გაერო-ს უშიშროების საბჭო წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების შეწყვეტას მოითხოვს
11/01/2024 07:06:25 მსოფლიო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც იემენელ ჰუსიტებს მოუწოდებს, "შეწყვიტონ თავხედური თავდასხმები წითელ ზღვაზე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა".
იაპონიის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი დაუჭირა უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნიდან 11-მა. თავი შეიკავეს რუსეთმა, ჩინეთმა, ალჟირმა და მოზამბიკმა.
უშიშროების საბჭო მეამბოხეებისგან მოითხოვს 2023 წლის ნოემბერში დატყვევებული იაპონური გემის, Galaxy Leader-ის და მისი ეკიპაჟის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც.
იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს" შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ.
პირველი თავდასხმა 19 ნოემბერს მოხდა იაპონურ გემ Galaxy Leader-ზე. მას შემდეგ მეამბოხეებმა რაკეტებით და დრონებით კიდევ 25 შეტევა განახორციელეს სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებზე. არაერთი თავდასხმა მოიგერიეს აშშ-ის და მისი პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო გემებმა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.


