სუნაკი კიევში ჩავიდა: უკრაინისადმი მხარდაჭერა არ შესუსტდება
12/01/2024 12:52:02 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ რიში სუნაკი სოციალურ ქსელში წერს.
სუნაკის თქმით, მისი ვიზიტი არის გზავნილი, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა არ შეიძლება შესუსტდეს და არ შესუსტდება.
„მივმართავ ყველა უკრაინელს, ბრიტანეთი თქვენთანაა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – წერს იგი.
2024-2025 წლებში უკრაინა ბრიტანეთისგან დამატებით 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ( 3.1 მილიარდი დოლარი) ოდენობის სამხედრო დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინაში ვიზიტით მყოფი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი რიში სუნაკი დღეს გააკეთებს.
ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით, საჰაერო თავდაცვით, საარტილერიო საბრძოლო მასალითა და საზღვაო უსაფრთხოებით უზრუნველყოფს.
"2,5 მილიარდიდან მინიმუმ, 200 მილიონი დაიხარჯება უკრაინისთვის ათასობით დრონის შესაძენად. ეს იქნება უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების ყველაზე დიდი მიწოდება, რომელიც აქამდე ვინმეს განუხორციელებია", – აცხადებენ ბრიტანეთის მთავრობაში.


