Accentnews.ge
გერმანიაში მდებარე გაზსადენზე განხორციელებულ დივერსიას იძიებენ

გერმანიაში მდებარე გაზსადენზე განხორციელებულ დივერსიას იძიებენ

10/01/2024 17:20:07 მსოფლიო

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ჩრდილოეთში გამავალი გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ჟურნალ Der Spiegel-ის ინფორმაციით, ზიანით გამოწვეული ზარალი მილიონ-ნახევარ ევროს შეადგენს. მისი ცნობით, ვინ ჩაიდინა დივერსია, ამ ეტაპზე უცნობია.

მშენებარე გაზსადენი ETL 180 ქალაქ ბრიუნსბიუტელში შიდა ენერგეტიკულ ქსელთან აკავშირებს მცურავ ტერმინალს, რომელიც გათხევადებული ბუნებრივი აირის ტანკერების მიღებისთვის არის განკუთვნილი. საწარმო Gasunie Deutschland GmbH & Co. KG-მ იანვრის დამდეგს განაცხადა დაზიანების შესახებ, მაგრამ მომხდარის მასშტაბები არ იყო ცნობილი.

Der Spiegel იტყობინება, რომ უცნობმა პირებმა გაზსადენში, მინიმუმ რვა ათმილიმეტრიანი ხვრელი გაბურღეს. დაზიანება სხვადასხვა ადგილას მდებარეობს ერთ კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთზე.

"დაზიანებისთვის გამოყენებულ იქნა პროფესიონალური მოწყობილობა, მათ შორის სპეციალური მცირეკალიბრიანი ბურღები", – იტყობინებიან შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარის სისხლის სამართლის პოლიციის გამომძიებლები. მათი ცნობით, ფოლადის მილს თავდაპირველად არ ეტყობოდა ხვრელები, ვინაიდან გაბურღვის შემდეგ ისინი კვლავ დაფარეს გარსით.

როგორც გერმანული მედია იუწყება, სარემონტო სამუშაოებს ართულებს ბუნებრივი პირობები. პარალელურად, გაგრძელდება მილსადენის უკანასკნელი, 300-მეტრიანი მონაკვეთის გაყვანა. მისი ექსპლუატაციის დაწყება 2023 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი. მაგრამ ამ ფედერალურ მხარეში ძლიერი წყალდიდობების გამო მშენებლობა დაგვიანებით დასრულდება.

ბრუნსბიუტელის გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალი რიგით მესამეა გერმანიაში. გაზის პირველ ტანკერს უკვე იანვარში მოელიან. ამ გზით ტრანსპორტირებულმა გაზმა უნდა შეცვალოს მილსადენის გაზი, რომელსაც ქვეყანა 2022 წლამდე იღებდა რუსეთიდან.

პროკურატურა მომხდარის ყველა ვერსიას განიხილავს. ცნობილია, რომ უკანასკნელ წლებში გაზსადენის მშენებლობა რამდენჯერმე დაბრკოლდა ეკოაქტივისტების მიერ მოწყობილი ბლოკადების გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S