსარდლის ირგვლივ

01-02-2024 15:52:24 ინტერვიუ

უკრაინაში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურის ირგვლივ ხმები არ წყდება, მათ შორის დასავლურ მედიაში. ამჯერად CNN წერს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვირის ბოლომდე გაათავისუფლებს თანამდებობიდან შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის.

როგორც წყარო ყვება, პრეზიდენტის კაბინეტში ვიწრო წრეში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვიც ესწრებოდა, ზელენსკიმ ბრძანა, რომ მან „მიიღო გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გადაყენების თაობაზე“.

CNN-ის წყაროც იმეორებს მანამდე გაჟღერებულ ცნობებს, რომ ზალუჟნის მემკვიდრედ ორი კანდიდატი განიხილება: მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი – 38 წლის კირილ ბუდანოვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების 58 წლის მეთაური ალექსანდრე სირსკი. თუმცა მანამდე The Times-მა დაწერა, რომ ორივემ უარი თქვა ზელენსკის შეთავაზებაზე და პრეზიდენტს მოუწია "უკან დახევა". ამასთან, წერდნენ, რომ ზალუჟნის შესაძლო გადადგომამ შეაშფოთა როგორც სამხედრო მეთაურები, ასევე, უკრაინის მოკავშირეები, მათ შორის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტ ზელენსკისა და მთავარსარდალს, გენერალ ზალუჟნის შორის არსებულ დაპირისპირებაზე ხმები გასული წლის შემოდგომაზე გავრცელდა The Economist-ისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ. მაშინ გენერალმა ზალუჟნიმ თქვა, რომ ფრონტზე სიტუაცია ჩიხში შევიდა და იმის გამო, რომ უკრაინა და რუსეთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთნაირად აღჭურვილი არიან, ომი პოზიციური ბრძოლის ეტაპზე გადავიდაო. მედია წერდა, რომ ვითარების ზალუჟნისეულ შეფასებას პრეზიდენტი არ დაეთანხმა. მოგვიანებით ზელენსკიმ ერთ–ერთ ინტერვიუში თქვა, რომ სამხედროები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას აპირებენ, ომით აღარ უნდა დაკავდნენო.

მიუხედავად იმისა, რომ არც კონფლიქტის არსებობა ოფიციალურად არც ერთ მხარეს არ დაუდასტურებია, უკრაინელი ექსპერტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ გენერალ ზალუჟნის შეცვლა მხოლოდ დროის საკითხია. მაგრამ ჩნდება კითხვა, რა გავლენას მოახდენს ომში მყოფი ქვეყნის ბრძოლისუნარიანობაზე როგორც როგორც მოქალაქეებს, ისე სამხედროებს შორის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურის გადაყენება?

„ხაზი უნდა გაესვას, თუ რამდენად არ არის კარგი პოლიტიკოსების ჩარევა უშუალოდ სამხედრო გადაწყვეტილებებში. დარწმუნებული ვარ, იგივე ოპერატიული დონის შეცდომები, რომელიც უკრაინის მიერ იქნა დაშვებული, მგონია, რომ ბევრ შემთხვევაში პოლიტიკურად და ემოციურად იყო მოტივირებული. ეს კარგად არ აისახება სამხედრო სფეროზე, რადგან ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება იწვევს გარკვეულ როტაციებს დანაყოფებში, გარკვეულწილად – არაჯანსაღ სიტუაცებსაც“,– ამბობს „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას გადამდგარი გენერალ–მაიორი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი [2004-2005 და 2013-2016 წლებში], ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, „ჯეოქეისის“ მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე.

გენერალი შეცდომებს შორის ასახელებს:

  • ბახმუტზე „ზედმეტი ყურადღების და რესურსების“ დათმობას;
  • კონტრდარტყმის განხორციელებისას ძალების არაკონცენტრირებას გარკვეულ მონაკვეთში;
  • ყურადღების გადამტანი მოქმედების არგანხორციელებას;
  • კონტრდარტყმისას შესაძლებლობების არასაკმარისად განსაზღვრას – იგივე საჰაერო მხარდაჭერის გარეშე კონრშეტევის დაწყებას და ა.შ.

რაც შეეხება შესაძლო საკადრო ცვლილებას, ძალიან წარუმატებელი სარდლის გადაყენებასთან რომ გვქონდეს საქმე, კაპანაძის აზრით, პოზიტიური იქნებოდა სამხედროების მოტივაციისთვის. ამჯერად კი განსხვავებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე. თუმცა კაპანაძე ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზეც ამახვილებს ყურადღებას:

„ახლა უკრაინაში ომის წარმოების აქტიური ფაზა არ მიმდინარეობს და ეს გარკვეულწილად, ალბათ, არ გაამძაფრებს ვითარებას. ვფიქრობ, კონფლიქტის პასიურ ფაზაში გადასვლის პერიოდი უკრაინამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს შიდა ვითარების დასალაგებლად. ნამდვილად არ არის ახლა საჭირო ფიქრი კონტრშეტევებზე და დიდ გამარჯვებებზე. მთავარია, რომ ფრონტის ხაზზე სტაბილურობა შეინარჩუნონ, არ იყოს დიდი ცვლილებები და ეს პერიოდი მოახმაროს თავისი ძალების, შეიარაღების კუმულაციას, სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის რაღაცნარად ამუშავებას და რაც მთავარია, შიდაპოლიტიკური ვითარების დალაგებას: ე.წ. წარმატების სამება, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო ომის საწყის ეტაპზე – ხალხი, ჯარი და ხელისუფლება – კვლავ უნდა დალაგდეს.

კიდევ ერთი – არ არის საჭირო კონტრშეტევის წარუმატებლობის დრამატიზება! ეს არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი დიდი ომის, რაც დიდი ომებისთვის დამახასიათებელია. ეს არ არის უკან დახევა! ეს იყო კონტრშეტევა, რომელიც ისე წარმატებით არ დასრულდა, რისი მოლოდინიც იყო და ამის მიზეზებზე საუბარი ცალკე შეიძლება. ომი არ დამთავრებულა, არც უკრაინა დამარცხებულა და ა.შ. ამდენად, ამის დრამატიზება არაა საჭირო. ზუსტად ახლა ის მომენტია, რომელიც უკრაინამ უნდა გამოიყენოს, როგორც უკვე ვთქვი, შიდა დალაგებისთვის“.

მიუხედავად იმისა, რომ კაპანაძე გენერალ ზალუჟნის თანამედროვეობის ერთ–ერთი თვალსაჩინო სამხედრო მოღვაწედ მიიჩნევს და არც მის შესაძლო გადადგომას აღიქვამს დადებით მოვლენად, ელის გარკვეულ ცვლილებებსაც, მაგრამ არც „კატასტროფად“ აფასებს, „მთავარია, უკრაინა რამდენად მალე გამოვა შიდა პოლიტიკური შოკიდან“.

„უკრაინელებზეა დამოკიდებული, ამას უმტკივნეულოდ გაატარებენ, თუ მოჰყვება მნიშვნელოვანი კატაკლიზმები – ორივე შესაძლებელია. მე დარწმუნებული ვარ უკრაინელების სიბრძნეში და მგონია, რომ თავად ზალუჟნი არ დაუშვებს მოვლენათა მსგავს განვითარებას, ვითარების დაძაბვას“,– აჯამებს ქართველი გენერალი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები