მედია: რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ კრემენოიში ოჯახი დახვრიტეს
30/01/2024 12:26:13 მსოფლიო
რუსმა ჯარისკაცებმა ოკუპირებულ კრემენოიში, ლუგანსკის რეგიონში სამსულიანი ოჯახი დახვრიტეს, იუწყება ტელეგრამ–არხი Astra საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
Astra-ს ცნობით, 60 წლის ნატალია ბურლუცკაიას, მისი 37 წლის ქალიშვილის – ალა ბურლუცკაიას და ალას 41 წლის მეუღლის ანდრეი რუბანის ცხედრები 26 იანვარს კრემენოიში, ლენინის შესახვევთან იპოვეს. ცხედრებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აჭენიშნებოდათ. გამოცემის ცნობით, ალას დარჩა 18 წლის ქალიშვილი ვიქტორია.
ვარაუდობენ, რომ 12271 სამხედრო ნაწილის 33 წლის ჯარისკაცი ფიდან ხაერზამანოვი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ცეცხლის გახსნისთვის დააკავეს. იძებნებიან მისი კოლეგები – 30 წლის იგორ დიმიტრიევი და 39 წლის აზამატ გარეევი. მკვლელობის მოტივი უცნობია.
ოქტომბრის ბოლოს დონეცკის რეგიონში, ოკუპირებულ ვოლნოვახაში ორმა რუსმა სამხედრომ ცხრასულიანი ოჯახი ამოხოცა. მათ შორის ორი ბავშვი იყო. მედია წერდა, რომ ერთი იყო 21 წლის სამხედრო ანტონ სოფოვი და მეორე – 28 წლის სტანისლავ რაუ.


