
700 საქმე ერთ მოსამართლეზე, მოწყვლადობა, გაჭიანურება – რა ხდება სასამართლო სისტემაში
17/01/2024 10:20:43 პოლიტიკა, საზოგადოება
"დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა კვლევის პრეზენტაცი - "საქმეთა გაჭიანურების პრობლემა საქართველოს საერთო სასამართლოებში". ირკვევა, რომ 2021-22 წლებში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, სასამართლოში საქმეთა გაჭიანურების საერთო სურათი არ შეცვლილა.
კვლევაში ნათქვამია, რომ სასამართლოს მენეჯმენტის ერთიანი სისტემის შექმნამ საქმეთა გაჭიანურების პრობლემის დაძლევის მიმართულებით წინსვლა ვერ აჩვენა. გამოიკვეთა, რომ არ არსებობს საქმეთა ნაკადის ეფექტიანი მართვის ერთიანი პოლიტიკა და სისტემა, რომლის ფუნქცია უნდა იყოს საქმის გაჭიანურების თავიდან აცილებისთვის რეგულარულად ზომების მიღება - საქმეთა ნაკადის მართვა მხოლოდ მოსამართლის ინდივიდუალური მიდგომებისა და ძალისხმევის მიხედვით ხდება. საქმის განხილვის გაჭიანურებას ასევე იწვევს უსაფუძვლოდ და ხანგრძლივი ვადით საქმეთა განხილვის გადადება და საქმეთა ხანგრძლივი უძრაობის პერიოდები.
კვლევის მიხედვით, თუ 2017 წელს ერთ მოსამართლეზე წლის განმავლობაში საშუალოდ 567 საქმე მოდიოდა, 2022 წლის მონაცემებით, ეს საშუალო მაჩვენებელი 737-ს შეადგენს. შესაბამისად, საკვლევ პერიოდში ყოველწლიურად იზრდება ერთი მოსამართლის დატვირთულობა. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა 340-ია. "
"სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ამჟამად სისტემაში დაახლოებით 100 ვაკანსიაა, მაგრამ სასამართლო ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს კადრების შესავსებად და პრობლემის გადასაჭრელად.
- „დღეისთვის ეს პრობლემა წარმოშობილია, სულ მცირე, მოსამართლეთა მცირე რაოდენობით. ამჟამად სისტემაში დაახლოებით 100 ვაკანსიაა და სასამართლო, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ვაკანსიები შეივსოს.
- მეორე საკითხი არის დროის მენეჯმენტი, ამ კუთხითაც არაფერი კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შექმნილია მენეჯმენტის დეპარტამენტი, ამ დეპარტამენტში მომუშავე ჯგუფი კანონით დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ არ ასრულებს. ჩვენ არ გვახსენდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომები, სადაც განხილული იქნებოდა გაჭიანურების თემატიკა,როგორც პრობლემა. ამასთან დაკავშირებით კიდევ უნდა ითქვას ის, რომ ნაკადის მართვასთან დაკავშირებით თავმჯდომარეები სასამართლოებში თავის პასუხისმგებლობას არ ასრულებენ. ისინი ვალდებულნი არიან, რომ ნაკადის მართვის შესახებ არსებულ გამოწვევებსა და მდგომარეობებზე იუსტიციის საბჭოს ანგარიშები წარუდგინონ, თუმცა როგორც შევამოწმეთ, ამ კუთხით, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება.
ცალსახად შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში არაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქმეთა გაჭიანურების საკითხი დაიძლიოს, მოგვარდეს და მოქალაქეებმა მართლმსაჯულება დროულად მიიღონ. განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.
- ასევე მთავარი ნიუანსია მოსამართლეების მოწყვლადობა. საბოლოო ჯამში, აბსოლუტურად ყველა მოსამართლე საქართველოში, რომელიც იხილავს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს, არის მოწყვლადი, იმიტომ, რომ მათ აქვთ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დარღვევები, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ წინააღმდეგ ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება და ეს შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებითაც კი დასრულდეს, მათ შორის მოსამართლის გათავისუფლებითაც კი, თუ ამას მოისურვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
ამდენად, ეს ქმნის ძალიან დიდ ბარიერებს მოქალაქეებისთვის, ასევე მოსამართლეებისთვის დიდ რისკებს, რომ შესაძლოა მათ მოუწიოთ ძალიან სერიოზული სანქცირება დისციპლინური წესით, რადგანაც არის საპროცესო ვადების დარღვევა და ეს გამოწვეულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და ხელისუფლების უმოქმედობით”, - აჯამებს ჯანეზაშვილი.
კვლევაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა გაჭიანურება მეტწილად მოსამზადებელ ეტაპზე ხდება.
"თითოეულ მოსამართლეებს აქვთ 400-500, ზოგ შემთხვევაში 600 და 1000 საქმე აქვს მაგიდაზე და ამ საქმეების გამკლავებას უკვე მოსამართლეები ვეღარ ახერხებენ, თუნდაც, ძალიან ბევრი რომ იმუშაონ, მაინც", - ამბობს იურისტი კახა წიქარიშვილი.
კვლევა ამბობს, რომ საქმის ეფექტიანი მართვის საკითხებზე მოსამართლეთათვის სიახლეების, საერთაშორისო სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკის გაცნობის მიზნით არ ტარდება სამუშაო შეხვედრები და არ იმართება დისკუსიები.