იტალიის თავდაცვის მინისტრი: წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტების თავდასხმები ახალი ომის დაწყების გარეშე უნდა შეწყდეს
10/01/2024 12:06:48 მსოფლიო
წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტების თავდასხმები ახალი ომის დაწყების გარეშე უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა.
„ეს უზარმაზარი პრობლემაა, რომელიც სხვა ომების შედეგს წარმოადგენს. მე არ მსურს, რომ მესამე ფრონტი გაიხსნას“, - განაცხადა გვიდო კროსეტომ.
მისი თქმით, წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმების შემდეგ აშშ-ის მიერ შექმნილ მრავალეროვნულ საზღვაო მისიას იტალია იმ შემთხვევაში შეუერთდება თუ ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი დაუჭერს მხარს.
7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ჰუსიტებმა სავაჭრო გემებზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით იემენიდან თავდასხმები დაიწყეს. რამდენიმე დღის წინ მათ განაცხადეს, რომ თავდასხმას განახოციელებენ ყველა გემზე, რომელიც ისრაელში მიემგზავრება, მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ის.


