ისრაელი ბრალდებას გენოციდის თაობაზე "აბსურდს" უწოდებს
12/01/2024 13:36:05 მსოფლიო
ისრაელმა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოზე (ICJ) მისთვის სამხრეთ აფრიკის მიერ წაყენებულ ბრალდებას, რომლის თანახმად, "ისრაელი ღაზაში წარმოებული ომით პალესტინელთა წინააღმდეგ გენოციდს ახორციელებს", "აბსურდს" უწოდებს.
ისრაელის ადვოკატებმა 12 იანვარს განაცხადეს, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს სამოქალაქო მსხვერპლის შესამცირებლად აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასის" წინააღმდეგ წარმოებულ ომში და რომ მოსახლეობაში მზარდი მსხვერპლი "ჰამასის" და მისი ომის ტაქტიკის ბრალია.
სამხრეთ აფრიკის სარჩელი ითვალისწინებს სასამართლოს მხრიდან წინასწარი ბრძანების გაცემას საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე.
სამხრეთი აფრიკა, რომელიც ისრაელს ბრალს სდებს კონფლიქტში გენოციდის "სისტემატური" აქტების ჩადენაში, სასამართლოს ამ ბრძანების გაცემას სთხოვს, ღაზაში სამოქალაქო პირების შემდგომი ზიანისგან დასაცავად. "ჰამასის" მიერ მართული ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ომს ემსხვერპლა 23 000-ზე მეტი ადამიანი და მათ შორის უმეტესობა ქალები და ბავშვებია.
გავრცელებული ვარაუდით, ჰოლანდიაში განთავსებული სასამართლო მიმდინარე თვეში მიიღებს გადაწყვეტილებას ომის შეჩერების შესახებ ბრძანების გაცემაზე. თუმცა იურისტების თქმით, გენოციდის შესახებ განაჩენის გამოტანას შესაძლოა, წლები დასჭირდეს.
ICJ-ის გადაწყვეტილებები არ ექვემდებარება გასაჩივრებას, თუმცა თავად სასამართლოს არ აქვს ბერკეტები თავისი განაჩენების სისრულეში მოყვანის უზრუნველსაყოფად.
მანამდე ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ სასამართლოს მიერ ომის შეწყვეტაზე რუსეთისთვის გაცემულ ბრძანებას შედეგი არ გამოუღია.


