ამერიკელმა სამხედროებმა წითელ ზღვაში იემენიდან გასროლილი რაკეტა ჩამოაგდეს
15/01/2024 06:05:50 მსოფლიო
აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავმა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებლის მიმართულებით იემენის ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუშვეს, - იუწყება CNN აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით.
რაკეტა, რომელიც ამერიკულმა მოიერიშე თვითმფრინავმა ჩამოაგდო, წითელ ზღვაში მოძრავი USS Laboon-ის მიმართულებით გაისროლეს. დაშავებულების ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
12 იანვარს შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, ჰუსიტების სამიზნეებს დაარტყეს, რაც იყო პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ახორციელებს.
ცნობისთვის: იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს" შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ. პირველი თავდასხმა 19 ნოემბერს მოხდა იაპონურ გემ Galaxy Leader-ზე. მას შემდეგ მეამბოხეებმა რაკეტებით და დრონებით კიდევ 25 შეტევა განახორციელეს სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებზე. არაერთი თავდასხმა მოიგერიეს აშშ-ის და მისი პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო გემებმა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.
წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 12% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია. თავდასხმების გახშირების გამო, მსოფლიოს მსხვილი კომპანიები სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს წითელი ზღვით ტვირთების გადატანას. ალტერნატიული მარშრუტი აფრიკის სამხრეთის გავლით, ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ზრდის.


