Accentnews.ge
პაკისტანმა ირანის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა

პაკისტანმა ირანის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა

18/01/2024 06:22:08 მსოფლიო

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, სულ მცირე სამი ქალი და ოთხი ბავშვი დაიღუპა პაკისტანის მიერ ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო რეგიონზე სარაკეტო შეტევის შედეგად.

„პაკისტანმა ირანის სასაზღვრო სოფელს რაკეტებით შეუტია. სამი ქალი და ოთხი ბავშვი დაიღუპა. არც ერთი მათგანი ირანის მოქალაქე არაა“, - იუწყება ირანული მედია.

პაკისტანი ადასტურებს, რომ ირანში ობიექტებზე იერიშები განახორციელა.

„ამ დილით პაკისტანმა განახორციელა უაღრესად კოორდინირებული და კონკრეტულად მიზანმიმართული სამხედრო დარტყმების სერია ტერორისტების თავშესაფრებზე ირანის სიესტან-ო-ბალუჩისტანის პროვინციაში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პაკისტანი ამტკიცებს, რომ დარტყმების შედეგად ლიკვიდირებული რამდენიმე ტერორისტი.

მანამდე პაკისტანმა ირანიდან ელჩი გაიწვია. ეს პასუხი იყო თეირანის მიერ პაკისტანის საჰაერო სივრცის დარღვევაზე, რომლის შედეგადაც პაკისტანის ცნობით, ორი მოზარდი დაიღუპა და სამი დაიჭრა.

პაკისტანის საგარეო უწყებაში აცხადებდნენ, რომ ოფიციალური ისლამაბადი იტოვებს უფლებას, უპასუხოს უკანონო აქტს და შედეგებზე პასუხისმგებლობას თეირანს აკისრებს.

"ირანის მიერ პაკისტანის სუვერენიტეტის არაპროვოცირებული და აშკარა დარღვევა არის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების შელახვა.

ეს უკანონო ქმედება სრულიად მიუღებელია და მას არავითარი გამართლება არ აქვს. პაკისტანი იტოვებს უფლებას, რომ უპასუხოს ამ უკანონო ქმედებას. შედეგებზე პასუხისმგებლობა კი თავად ირანს ეკისრება.

ჩვენ ამის შესახებ შეტყობინება ირანის მთავრობას მივაწოდეთ. ასევე ვაცნობეთ, რომ პაკისტანი თეირანიდან საკუთარ ელჩს გაიწვევს, ხოლო პაკისტანში ირანის ელჩი, რომელიც ამჟამად სამშობლოში იმყოფება, შესაძლოა, ჯერ არ დაბრუნდეს პაკისტანში. გარდა ამისა, გაუქმებულია ორ ქვეყანას შორის უახლოეს დღეებში დაგეგმილი ყველა ორმხრივი ვიზიტი", - აცხადებდნენ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

16 იანვარს ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალებმა დასავლეთ პაკისტანში ბელუჯისტანის ტერორისტული დაჯგუფების "ჯაიშ ალ-ადლის" პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა, თუმცა, მალევე გააუქმა განმარტებების გარეშე.

პაკისტანი მესამე ქვეყანაა ერაყისა და სირიის შემდეგ, რომელსაც ირანმა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაარტყა. პაკისტანი ატომური იარაღის მფლობელია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S