სტოლტენბერგი: ზედიზედ, მეორე წელია, პუტინი ცდილობს, გატეხოს უკრაინა მასობრივი დარტყმებით, მაგრამ არ გამოუვა
11/01/2024 06:12:44 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ "ზედიზედ, მეორე წელია, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს, გატეხოს უკრაინა მასობრივი დარტყმებით, მაგრამ არ გამოუვა". ამის შესახებ მან NATO-უკრაინის საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, NATO-ს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას.
"NATO მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეული და ირანული იარაღით. ზედიზედ, მეორე წელია, პუტინი ცდილობს, გატეხოს უკრაინა მასობრივი დარტყმებით, მაგრამ არ გამოუვა. რუსეთის სისასტიკის კამპანია მხოლოდ აძლიერებს უკრაინის სიმტკიცეს. როდესაც მოსკოვი აძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, NATO-ს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას. ჩვენ გავაგრძელებთ მამაცი უკრაინელების გვერდით დგომას, რომლებიც რუსეთის აგრესიულ ომს უპირისპირდებიან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ამავე თემაზე: NATO-ს მოკავშირეები უკრაინას მიმდინარე წელს მილიარდობით ევროს დახმარებას ჰპირდებიან.


